Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში ადამიანის უფლებები ისევ უხეშად ირღვევა


ხელისუფლებას - მათ შორის, საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებასაც - მოსწონს, როდესაც საზოგადოება, კრიტიკის ნაცვლად, ტაშს უკრავს, ყოველ ნაბიჯზე ოვაციას

უმართავს და მისი მისამართით საქებარ სიტყვებს არ იშურებს. სახელმწიფო მოხელეები ვერც იმ ადამიანებისადმი რჩებიან გულგრილნი, რომლებიც კანონის უხეშ დარღვევას სახელმწიფო ინტერესებით ამართლებენ და, მომხდარზე სათანადო რეაგირების ნაცვლად, თვალის დახუჭვას ამჯობინებენ. შესაძლოა, სულ სხვა მოსაზრებების გამო, მაგრამ ფაქტია: ბოლო დრომდე რატომღაც ვერც საქართველოში მოქმედი მესამე სექტორი რეაგირებდა ადეკვატურად ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევაზე. თუმცა, როგორც ჩანს, არასამთავრობო ორგანიზაციები მეტის მოთმენას აღარ აპირებენ. რა გახდა ამის მიზეზი?

ძნელი სათქმელია, რამდენად ლოგიკურია, მაგრამ აშკარაა, რომ მესამე სექტორის მოთმინების ფიალა ყოფილი ხელისუფლების ერთგულმა დამცველმა, პოლიციის სპეცდანიშნულების რაზმის უფროსმა, თემურ მღებრიშვილმა აავსო. 1 ივლისს დედაქალაქის მერიის წინ მშვიდობიანი საპროტესტო აქციის სასტიკად დარბევამ საქართველოში მოქმედი ვერც ერთი უფლებათდამცავი ორგანიზაცია ვერ დატოვა გულგრილი.

[სოზარ სუბარის ხმა] “მღებრიშვილი და არამარტო მღებრიშვილი. იქ, ამ მიტინგის დარბევაზე, იმყოფებოდა გიორგაძეც. ეს ორი ადამიანი ციხეში უნდა იჯდეს, ყველა პარამეტრით, იმ დანაშაულების გამო, რომელიც მათ აქვთ ჩადენილი იმავე ყოფილი ხელისუფლების დროს.”

ეს იყო სოზარ სუბარი, თავისუფლების ინსტიტუტის წარმომადგენელი, რომელმაც პოლიციური ძალადობის საკითხი, სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად, პრეზიდენტ სააკაშვილთან შეხვედრის დროსაც დააყენა. სააკაშვილმა მესამე სექტორს პირობა მისცა, რომ მღებრიშვილისნაირ ოფიცრებს შინაგან საქმეთა სამინისტროდან დაითხოვდა. თუმცა პრობლემა მხოლოდ მღებრიშვილში რომ არ არის, თბილისის პოლიციის უფროსის ირაკლი კლდიაშვილის შემდეგი განცხადებიდანაც ჩანს:

[ირაკლი კლდიაშვილის ხმა] “მღებრიშვილი ასრულებს თავის მოვალეობას და ემორჩილება კანონის მოთხოვნას... ასე რომ, ჯობია სხვამ არ დააღვიოს კანონი და მღებრიშვილი ამის გულისთვის ნამდვილად არ დაისჯება.”

სავარაუდოდ, შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობა ასევე არ დასჯის იმ პოლიციელებს, რომლებიც სწორხაზოვნად მუშაობენ და ნებისმიერ ჩხრეკას იარაღის ან ნარკოტიკული ნივთიერების პოვნით ასრულებენ. პოლიციის ახალი ხელმძღვანელობა, როგორც ჩანს, კარგად იცნობს საზოგადოების განწყობას.

[მამაკაცის ხმა] “ვემხრობი! ვემხრობი! უფრო ჟოსტკი უნდა იყოს! შედარებით შევარდნაძის დროსთან, ნორმალურად არის.”(სტილი დაცულია)

[მამაკაცის ხმა] “რა ვიცი ახლა, ძალიან ძნელია მაგისი თქმა, კარგია თუ ცუდი, მაგრამ შედარებით იმასთან, ადრე რომ იყო, უკეთესია. მაგრამ ახლა რაც გააკეთა მღებრიშვილმა, ის ნამდვილად მიუღებელია.” (სტილი დაცულია)


თუმცა ის, რაც მღებრიშვილმა გააკეთა, შეიძლება სალაპარაკოდაც კი არ ღირდეს იმასთან შედარებით, რაც კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარის სულხან მოლაშვილის თავს ხდება. თავისუფლების ინსტიტუტის წევრმა თეა თუთბერიძემ მეშვიდე იზოლატორის ტუსაღი რამდენიმე დღის წინ მოინახულა:

[თეა თუთბერიძის ხმა] “მას აღენიშნებოდა ზურგზე სიგარეტის ნამწვავები და ასევე ფეხებზე, კოჭების არეში, ორივე ფეხზე სისხლჩაქცევები და დასიებული ჰქონდა ფეხები.” (სტილი დაცულია)

მოლაშვილი ამტკიცებს, რომ ციხეში გადაყვანამდე იგი ნიღბიანმა პოლიციელებმა დენით აწამეს. ამ ფაქტთან დაკავშირებით, როგორც იუსტიციის მინისტრის მოადგილე ზურაბ აბაშიძე აცხადებს, თბილისის პროკურატურაში საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის, ანუ სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენების, ნიშნებით აღიძრა:

[ზურაბ აბაშიძის ხმა] “ჩვენ როდესაც ჩავატარეთ მოკვლევა, ასევე დოკუმენტებში ჩანს, რომ როდესაც ის შემოვიდა და დათვალიერება მოხდა მისი სხეულის, არაფერი, ანუ წამების კვალი, არ აღენიშნებოდა, მაგრამ მთავარი აქ არის ის, რომ, ალბათ, სადღაც რაღაც არის გაპარული, ამიტომ ჩვენ კიდევ დეტალურად ვსწავლობთ ამ საკითხს. ” (სტილი დაცულია)

აწამეს თუ არა მოლაშვილი, ამას, ცხადია, ექსპერტიზა და გამოძიება დაადგენს, თუმცა ადვოკატი შალვა შავგულიძე უფლებათა დარღვევის სხვა, გაცილებით მასშტაბურ, შემთხვევაზე ამახვილებს ყურადღებას:

[შალვა შავგულიძის ხმა] “პრეზიდენტი პირდაპირ საჯაროდ აცხადებს, რომ მოლაშვილს არ გავათავისუფლებთ. არსად ის არ იქნება გაშვებული, სანამ არ დააბრუნებს ბოლო კაპიკამდე იმ თანხას, რაც თითქოს მის მიერ იქნა მოპარული.”

ცხადია, ამ და ყველა მსგავს შემთხვევაში ადგილი აქვს როგორც უდანაშაულობის პრეზუმფციის უხეშ დარღვევას, ასევე გამოძიებაზე აშკარა ზეწოლასაც. თანაც, ეს ის შემთხვევაა, როცა მღებრიშვილი ნამდვილად არაფერ შუაშია. ამ ფონზე საფიქრებელია, რომ, ადრე თუ გვიან, მესამე სექტორს აუცილებლად მოუწევს შემდეგ კითხვაზე პასუხის გაცემა: სად, ხელისუფლების რომელი დონიდან, იწყება ადამიანის უფლებათა უცერემონიო იგნორირება.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG