Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უცხოეთის პრესის მიმოხილვა


უცხოეთის პრესა საქართველოს შესახებ გამოქვეყნებულ სტატიებში, ბუნებრივია, აჭარის ამბებზე ამახვილებს ყურადღებას. მათ შორის არის სტატია სათაურით "ვარდის სახელით",

რომელიც ჟურნალ "ტაიმის" ევროპულ გამოცემაში იბეჭდება. სტატიაში ვკითხულობთ:

"აბაშიძის ბედის ჩარხმა 2 მაისს დაიწყო უკან ტრიალი, როცა საქართველოს არმიამ სწავლებები გამართა აჭარის საზღვრის სიახლოვეს. "აბაშიძე დაშინდაო", ამბობს აბაშიძესთან დაახლოებული რუსული წყარო, რომელიც მას გადაგომამდე, ბოლო დღეებში ელაპარაკა. "აბაშიძეს ეგონა, რომ ჯარი აჭარაში შეიჭრებოდა. რუსეთში პირველ მაისს ზეიმობდნენ და აბაშიძემ იფიქრა -ჯარის შემოჭრას უცხოეთში ვერც კი შეამჩნევენო." აბაშიძემ (...) აჭარისა და საქართველოს დამაკავშირებელი სამი ხიდი ააფეთქა. როგორც კი ხიდები მოიშალა, ბათუმში ფასები ზემოთ ავარდა და აჭარლები აღმოჩნდნენ საფრთხის წინაშე, რომ თავს ვეღარ ირჩენდნენ. მთავრობის წევრებმა ერთი-მეორის მიყოლებით გადადგომა დაიწყეს, პოლიცია და არმიაც სააკაშვილის მხარეზე გადავიდა და აბაშიძემ ის ცოტაოდენი მხარდაჭერაც დაკარგა, რაც მანამდე ჰქონდა".

ამავე სტატიაში, რომელსაც, შეგახსენებთ, "ტაიმი" ბეჭდავს, გამოთქმულია ვარაუდი, რომ აბაშიძის გადადგომის შემდეგ საქართველოს გამთლიანების პროცესის გაგრძელება (ანუ აფხაზეთისა და სამხრეთი ოსეთის შეერთება) უფრო რთული ამოცანაა: "ამ რეგიონებში ბევრს რუსული მოქალაქეობა აქვსო", განმარტავენ სტატიის ავტორები და დაასკვნიან, რომ "სააკაშვილის ვარდების რევოლუციას ჯერ კიდევ შემორჩა ეკლები".

უმეტესწილად აჭარაზეა ლაპარაკი სტატიაშიც, რომელიც გაზეთ "ფაინენშალ ტაიმსის" 11 მაისის ნომერში დაიბეჭდა. ოღონდ ამ სტატიაში ყველაზე ხშირად არც სააკაშვილს ახსენებენ, და, თქვენ წარმოიდგინეთ, არც აბაშიძეს...

"კვირას ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლის შემდეგ გიორგი ბარამიძეს მთელი დარბაზი ფეხზე ამდგარი ტაშს უკრავდა. როცა შენობიდან გავიდა, მას თინეიჯერი გოგონები მიცვივდნენ - ბარამიძის ავტოგრამები და მასთან ერთად სურათის გადაღება უნდოდათ. ახალგაზრდა დედა, რომლიც შვილს ეტლით მიასეირნებდა, გაჩერდა და ბარამიძეს ჰკითხა: "შეიძლება გაკოცოთო?" "ეს მეც ძალიან მიკვირს", ამბობს ბარამიძე თავის, ლამის პოპ-ვარსკვლავის მსგავს პოპულარობაზე (...) ევროპის ყველაზე ახალგაზრდულ მთავრობაში ბარამიძეა კაცი, რომელიც რბილი ტონით ლაპარაკობს და თან ხელში დიდი ჯოხი უჭირავს. და, ალბათ, სწორედ ამის გამო უყვართ ის აჭარლებს", დაასკვნის ჟურნალისტი ტომ უარნერი სტატიაში სათაურით "შინაგან საქმეთა მინისტრი პოპვარსკვლავის სტატუსით".

და კიდევ ერთი სტატია, ამჯერად 11 მაისის "მოსკოუ ტაიმსში" დაბეჭდილი, რომელშიც ლაპარაკია აჭარის ბოლოდროინდელი ამბობის კიდევ ერთ მნიშვნელოვან მონაწილეზე.

"გადამწყვეტი მომენტი მაშინ დადგა, როცა იგორ ივანოვი, რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი ჩაფრინდა ბათუმში აბაშიძესთან საშუამავლოდ. მანამდე ივანოვს (მაშინ ჯერ კიდევ საგარეო საქმეთა მინისტრს) საქართველოში ასეთივე მისიით ჩასვლისას, შევარდნაძე ჰყავდა გადადგომაზე დაყოლიებული. აბაშიძე მაშინვე უნდა მიმხვდარიყო, რას უმზადებდა ბედისწერა (...) არ ვიცი, ივანოვი ამას როგორ ახერხებს, მაგრამ გირჩევთ: თუ ის ერთ მშვენიერ დღეს კარზე მოგადგათ, შინ ნუ შეუშვებთ", გვირჩევს "მოსკოუ ტაიმსში" გამოქვეყნებული სტატიის ავტორი ქლოი არნოლდი.

სტატია ასეა დასათაურებული: "საქართველოში ივანოვი პოლიტიკური სიკვდილის ანგელოზია".
XS
SM
MD
LG