Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არიან თუ არა პოლიტიკური პატიმრები საქართველოში?


არიან თუ არა პოლიტიკური პატიმრები საქართველოში? როგორც ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციები ამტკიცებენ, არიან და მათი რიცხვი ლამის 20-30 კაცს აღწევს.

ამავე ორგანიზაციების ინიციატივით, პოლიტიკური მოტივებით ადამიანთა დაკავების ფაქტების თაობაზე ინფორმირებულნი არიან შესაბამისი საერთაშორისო ორგანიზაციები. ამ რიგის ერთ-ერთი ინფორმაცია 2 ივლისს არასამთავრობო ორგანიზაციამ “ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისათვის” საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსებში გაავრცელა. ინფორმაციის თანახმად, დღეისათვის უდავო პოლიტპატიმრებად ითვლებიან კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარე სულხან მოლაშვილი, ბათუმელი სტუდენტი ლაშა ჩახვაძე და აჭარის უშიშროების მინისტრის ყოფილი მოადგილე გოგი კუპრეიშვილი. ყოფილი პოლიტპატიმრები ადასტურებენ, რომ ამ პირების მიმართ გამოძიება სწორედ პოლიტიკურ დაინტერესებას ავლენს და არა სამართლებრივს.

მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული არასამთავრობო ორგანიზაცია “საერთაშორისო ამნისტია”პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს ყველა იმ პირს, რომელსაც ხელისუფლება პოლიტიკური ნიშნით აპატიმრებს, განურჩევლად იმისა, ჩადენილი აქვს თუ არა მას რაიმე სახის დანაშაული. ამ კვალიფიკაციით, ადამიანის უფლებათა საინფორმაციო და სადოკუმენტაციო ცენტრის დირექტორის უჩა ნანეიშვილის შეფასებით, პოლიტპატიმრებად შეიძლება ჩაითვალონ როგორც შევარდნაძის ხელისუფლების თუნდაც კორუფციისა თუ გაფლანგვის მოტივით დაკავებული მომხრეები, ისე აბაშიძის რეჟიმის წარმომადგენლები და მხარდამჭერები აჭარაში. მოლაშვილი-ჩახვაძე-კუპრეიშვილის სამეულიდან უკანასკნელი ორი, მოგეხსენებათ, სწორედ აჭარის მკვიდრია.

[ქეთევან ბექაურის ხმა]” ლაშა ჩახვაძე არის ამ ხელისუფლების ლაქა. ვინაიდან ხელისუფლებას, რომელსაც სახელმწიფოში ჰყავს 19 წლის პოლიტპატიმარი, და ეს უკვე დავას აღარ იწვევს...”

ადვოკატ ქეთევან ბექაურის თქმით, ხელისუფლებას იმისათვის დასჭირდა ლაშა ჩახვაძისათვის წაეყენებინა გამოგონილი ბრალდება, იარაღის ტარება, რომ იგი, როგორც ასლან აბაშიძის მომხრე, სამაგალითოდ დაისაჯოს. ჩახვაძე, არაოფიციალურად, ბათუმში “კმარას” მიტინგების დარბევაშია ეჭვმიტანილი. ოფიციალურად კი ახლა უკვე პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევაში ადანაშაულებენ, რადგან ექსპერტიზამ მის მიერ იარაღის ტარება არ დაადასტურა. სულხან მოლაშვილს, მოგეხსენებათ, თანამდებობის ბოროტად გამოყენებასა და თანამშრომლებისთვის, პრემიების სახით, 37 201 ლარის დარიგებაში ადანაშაულებენ; წინასწარ პატიმრობაში სამსახურებრივი მდგომარეობის გადამეტების მოტივით იმყოფება გოგი კუპრეიშვილიც.

[უჩა ნანეიშვილის ხმა]”ჯერჯერობით “ამნისტი ინტერნეიშენალს” არანაირი ის არ მიუღია, გადაწყვეტილება, ამ პირებთან დაკავშირებით. თუმცა ეს ინფორმაციები არის მათთან. როგორც წესი, ამას დრო სჭირდება, ანუ, დაახლოებით, მინიმუმ, ერთი თვე, ორი თვე, რომ მოხდეს შესწავლა და მოხდეს კლასიფიკაცია ამის. ჯერჯერობით დარწმუნებული ვარ, ნამდვილად ვიცი, რომ არ არის.” (სტილი დაცულია)

უჩა ნანეიშვილი “საერთაშორისო ამნისტიის” ინდივიდუალური წევრია საქართველოში. ამას გარდა, როგორც სულხან მოლაშვილის ადვოკატმა შალვა შავგულიძემ ჩვენთან საუბარში დაადასტურა, ადამიანის უფლებათა ერთ-ერთი საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები მას უახლოეს ხანში სწორედ სულხან მოლაშვილის უკანონო პატიმრობაში ყოფნის თემაზე სასაუბროდ შეხვდებიან. არ არის გამორიცხული, უცხოური ორგანიზაცია მოლაშვილისთვის სწორედ პოლიტპატიმრის სტატუსის კვალიფიკაციის საკითხით დაინტერესდეს. მანამდე კი ვრცელდება ინფორმაცია, რომ სულხან მოლაშვილი წინასწარი დაკავების საკანში ელექტროშოკითა და ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზემოქმედების სხვადასხვა მეთოდებით აწამეს.

დაბოლოს, ინფორმაცია განსჯისათვის: 90-იანი წლების ბოლოდან, ვიდრე 2004 წლამდე, პოლიტიკური ნიშნით მოქალაქეთა დაპატიმრების პრობლემა საქართველოში პრაქტიკულად აღარ არსებობდა.
XS
SM
MD
LG