Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

“პროსტიტუციის ლეგალიზაცია ცეცხლზე ნავთის დასხმაა”, ამბობს ამერიკელი დიპლომატი


ამერიკელი დიპლომატი ჯონ მილერი აცხადებს, რომ არც ერთი ქვეყანა მსოფლიოში, შეერთებული შტატების ჩათვლით, საკმარისად არ ზრუნავს ადამიანთა ტრეფიკინგის უაღრესად მწვავე პრობლემის მოსაგვარებლად.

ამ არალეგალური ბიზნესის “წყალობით” ყოველწლიურად 800 ათასამდე ადამიანი – უმეტესად ქალები და ბავშვები - ფაქტობრივად, მონებად იქცევა. მოუსმინეთ დავით კაკაბაძეს.

შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის უფროსი მრჩეველი ადამიანთა ტრეფიკინგის სფეროში ჯონ მილერი გასულ კვირაში ჩეხეთის რესპუბლიკას ეწვია. ჩეხეთში მისი ვიზიტი პროსტიტუციის ლეგალიზაციის პროცესს უკავშირდებოდა. პრაღაში, “რადიო თავისუფლების” შტაბბინაში, ამერიკელმა დიპლომატმა პრესკონფერენცია გამართა.

ჯონ მილერი სახელმწიფო დეპარტამენტში ხელმძღვანელობს ოფისს, რომლის ფუნქციაც ადამიანების ტრეფიკინგთან ბრძოლაა. თუმცა, მილერის აზრით, "ტრეფიკინგი" მეტისმეტად რბილი სიტყვაა ამ ბოროტმოქმედების ასაწერად. “იმას, რაზეც ჩვენ ვლაპარაკობთ, ადამიანთა მონობა ჰქვიაო”, - აცხადებს ამერიკელი დიპლომატი.

ჯონ მილერი პოლიტიკოსისა და დიპლომატისთვის არცთუ დამახასიათებელ, შეულამაზებელ ენას მიმართავს. ის ამბობს, რომ ქვეყნები, სადაც ადამიანთა ტრეფიკინგის პრობლემას სერიოზულად არ უდგებიან, პრაქტიკულად დასაშვებს ხდიან ათასობით ადამიანის მოტაცებას, ფიზიკურ შეურაცხყოფასა და გაუპატიურებას.

სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩევლის აზრით, ჩეხეთის მთავრობა დიდი სიფრთხილით უნდა მოეკიდოს პროსტიტუციის ლეგალიზებისა და მოწესრიგების შესახებ ახალი კანონის შემუშავებასა და ამოქმედებას:

080520 [მილერის ხმა] “მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია პროსტიტუციის მსხვერპლთა უფლებების დაცვა და ამ სფეროში ვითარების გაუმჯობესება, როცა საუბარია დეკრიმინალიზაციაზე და საქმე ეხება ამ ბიზნესში ჩართულ ქალებს, მათი მუშტრების, ოღრაშებისა და ბორდელების მეპატრონეთა საქმიანობის ლეგალიზაცია-რეგულირებას – ანუ თავად სახელმწიფოს ე.წ. მთავარ "ოღრაშად" გადაქცევას – ჩვენი გამოცდილებით, ეს ცეცხლზე ნავთის დასხმის ტოლფასია”.

ჯონ მილერმა აღნიშნა ისიც, რომ უწინ - კომუნისტური სისტემიდან საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლის პერიოდში - ჩეხეთის რესპუბლიკა "მონათა მიმწოდებელი ქვეყანა" იყო. იქიდან პროსტიტუციის ინდუსტრიაში ჩასათრევად სხვა ქვეყნებში მიჰყავდათ ქალები და ბავშვები, ქარხნებსა და ფერმებში სამუშაოდ კი მამაკაცები. ჯონ მილერის თქმით, ვითარება შეიცვალა:

080519 [მილერის ხმა] "ჩეხეთის ეკონომიკის განვითარებასთან ერთად პრობლემის არსი შეიცვალა. დღეს ადამიანების ტრეფიკინგზე საუბრისას ჩეხეთის რესპუბლიკა განიხილება როგორც მიმღები ქვეყანა. ევრაზიიდან, აღმოსავლეთი ევროპიდან ჩეხეთის რესპუბლიკაში ჩამოსული ადამიანები სხვადასხვა სახის მონობის მსხვერპლნი ხდებიან. თუმცა, არასამთავრობო ორგანიზაციებთან საუბრისას ირკვევა, რომ ჩეხეთის რესპუბლიკაში მონობის წამყვანი სახეობა სექს-მონობაა."

მილერი დასძენს, რომ ქვეყანა – ამ შემთხვევაში ჩეხეთის რესპუბლიკა - პროსტიტუციის ლეგალიზაციის შესახებ კანონის შემოღებისას აკეთებს არჩევანს იმის თაობაზე, თუ რა სახის ტურიზმით სურს გაითქვას სახელი. მილერი შიშობს, რომ ჩეხეთის შემთხვევაში ასეთად მომავალში შეიძლება “სექს-ტურიზმიც” მოიაზრონ.

შეერთებულმა შტატებმა 120 მილიონი დოლარი გამოყო მონობის, ანუ ადამიანებით ვაჭრობის საწინააღმდეგო პროგრამის დასაფინანსებლად. ჯონ მილერის ერთ-ერთი ამოცანაა, იმოგზაუროს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, შესთავაზოს მათ გრანტები, დაეხმაროს რჩევით, მთავრობებზე ზეწოლა მოახდინოს და ხანდახან ისინი სანქციებითაც დააშინოს - თუ ტრეფიკინგთან ბრძოლას სერიოზულად არ მიუდგებიან.

ჯონ მილერის თქმით, კამპანიამ შედეგი გამოიღო – ბოსნია-ჰერცეგოვინამ, საქართველომ, ყაზახეთმა, თურქეთმა და უზბეკეთმა, კიდევ რამდენიმე სხვა ქვეყანასთან ერთად, იმ ქვეყნების სიიდან, რომლებიც ტრეფიკინგის პრობლემას უგულებელყოფდნენ, იმ სახელმწიფოთა სიაში გადაინაცვლეს, რომლებიც პრობლემის დასაძლევად მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამენ.

“რადიო თავისუფლებაში” გამართულ პრესკონფერენციაზე მილერმა აღნიშნა, რომ რუსეთი საპირისპირო მიმართულებით დაიძრა და სახელმწიფო დეპარტამენტმა ის იმ ქვეყნების ჯგუფში შეიყვანა, რომლებიც არაფერს, ან თითქმის არაფერს აკეთებენ ადამიანებით ვაჭრობის აღმოსაფხვრელად:

080522 [მილერის ხმა] “ადამიანების ტრეფიკინგი სერიოზული პრობლემაა რუსეთში. რუსეთი არა მხოლოდ მიმღები, არამედ წარმომშობი და სატრანზიტო ქვეყანაც არის. ჩვენ ძალიან არ მოგვწონს ის, რაც რუსეთში ხდება. მათ გადადგეს გარკვეული ნაბიჯები, შემოიღეს ახალი კანონი სისხლის სამართლის პასუხისგების გათვალისწინებით, ოდნავ გაააქტიურეს თანამშრომლობა არასამთავრობო ორგანიზაციებთან. მაგრამ მთლიანობაში მათი ძალისხმევა ძალიან სუსტი იყო და ამიტომაც რუსეთი მეორე რიგიდან საზედამხედველო რიგში ჩამოვაქვეითეთ”.

ამერიკელი დიპლომატი იმედოვნებს, რომ დაარწმუნებს ქვეყნებს, რომ აუცილებელია მკაცრი კანონების მიღება ადამიანთა გატაცების, გადაყვანისა და მონობის წინააღმდეგ. მილერს ისიც სჯერა, რომ ტრეფიკინგის საწინააღმდეგო პროგრამები პრაქტიკულადაც იმუშავებს. სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი ფიქრობს, რომ დიდი მნიშვნელობა აქვს ადამიანების გათვითცნობიერებას იმაში, თუ რა საფრთხე ემუქრებათ ტრეფიკინგის სახით.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG