Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირღვევა თუ არა ადამიანის უფლებები საქართველოს სამართალდამცავ სისტემაში


ეგრეთ წოდებული "ვარდების რევოლუციის" შემდეგ ხელისუფლებაში იმ პოლიტიკოსთა ჯგუფი მოვიდა, რომლებიც აქტიურად იბრძოდნენ სამართალდამცავი სისტემის მიერ ადამიანის უფლებათა დარღვევის წინააღმდეგ.

ამავე პოლიტიკური გუნდის მონდომებით იქნა მიღებული უამრავი საკანონმდებლო ცვლილება, რომელმაც უბრალო მოქალაქეს სამართალდამცავი სისტემის უკანონო ზეწოლისგან თავდაცვის საშუალება მისცა. საინტერესოა, კიდევ ირღვევა თუ არა ადამიანის უფლებები საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ.

[სარეკლამო კლიპის ხმა] "დაწერე, ბიჭო, დაწერე..."

ეს და სხვა მსგავსი შინაარსის სატელევიზიო რეკლამა უკვე კარგახანია საქართველოს სხვადასხვა სატელევიზიო არხით გადის ეთერში. პატიმართა გაზეთ "ახალი თეთრი ბაირაღების" რედაქტორის თამაზ ხაბეიშვილის თქმით, სამართალდამცავ ორგანოებში ადამიანის წამების ფაქტებმა კლება იწყო.

[თამაზ ხაბეიშვილის ხმა] "წინა ხელისუფლებასთან შედარებით, საკმაოდ იკლო წამების ფაქტებმა, მაგრამ მაინც გვხვდება, მაინც არის და საკმაოდ სასტიკიც - ძვლების დამტვრევა, დასისხლიანება..."

როგორც ჩანს, სამართალდამცველებმა მუშაობის სტილი შეცვალეს, რადგან ეგრეთ წოდებული კანონიერი ქურდებისა თუ ბიზნესმენების დაპატიმრება დანაშაულის აღიარების მეთოდით კი არ ხდება, არამედ დაკავება სულ სხვა დანაშაულზე წასწრებით ხორციელდება.
ბოლო დროს კრიმინალური სამყაროს ავტორიტეტთა თუ ბიზნესმენთა დიდი უმრავლესობა 3 თვიან პატიმრობაში უკანონო იარაღის შენახვის გამო აღმოჩნდა.

[ელენე თევდორაძის ხმა] "ამას მივესალმები, რომ ჩვენ საზოგადოება უნდა გავათავისუფლოთ ამ კანონიერი ქურდებისგან, მაგრამ ჩემში ეჭვს ბადებს, რომ რატომღაც აბსოლუტურად ყველას აღმოუჩინეს იარაღი, ლიმონკა ან ნარკოტიკული საშუალებები." (სტილი დაცულია)

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ელენე თევდორაძე უახლოეს მომავალში წინასწარ პატიმრობაში მყოფ პირებს შეხვდება და თავისი ეჭვების დადასტურებას შეეცდება. იგი საკომიტეტო მოსმენაზე შინაგან საქმეთა მინისტრისა და გენერალური პროკურორის მიწვევას აპირებს.

[ელენე თევდორაძის ხმა] "არა მხოლოდ მოვისმენთ, რაღაც გადაწყვეტილებასაც მივიღებთ. ასე არ შეიძლება."

ის, რაზეც ბარამიძისა და ოქრუაშვილის თანაგუნდელი ელენე თევდორაძე ჯერჯერობით ეჭვებს გამოთქვამს, ფაქტობრივად, დადასტურებული აქვს ადამიანის უფლებადამცველ ნანა კაკაბაძეს.
მისმა ორგანიზაციამ "ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის" არაერთხელ მიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციას სამართალდამცველების მხრიდან ადამიანის უფლებების დარღვევათა გამოსაძიებლად:

[ნანა კაკაბაძის ხმა] "შედეგი არ გამოიღო - არც ერთი პოლიციელი ამისათვის არ იქნა დასჯილი. ნუ, ეს მე არ მეკუთვნის, ის ასე უნდა დამტკიცდეს და... ისეთი მიზეზების მოტანა ხდება, რომ... კარგია, პირმა ამოიცნოს, ვინ აწამა ნიღბის შიგნიდან და ასე შემდეგ, მაგრამ ეს ხომ ასე არ ხდება. უპირველეს ყოვლისა, ამ პრობლემას გამოასწორებს ხელისუფლების კეთილი ნება."(სტილი დაცულია)

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი, გარდა დაკავებულის წამებისა, სასჯელს ყალბი ბრალდებებით ადამიანის დაკავებისთვისაც ითვალისწინებს.
XS
SM
MD
LG