Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

“საპატიო ყარაული” დაღუპულ მებრძოლთა მემორიალთან


თბილისის ცენტრში ერთ წელზე მეტია არსებობს მემორიალი,

რომელიც საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპულ მებრძოლთა ხსოვნის უკვდავსაყოფად თბილისის საკრებულოს ინიციატივით აიგო. ხსოვნის კედელი, მარადიული ცეცხლი და ხმალამოწვდილი, გაუნძრევლად მდგარი საპატიო ყარაული მალევე იქცა თბილისის ერთ-ერთ ღირსშესანიშნაობად. თუმცა ცოტა ვინმემ თუ იცის, რომ ბრწყინვალე მუნდირში გამოწყობილი საპატიო ყარაულის წევრები ჩვეულებრივი ჯარისკაცები არიან და რომ დაღუპულ მებრძოლთა მემორიალი მათთვის ნომერი პირველი პოსტია. ჩვენი ყოველკვირეული პროგრამა “ჯარისკაცი და სახელმწიფო” ხსოვნის კედელსა და მის დამცველ საპატიო ყარაულზე გიამბობთ.

გმირთა მოედანზე, ვარაზის ხევისა და კოსტავას ქუჩის კუთხეში 2002 წელს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულთა მემორიალი აიგო. ახალი საქართველოს გმირთა პარკის გაშენების იდეა მაშინდელი საკრებულოს თავმჯდომარეს მიხეილ სააკაშვილს ეკუთვნოდა. თეთრი მარმარილოთი მოპირკეთებულ დაახლოებით 12 მეტრი სიმაღლის კედელზე ოქროს ასოებით არის ამოტვიფრული 3000 ზე მეტი მებრძოლის გვარი. მემორიალის ატრიბუტიკას წარმოადგენს: მარადიული ცეცხლი, საქართველოს დროშები და, რა თქმა უნდა, სააღლუმო ფორმაში გამოწყობილი საპატიო ყარაული, რომელიც ყოველ დილით 8 საათზე, დარსა თუ ავდარში, ასრულებს სავალდებულო რიტუალს.

[საპატიო ყარაულის ფეხის ხმა და ბრძანებები]

6 თვის წინ, როდესაც, პრეზიდენტ სააკაშვილის ბრძანებით, მემორიალთან პირველად გამოჩნდა საპატიო ყარაული, თბილისელებს ეგონათ, რომ ეს მხოლოდ ერთჯერადი ღონისძიება იქნებოდა და მას იგივე ბედი ეწეოდა, რაც სააკაშვილის მინისტრობის დროს იუსტიციის სამინისტროს წინ მდგარ თეთრ ფორმიან დაცვას. მაგრამ დროთა განმავლობაში საპატიო ყარაულის სამსახური კიდევ უფრო დაიხვეწა. სოხუმის დაცემის დღეს კი, 27 სექტემბერს, მემორიალთან მისულმა უამრავმა ადამიანმა პირველად იხილა ლამაზ ქართულ ჩოხაში გამოწყობილი საპატიო ყარაულის ჯარისკაცები. ქალბატონი ლელა ონიანი, რომელმაც აფხაზეთში ბიძა და დეიდაშვილი დაკარგა, ფიქრობს, რომ ასეთი მემორიალის არსებობა დაღუპულთა ხსოვნის პატივისცემის დადასტურებაა.

[ლელა ონიანის ხმა]

გადამდგარი ოფიცერი გიორგი ბუჯიაშვილი, რომელიც ხსოვნის კედელზე თავისი თანასოფლელის გვარს ეძებდა, დარწმუნებულია, რომ მემორიალს აღმზრდელობითი ფუნქციაც აქვს:

[გიორგი ბუჯიაშვილის ხმა]

რაც შეეხება მომავალ თაობას, ხსოვნის კედელთან მასწავლებლებს ხშირად მოჰყავთ თავიანთი მოსწავლეები ექსკურსიაზე. პარასკევს, მაგალითად, იქ ქუთაისის 35-ე სკოლის მეოთხე კლასის მოსწავლეები იყვნენ, რომლებზეც ყველაზე დიდი შთაბეჭდილება საპატიო ყარაულმა მოახდინა.

[მოსწავლეების ხმა]

ხსოვნის კედელთან ყოველდღიურად 3 ოცეულისაგან შემდგარი სარიტუალო ასეულის მებრძოლები მორიგეობენ. პარასკევს სერჟანტ შაქრო სიხარულიძის ათეულის მორიგეობის დრო იყო. სწორედ იგი ხელმძღვანელობს ყოველი საათის შემდეგ ორკაციანი ყარაულის ცვლას და შემდეგ მათთან ერთად იქვე მდგარ პატარა საყარაულო შენობაში ბრუნდება, სადაც მათ დასასვენებლად ორი საწოლი და ერთი ტელევიზორი აქვთ. მორიგეობის დროს აქვე მოაქვთ მათთვის სადილი სამხედრო ნაწილიდან, რომელიც კუკიაზე მდებარეობს. შაქრო მიამბობს, რომ საპატიო ყარაულში რეკრუტებს მკაცრი კრიტერიუმებით არჩევენ, რადგან ეს მოვალეობა დიდ ფიზიკურ დატვირთვასთან არის დაკავშირებული.

[შაქრო სიხარულიძის ხმა]

სარიტუალო ასეულში მეორე წელია მსახურობს პოლონელი წარმომავლობის კაპრალი ევგენი გოლოცუცკი. მას თავის ასეულთან ერთად არაერთი სახელმწიფოს მეთაურის დახვედრის ცერემონიაში მიუღია მონაწილეობა, მაგრამ ევგენი ამბობს, რომ მისთვის განსაკუთრებული სიამაყის საგანია ხსოვნის კედელთან დგომა, რადგან ამით დაღუპული მებრძოლების წინაშე ერთგვარ ვალს იხდის.

[ევგენი გოლოცუცკის ხმა]

სარიტუალო ყარაულში მყოფი ყველა ჯარისკაცი 180 სანტიმეტრზე მაღალია, ყველა კარგი სპორტსმენია და შესანიშნავად ფლობს სამწყობრო სიარულის ილეთებს. ამიტომ, ისევე როგორც ყველა ქვეყანაში, სადაც ასეთი ტრადიცია არსებობს, ბოლო ხანს თბილისშიც გავრცელდა საპატიო ყარაულის გვერდით სურათების გადაღება. ჩემი თანამოსაუბრეები ამბობენ, რომ, ამ მხრივ, განსაკუთრებით გოგონები გამოირჩევიან.

[სიცილის ხმა]

საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებით, 23 ნოემბერს, ე.წ. “ვარდების რევოლუციის” წლისთავზე, პარლამენტის წინ საქართველოს ერთიანობის მონუმენტი აღიმართება. სავარაუდოდ, მეორე პოსტი, სადაც საპატიო ყარაული დაწესდება, შესაძლოა, პარლამენტის წინ მდგარი ეს სიმბოლო აღმოჩნდეს. სიმბოლოები და რიტუალები ხომ ასე ძალინ უყვარს საქართველოს ახალ ხელისუფლებას.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG