Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვირტუალური მილიარდიანი დახმარება ხელშესახები ხდება


ბონში იმყოფება საქართველოს სამთავრობო დელეგაცია. საქმე ის არის,

რომ გერმანიის მთავრობამ საქართველოს დასახმარებლად 26 მილიონი ევრო გამოყო. საქართველოს დელეგაციაც სწორედ ამ დახმარების განაწილებაზე მოსალაპარაკებლად ეწვია გერმანიას.

16-17 ივნისს ევროკავშირისა და მსოფლიო ბანკის ინციატივით ბრიუსელში საქართველოს დონორთა კონფერენცია მოეწყო, რომლის მონაწილე ქვეყნებმა და ორგანიზაციებმა საქართველოს მთავრობას, იმ მომენტისთვის ვირტუალურად, მილიარდი დოლარი გადასცეს. კონფერენციის შემდეგ ნათელი გახდა, რომ მილიარდი დოლარის, ანუ 850 მილიონი ევროს დახმარება, რომელსაც ევროპა დაპირდა საქართველოს ბოლომდე სიახლე არ იყო, რადგან მის მნიშვნელოვან ნაწილს ის ტრადიციული დახმარებები შეადგენს, რომლებსაც დასავლური ინსტიტუტები და დასავლეთის ქვეყნები დღემდეც უწევდნენ საქართველოს. აქვე უნდა ითქვას, რომ მილიარდიანი დახმარების ერთი ნაწილი ბოლო წლებში შეჩერებული პროგრამების აღდგენამაც შეავსო. დღეს კი გერმანიაში იმყოფება საქართველოს სამთავრობო დელეგაცია. 20 ოქტომბერს დილით დელეგაციის ხელმძღვანელი, სახელმწიფო მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი ხელს მოაწერს ოქმს, რომლითაც განისაზღვრება იმ 26 მილიონი ევროს ხარჯვის პრიორიტეტები, რომელიც გერმანიის მთავრობამ საქართველოს დასახმარებლად გამოყო. აქვე გეტყვით, რომ ეს თანხა არ არის საერთო-ევროპული დახმარების ნაწილი. მოლაპარაკებები სულ რამდენიმე წუთის დასრულებული იყო, როცა ბონში ტელეფონით დავუკავშირდი თამარ ბერუჩაშვილს. აი, რა მითხრა მან შეხვედრების შედეგის შესახებ:

[ბერუჩაშვილის ხმა]
" ჩვენ ხვალ უკვე ხელს მოვაწერთ თანამშრომლობის ოქმს, რომლითაც პრაქტიკულად განისაზღვრება გერმანული მხარის მზაობა დახმარება გაუწიოს საქართველოს: ფინანსური პროექტების განხორციელების სფეროში ეს იქნება 18 მილიონი ევრო და ასევე ტექნიკური თანამშრომლობის სფეროში ეს იქნება 8 მილიონი ევრო".

სახელმწიფო მინისტრისგანვე შევიტყვეთ, რომ პირველად გერმანიის მთავრობა გამოეხმაურა აჭარის რეინტეგრაციის პროგრამას:

[ბერუჩაშვილის ხმა]
"ახალი თემა იქნება ბათუმში წყალგმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია. ეს ძალიან სერიოზუილ პროექტია და, შესაბამისად, ჩვენს დელეგაციაში ასევე შედიოდა ბატონი ლევან ვარშალომიძეც".

გერმანია-საქართველოს ეკონომიკური თანამშრომლობის ტრადიციულ პრიორიტეტად რჩება ენერგეტიკა, თუმცა, სწორედ აქ არის სიახლეც: პირველად ხდება, რომ გერმანული ბანკი არა მხოლოდ გერმანიის მთავრობის მიერ გამოყოფილ ფინანსებს მოემსახურება, არამედ საკუთარ სახსრებსაც ჩადებს საქართველოს ენერგეტიკაში. საინტერესოა, რომ ბანკი "კა-ეფ-დაბლვე" გერმანული დახმარების იმ ნაწილის მომსახურებასაც უზრუნველყოფდა, რომელიც "ლეგენდარული" მეცხრე ბლოკის აღდგენას ითვალისწინებდა. არც თუ კარგი გამოცდილების შემდეგ, საინტერესოა, რატომ მოისურვა მან მაინცადამაინც ენერგეტიკაში ინვესტირება. ამის თაობაზე სახელმწიფო მინისტრმა მიპასუხა:

[ბერუჩაშვილის ხმა]
"სავსებით სწორად ბრძანეთ, ძალიან დიდი სირთულეები იყო ენერგეტიკის სფეროში გერმანულ პროექტებთან დაკავშირებით და იმის გამო, რომ მე ხანგრძლივი დროის განმავლობაში ჩართული ვარ საქართველოს მხრიდან გერმანულ მხარესთან მოლაპარაკების პროცესში, მინდა ვთქვა, რომ წინა მოლაპარაკებაზე პრაქტიკულად გერმანიის მხარე მზად იყო და დიდი სურვილი ჰქონდა დაეტოვებინა ენერგეტიკის სექტორი იქ გაწეული დახმარების ნაკლებად ეფექტურობის გამო. მაგრამ ახალი რეალობის გათვალისწინებით, იმ რეფორმების ფონზე, რაც დღეს საქართველოში მიმდინარეობს ენერგეტიკის სფეროში, პოლიტიკური გადაწყვეტილება მიღებული იქნა ჩვენი პარტნიორების მხრიდან, რომ ეს არის საკმარისი საფუძველი, ყოველ შემთხვევაში ძალიან სერიოზული სიგნალები იმისა, რომ ძირითადი თანამშრომლობის პრიორიტეტი ენერგეტიკაა".

გერმანიის მხარეს ესმის, რომ ენერგეტიკა არის ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ხერხემალი და არც იმ გამოცდილების დაკარგვა მიაჩნია მიზანშეწონილად, რომელიც ბოლო ათწლეულის მანძილზე, მართალია უარყოფითი ფაქტორებით დატვირთული, მაგრამ მაინც საქმიანობის საფუძველზე შეიძინა საქართველოში. ჩამოთვლილის გარდა გერმანიის მთავრობის მიერ გამოყოფილი თანხა ტექნიკური დახმარების სხვა პროექტებზეც განაწილდება:

[ბერუჩაშვილის ხმა]
"რაც შეეხება ტექნიკური დახმარების პროექტებს, აქ სპექტრი საკმაოდ ფართოა: დაწყებული ტრადიციული ბორჯომი-ხარაგაულის პარკიდან, დამთავრებული ჯანდაცვის სფეროში პროგრამებით და განსაკუთრებული აქცენტია ასევე კერძო ეკონომიკური აქტივობის ხელშეწყობაზე სოფლის მეურნეობის, გადამამუშავებელი მრეწველობის და ტურიზმის სფეროში"

და კიდევ ერთი სიახლის შესახებ – გერმანიის მთავრობის დახმარების ნაწილი მოხმარდება დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შექმნას საქართველოს ეროვნულ ბანკში. დღემდე დეპოზიტების დაზღვევა საქართველოს ბანკებში სპონტანურად ხდება, ანუ არ არსებობს სისტემა, რომელიც საქართველოს ბანკებში დეპოზიტების უსაფრთხოებას უზრუნველყოფდა. დასაწყის ეტაპზე საუბარია შესაბამისი კანონმდებლობის შექმნაზე, შემდეგ კი თავად მექანიზის ამუშავებასა და იმ რესურსების უზრუნველყოფაზე, რომელიც დეპოზიტების დაზღვევას სჭირდება.

ცნობისათვის, ოთხშაბათს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ხელი მოეწერება კიდევ ერთ ქართულ-ევროპულ დოკუმენტს: "საქართველოს მთავრობასა და ესპანეთის სამეფოს შორის განათლებისა და კულტურის სფეროში თანამშრომლობის პროგრამას 2004-2007 წლებში".
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG