Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელი-საფრანგეთი: დებატები ანტისემიტიზმზე


დღეს ისრაელზე ვისაუბრებთ, ოღონდ არა იმის გამო, რომ იქ საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი მოახლოვდა. გვინდა გიამბოთ ისრაელისა და საფრანგეთის ურთიერთობაზე და აი, რატომ:

რამდენიმე დღის წინ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა არიელ შარონმა გააკეთა განცხადება, რომელსაც სწორედ საფრანგეთში ბევრის აღშფოთებული გამოხმაურება მოჰყვა. რა განცხადებაზეა ლაპარაკი, ახლა მოისმენთ: [შარონის ხმა] “უნდა ვთქვა, რომ საფრანგეთის მთავრობა მიმართავს ზომებს ანტისემიტიზმის წინააღმდეგ. მაგრამ მთლიანობაში, ჩვენს თანამოძმეებს საფრანგეთში ერთ რამეს ვურჩევ: რაც შეიძლება მალე გადმოსახლდით ისრაელში. ამას ვეუბნები ებრაელებს მთელს მსოფლიოში, მაგრამ საფრანგეთიდან გადმოსახლება, ვფიქრობ, აუცილებელია და ეს დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს”, - განაცხადა შარონმ და, როგორც იუწყებიან, ისიც თქვა: ფრანგი ებრაელები “უსაშინლეს ანტისემიტიზმს” უნდა გამოექცნენო. იქვე შარონმა საფრანგეთში მცხოვრები მუსლიმანები - 5-მილიონიანი სათვისტომო -დაადანაშაულა ანტიებრაული ვნებების გაღვივებაში, თუმცა დასძინა - ანტისემიტიზმი საფრანგეთისათვის უცხო ხილი არასდროს ყოფილაო.

სწორედ ამ განცხადებებმა (ისინი, სხვათა შორის, დაემთხვა მეორე მსოფლიო ომის დროს საფრანგეთში ათიათასობით ებრაელის დაპატიმრების 62-ე წლისთავს) დიდი აღშფოთება გამოიწვია. საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უმალვე გააკეთა განცხადება: არიელ შარონის გამოსვლას “მიუღებელი” უწოდა და ისრაელის მთავრობისაგან “ახსნა-განმარტება” მოითხოვა. პოლიტიკური ისტაბლიშმენტის გამოხმაურებას კიდევ დავუბრუნდებით.

არიელ შარონის მისამართით კრიტიკა გაისმა ფრანგ ებრაელებშიც: საფრანგეთის ებრაელთა ორგანიზაციების წარმომადგენელთა საბჭოს საპატიო პრეზიდენტმა თეო კლაინმა შარონს მოუწოდა, არ ჩაერიოს ფრანგ ებრაელთა (600 000-კაციანი სათვისტომოს) საქმეებში. ეს, სხვათა შორის, ებრაელთა უდიდესი სათვისტომოა ევროპაში.
რასიზმისა და ანტისემიტიზმის მოწინააღმდეგეთა საერთაშორისო ლიგის თავმჯდომარემ, პატრიკ გობერმა საფრანგეთის ტელევიზიასთან ინტერვიუში შეშფოთება გამოთქვა, რომ ისეთმა განცხადებამ, რომლითაც არიელ შარონი გამოვიდა, შესაძლოა გაამწვავოს დაძაბულობა სხვადასხვა რელიგიის მიმდევართა შორის. [გობერის ხმა] “ასეთ კომენტარებს არ მოჰყვება სიმშვიდე, კეთილგანწყობა, რომელიც ჩვენ ყველას გვჭირდება. ამიტომ, ვფიქრობ, უკეთესი იქნებოდა არიელ შარონს არაფერი ეთქვა”.

რაც შეეხება ისევ პოლიტიკურ წრეებს: საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის ქვედა პალატის პრეზიდენტმა, ჟან-ლუი დუბრემ არიელ შარონის განცხადებას “დაუშვებელი, მიუღებელი და უპასუხისმგებლო” უწოდა. ოპოზიციური სოციალისტური პარტიის პრეს-მდივანმა ჟულიენ დრეიმ შარონი დაადანაშაულა, რომ საფრანგეთის მთელს მუსლიმანურ სათვისტომოს “განტევების ვაცად” აქცევს - თითქოს მას ეკისრებოდეს ბოლოდროინდელი ანტისემიტური ინციდენტების მთელი პასუხისმგებლობა.

აქ უნდა ითქვას, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკური მონაცემებით, ანტიებრაული გამოხდომების რიცხვმა იმატა - ოდნავ იმატა 2004 წლის პირველ ნახევარში - წინა წელთან შედარებით. თუმცა, ასევე იმატა თავდასხმებმა სხვა რელიგიური უმცირესობების, უმეტესწილად მუსლიმანი არაბების წინააღმდეგ.

არიელ შარონმა, ამასობაში, სცადა შეერბილებინა თავისი განცხადება და აღნიშნა, რომ ის “არასწორად გაიგეს”. მისი პრეს-მდივნის ავი პაზნერის განმარტებით კი, ისრაელის პრემიერ-მინისტრი გულისხმობდა, რომ ფრანგი ებრაელები ისევე ეკუთვნიან ისრაელს, როგორც ებრაელები ყველა სხვა ქვეყანაში. ასეა თუ ისე, ფაქტია, რომ შარონის სიტყვებს ფრანგებში მწვავე რეაქცია მოჰყვა. ჩვენ დავურეკეთ პარიზელ ჟურნალისტს, ანტისემიტიზმის საკითხების ექსპერტ მარკ გოზლანს იმის გასარკვევად, დღემდე შეიმჩნევა ეს ვნებათაღელვა, თუ ერთი კვირის თავზე, თანდათან კლებულობს...
[გოზლანის ხმა] “მართალია, თანდათან იკლებს. ვფიქრობ, პარიზმა სცადა, განემუხტა ისრაელთან დაძაბულობა, რომელიც მოჰყვა შარონის მოწოდებას ებრაელებისადმი - “დაუყოვნებლივ წამოდით საფრანგეთიდან ანტისემიტიზმის გამოო”. მაგრამ ისიც უნდა ითქვას, რომ ბევრის შეფასებით, შარონის გამოსვლაზე საფრანგეთის რეაქცია მეტისმეტად მკვეთრი იყო.”

[მარიამ ჭიაურელის ხმა]: “მაგრამ ჩვენი ინფორმაციით, შარონმა თქვა, საფარნგეთში ანისემიტიზმის მხრივ “უსაშინლესი ვითარებააო”. ეს ხომ საკმაოდ მკვახე განცხადბაა, რომელსაც, ალბათ, ევროპის ნებისმიერი სხვა ქვეყნის შემთხვევაშიც მოჰყვებოდა მკვეთრი რეაქცია. თქვენ არ ფიქრობთ, რომ “უსაშინლესი ანსტისემიტიზმი” ძალიან მკვეთრი განცხადებაა?

[გოზლანის ხმა]: “კი, მეც ასე ვფიქრობ. მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ისრაელში პრესის მეშვეობით ხშირად ვრცელდება ინფორმაცია საფრანგეთში ანტისემიტიზმის შესახებ. აქ ხომ, საფრანგეთში, ძალიან დიდია ებრაული სათვისტომო - თითქმის ყველას ჰყავს ნათესავი ისარელში. ამიტომ ისრაელში ძალიან აწუხებთ ის, რაც საფრანგეთში ხდება. გეთანხმებით, “უსაშინლესი ანტისემიტიზმი” მეტისმეტად მკვახედ არის ფორმულირებული, მაგრამ არც ის უნდა დავივიწყოთ, რომ ანტისემიტური აქტები საფრანგეთში ყოველ დღე ხდება და ასეთ ვითარებაზე ისრაელი თვალს ვერ დახუჭავს.”

[მარიამ ჭიაურელის ხმა]: “ჩვენი ინფორმაციით, ანტისემიტური აქტების რიცხვი საფრანგეთში 2004 წლის პირველ ნახევარში გაიზარდა - რა აქტებზეა ლაპარაკი?”
[გოზლანის ხმა]: “სხვადასხვა სახის აქტებზე: ესენია ფიზიკური თავდასხმები, სიტყვიერი აგრესია, ანტისემიტური გამოსვლები, კედლებზე წარწერები...”

[მარიამ ჭიაურელის ხმა]: “ანტისემიტიზმი, ასე ვთქვათ, საერთაშორისო პრობლემაა, ბევრ ქვეყანაშია გავრცელებული, მაგრამ სხვადასხვა მასშტაბით. აი, რაც შეეხება საფრანგეთს?...”
[გოზლანის ხმა]: “საფრანგეთი ანტისემიტური აქტების განსაკუთრებით დიდი რაოდენობით გამოირჩევა. ჩემი ინფორმაციით, მთელს მსოფლიოში ანტისემიტური აქტების ნახევარი აქ აღირიცხება. მაგრამ ამ ქვეყანაში ხელისუფლების ბევრი წარმომადგენელი აცხადებს, რომ საფრანგეთი არ არის ანტისემიტური ქვეყანა, რომ ადამიანები ანტისემტიები არ არიან. ეს მართალიცაა, მაგრამ ისიც უნდა ითქვას, რომ იგრძნობა ანტისემიტური განწყობა, ერთგვარი ატმოსფერო. ვშიშობთ, ასე ცუდად საქმე მეორე მსოფლიო ომის შემდეგ აღარ ყოფილა. მართალია, ამ ორი პერიოდის შედარება არც კი შეიძლება, მაგრამ საფრანგეთის ებრაულ სათვისტომოში ბევრი ფიქრობს, რომ შესაძლოა, დადგა დრო, როცა საფრანგეთიდან წასვლა სჯობს.”

[მარიამ ჭიაურელის ხმა]: “როცა ამბობთ, საფრანგეთში ანტიებრალური აქტების ნახევარი ხდებაო, ბუნებრივია თავს იჩენს შეკითხვა: რატომ საფრანგეთში, რა არის ამის მიზეზი? და ბევრმა, მიზეზად შესაძლოა ის მიიჩნიოს, რომ საფრანგეთში მილიონობით არაბი ცხოვრობს...”
[გოზლანის ხმა]: “მიზეზი რამდენიმეა - ეს მიზეზების მთელი კომპლექსია. ეს იმაზე მეტია, ვიდრე მემარჯვენე ანტისემიტიზმი, ანუ კლასიკური ანტისემიტიზმი. მას საფრანგეთში ემატება მემარცხენე ანტისემიტიზმი - განვითარებადი ქვეყნების პრობელმებზე მომუშავე ორგანიზაციებისაგან და ანტისემიტიზმი, რომელსაც ავლენენ საფრანგეთში ჩრდილოეთი აფრიკის არაბული ქვეყნებიდან გადმოსახლებულები. არის ანტისემიტიზმი პალესტინელების მხარდამჭერი ორგანიზაციების მხრივ. ის ფაქტი, რომ მასმედიაში თითქმის ყოველ დღეა ლაპარაკი ისრაელისა და პალესტინელების კონფლიქტზე და რომ ბევრი მუსულმანი საფრანგეთში სატელიტური ტელევიზიის მეშვეობით არაბულ არხებს უყურებს, ძალიან ართულებს პრობლემას. რადგან ეს ადამიანები ყოველ დღე იღებენ “მესიჯს” ისრაელზე - და ეს “მესიჯი”, ჩვეულებრივ, ძალიან უარყოფითია.”

გვითხრა ფრანგმა ჟურნალისტმა, ანტისემიტიზმის საკითხების ექსპერტმა მარკ გოზლანმა, რომელსაც პარიზში დავურეკეთ. აქ დავამატებ, რომ ამ დღეებში ისრაელიდან გავრცელებულ ცნობებში ლაპარაკია გარკვეულ დაძაბულობაზე ისრაელსა და ევროკავშირს შორისაც. ისრაელში უკმაყოფილება გამოითქვა იმის გამო, რომ ევროკავშირი, როგორც ბლოკი, მიემხრო გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციას, მიმართულს ისრაელის მიერ უსაფრთხოების კედლის აგების წინააღმდეგ. ამავე კვირაში ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის კოორდინატორმა ხავიერ სოლანამ ისრაელში ვიზიტისას სცადა უთანხმოების მოგვარება. ჩვენ კი მომავალ კვირაში, რამდენიმე რრეპორტაჟს შემოგთავაზებთ ისრაელში საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტთან დაკავშირებით.
XS
SM
MD
LG