Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის პრესა აჭარის პრობლემაზე


გიორგი კაკაბაძე, თბილისი რუსეთის პრესა ჯერ კიდევ წინა კვირაში ვარაუდობდა საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებასა და აჭარის ავტონომიის ხელმძღვანელობას შორის სიტუაციის მკვეთრ გამწვავებას. ამასთან დაკავშირებით,

აჭარის მეთაურის საინტერესო პორტრეტი გამოკვეთა 10 მარტის გაზეთმა "როსიისკიე ვესტიმ", რომლის თქმით, "აჭარის პრეზიდენტის აშკარა ჩავარდნა თბილისთან მის დაპირისპირებაში მოწმობს "ძლიერი მეურნისა" და "სტაბილური პოლიტიკური ლიდერის" შესახებ იმ მითის გაქარწყლებას, რომლითაც ასლან აბაშიძე უკვე დიდი ხანია სარგებლობდა."
გესაუბრებით ამ წერილისა და ორიოდე ბოლოდროინდელი პუბლიკაციის შესახებ.

"როსიისკიე ვესტის" თქმით, "ასლან აბაშიძე, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში აჭარის უალტერნატივო ხელმძღვანელი იყო, სწორედ ამ პლეადას, პრეზიდენტების ზვიად გამსახურდიასა და ედუარდ შევარდნაძის დროინდელ პოლიტიკურ მოღვაწეებს განეკუთვნება."

გაზეთი წერს: "დემოკრატიის უგულებელყოფა, დაუფარავი ავტორიტარიზმი, აჭარის ანკლავის მეტად თავისებური ეკონომიკური მოღვაწეობა; ყველაფერ ამას მას არა მხოლოდ აჭარაში, არამედ საზღვარგარეთის ზოგიერთ ქვეყანაში მხოლოდ ერთი მიზეზით აპატიებდნენ: თუნდაც ამგვარი სტაბილურობის ილუზია უკეთესია, ვიდრე ომი და ქაოსი საქართველოს სხვა ნაწილებში.
მაგრამ ამჟამად სიტუაცია შეიცვალა. აბაშიძისთვის ნათელი გახდა: როდესაც დემოკრატიულად არჩეული ახალი პრეზიდენტი ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანას ცდილობს, არავინ დაუჭერს მხარს ავტორიტარული ტიპის ნახევრად ფეოდალურ მმართველობას. მეტიც, იმ პირობებში, როცა აფხაზეთის საკითხი მოუგვარებელია, აჭარის ხელმძღვანელობის ნებისმიერი [ასე ვთქვათ] "დამოუკიდებელი" პოლიტიკა ოფიციალური თბილისისა და ქვეყნის მოქალაქეების მიერ აღიქმება, როგორც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის რღვევაზე აღებული კურსი."

16 მარტის გაზეთი "იზვესტია" აქვეყნებს ინტერვიუს საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერთან, ვახტანგ რჩეულიშვილთან. შენიშვნაზე- იქმნება შთაბეჭდილება, რომ მიხეილ სააკაშვილი ასლან აბაშიძეს აღიქვამს როგორც პირად მტერს და არა როგორც პოლიტიკურ მოწინააღმდეგეს, - ვახტანგ რჩეულიშვილმა უპასუხა:

"მათ შორის შეუთავსებლობაა. ისინი სრულიად განსხვავებული ადამიანები არიან. სააკაშვილი ყოველთვის იყო აბაშიძის მოწინააღმდეგე. მაგრამ რაოდენ შეურაცხყოფილი ან ნაწყენიც უნდა იყოს პრეზიდენტი, მან გვერდზე უნდა გადადოს თავისი ამბიციები. ამასთანავე, ამჟამად ორ დაჯგუფებას შორის - სააკაშვილისა და ჟვანიას დაჯგუფებებს შორის მიმდინარეობს ბრძოლა იმისათვის, თუ ვინ ჩაუდგება სათავეში აჭარას აბაშიძის შემდეგ. საუბარია ძალაუფლებაზეც და პორტსა და საბაჟოზე კონტროლის დაწესებაზეც. მაგრამ სააკაშვილის თანამებრძოლების რადიკალიზმმა შეიძლება ცუდი სამსახური გაუწიოს მას."

11 მარტის "ვოენო-პრომიშლენი კურიერის" აზრით, "...აშშ-ის დახმარებით ამჟამად მიმდინარეობს სამხედრო და პოლიტიკურ-ეკონომიკური წანამძღვრების ფორმირება ომის დაწყებისთვის საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებასა და მის დაუმორჩილებელ ავტონომიებს შორის."
მაგრამ როგორც გაზეთი მიიჩნევს:

"...აჭარისა და აფხაზეთის მთიანი რელიეფი, განშტოებული გზების ქსელის უქონლობა არ იძლევა საშუალებას ტანკებისა და არტილერიის ფართო გამოყენებისთვის. შეიძლება საზღვაო დესანტის გამოყენება, მაგრამ ეს არაეფექტური საშუალებაა."
"ამიტომ დიდია ალბათობა იმისა, რომ თბილისის ძალისმიერი აქციები, თუკი ისინი განხორციელდება, ცენტრალური ჯარების დამარცხებით დასრულდეს და, აქედან გამომდინარე, მთელი საქართველოს დე-ფაქტო დაშლა გამოიწვიოს."
XS
SM
MD
LG