Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კრიმინალურ კონტრ-ტერორისტული ჯგუფი შეერთებული შტატების სამხედრო უწყებასთან თანამშრომლობდა


ერაყსა და ავღანეთში პატიმრების წამების გამო შეერთებულ შტატებში აგორებულ სკანდალს ამჯერად კიდევ ერთი ისტორია დაემატა

ქაბულის სასამართლოში განსასჯელის სკამზე ზის სამი ამერიკელი მოქალაქე, რომლებსაც ბრალი ედებათ ეჭვმიტანილი ავღანელი პარტიზანების გატაცებისა და წამების ფაქტებში. თუმცა, მათი ლიდერი, ვინც საკუთარ თავს ჯონათან იდემას უწოდებს, უარყოფს წამების ფაქტებს და თანაც ამტკიცებს, რომ მის საქმიანობას მხარს შეერთებული შატების მთავრობა უჭერდა. თავდაპირველად შეერთებული შტატები უარყოფდა ამ ინფორმაციას, მაგრამ როგორც ჩვენი რადიოს ვაშინგტონელი თანამშრომლის ანდრეი ტალისთვის გახდა ცნობილი, ავღანეთში შეერთებული შტატების სარდლობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა დაადასტურა ჯონათან იდემასთან კოალიციის კავშირი.

ოთხშაბათს ვაშინგტონში გამართულ პრეს-კონფერენციაზე შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენელი რიჩარდ ბაუჩერი უარყოფდა ოფიცილურ კონტაქტებს იდემას ჯგუფთან. ბაუჩერი იძულებული იყო ჟურნალისტების წინაშე რამდენჯერმე გაემეორებინა ერთი და იგივე ტექსტი.

[რიჩარდ ბაუჩერის ხმა] "მინდა განვმარტო, რომ შეერთებულ შტატებს არასოდეს დაუქირავებიათ და არ დაუფინასებიათ ეს ადამიანები. და ჩვენმა საელჩომაც ავღანეთში მკაფიოდ დაადასტურა იგივე. "

იდემას ჯგუფთან ყოველგვარ კავშირს ადრე ასევე ერთხმად უარყოფდნენ ავღანეთში განლაგებული შეერთებული შტატების სარდლობისა და ნატოს ძალების შტაბის წარმომადგენლები. მაგრამ ოთხშაბათს ავღანეთში კოალიციური ჯარების ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მაიორმა ჯონ შიფმანმა განაცხადა, რომ ამერიკელ სამხედროებს ერთი თვეა პატიმრობაში ჰყავთ ავღანელი მამაკაცი, რომელიც მათ იდემამ გადასცა. თუმცა შიფმანი უარყოფს, თითქოს იდემა შეერთებული შტატების სამხედრო უწყებაზე მუშაობდა.

თავად იდემამ კი სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ ოთხშაბთს ჟურნალისტებს ქაბულში განუცხადა, რომ მისი ჯგუფის მოქმედებას ავღანეთში სწორედ შეერთებული შტატების სამხედრო უწყება უწევდა მფარველობას.

[ჯონათან იდემას ხმა] " ზოგადად პენტაგონთან კავშირი დღის განმავლობაში ზოგჯერ ხუთჯერაც გვქონდა, უმაღლეს დონეზე კი – ყოველდღიურად."

ჯონათან იდემა, შეერთებული შტატების ყოფილი სამხედრო მოსამსახურე იყო. იგი ამბობს, რომ მისი ჯგუფი ფაქსისა და იმეილის მეშვეობით უკავშირდებოდა შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრის ოფისსა და მის მთავარ მრჩევლებს. მოწმეთა ჩვენები მიხედვით, იდემას ჯგუფი, რომელიც თავს შეერთებული შტატების სამხედრო წრეებთან აიგივებდა, - იტაცებდა და შეურაცხყოფდა მათ, რათა მეამბოხეების შესახებ ცნობები გამოეძალა.
აი, რა განაცხადა ერთ-ერთმა მომწმემ გულამ სახიმ სასამართლოს წინაშე.

[გულამ სახიმის ხმა] " სამმა ამერიკელმა მდუღარე წყალი გადაგვასხა, გვცემდნენ და გვთხოვდნენ, გვეჩვენებინა ის ადამიანები, რომლებიც ტერორიზმში იყვენენ ეჭვმიტანილნი. მათ რამდენჯერმე გვაწამეს. ამას ესწრებოდნენ ავღანელი თარჯიმნები, და სხვა რამდენიმე ავღანელიც, რომლებიც ახლა აქ არ იმყოფებიან. ისინი შეიარაღებულნი იყვნენ. და ასევე ღებულობდნენ მონაწილოებას ჩვენს წამებაში, ისინიც გვცემდნენ და მდუარე წყალს გვასხამდნენ."

თავად იდემას ოთხშაბათს გამართული სასამართლო მოსმენისათვის ჩვენება არ მიუცია, მაგრამ სხდომის შემდეგ ყოფილმა სამხედრომ რეპორტიორებს უთხრა, რომ ის და მისი კოლეგები აპატიმრებდნენ ადამიანებს, რომლებიც, მისი თქმით, ავღანელი მეამბოხეები იყვნენ და რომლებიც ნავთობსადენებსა და ბაგრამში განლაგებულ ამერიკელ სამხედროთა ბაზაზე ტეროროსტულ თავდასხმას გეგმავდნენ. იდემამ უარყო გულამ სახის მიერ სასამართლოსთვის მიცემული ჩვენება და განაცხადა, რომ ის და მისი კოლეგები ამას დაამტკიცებენ ვიდეომასალით, რომელზეც მათ მიერ ჩაატრებული დაკითხვის პროცესია აღბეჭდილი.

იდემა ასევე ამტკიცებს, რომ მისმა ანტიტერორისტულმა ჯგუფმა ორი თვის წინ შეიპყრო თალიბთა უსაფრთხოების სამსახურის ერთ-ერთი მაღალჩინოსანი და იგი შეერთებული შტატების ოფიციალურ წარმომადგენლებს გადასცა. თუმცა, უცნობია ეს ის პატიმარია თუ არა, რომლის იდემასგან გადაცემის ფაქტიც შეერთებული შტატების ოფიციალურმა წარმომადგენლებმა, ბოლოსდაბოლოს, აღიარეს.

იდემას სამკაციანი ჯგუფისა და მისი ოთხი ავღანელი თანამზრახველის საქმეს სამი მოსამართლე განიხილავს. ოთხშაბათის პროცესის შემდეგ, სასამართლოს თავმჯდომარემ ორი კვირით გადადო სხდომა. ასე რომ ბრალდებულებს მიეცათ შესაძლებლობა, საკუთარი უდანაშაულობის დამადასტურებელი მტკიცებულობები წარმოადგინონ.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG