Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა ფორმით შედის შინაგანი ჯარი თავდაცვის სამინისტროში?


1 ნოემბერს იწურება საქართველოს ხელისუფლების მიერ

გამოცხადებული ვადა, რომლის შემდეგაც ქვეყანაში უნდა გატარდეს ბოლო წლებში ერთ-ერთი უდიდესი სამხედრო რეფორმა. შინაგანი ჯარები, თავისი პირადი შემადგენლობითა და მძიმე საბრძოლო ტექნიკით, შინაგან საქმეთა სამინისტროდან თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში უნდა გადავიდეს. მოსალოდნელი ცვლილება უკვე აისახა საშემოდგომო გაწვევის გეგმასა და სამხედრო ბიუჯეტზე, თუმცა ბევრი ორგანიზაციული საკითხი კვლავ ბუნდოვანია.


თვე-ნახევრის წინ შინაგანი ჯარების შეიარაღებულ ძალებთან შერწყმის თაობაზე საქართველოს თავდაცვისა და შინაგან საქმეთა მინისტრების მიერ ხელმოწერილ ოქმს საზოგადოების სხვადასახვა ჯგუფები, ძირითადად, კმაყოფილებით შეხვდნენ. მძიმე ტექნიკით შეიარაღებული საბჭოური სტრუქტურის შინაგანი ჯარი წინააღმდეგობაში მოდიოდა ქვეყნის მიერ ნატოს წინაშე ნაკისრ ვალდებულებებთან და მძიმე ტვირთად აწვა სახელმწიფოს ბიუჯეტს. საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრი დავით თევზაძე ამბობს, რომ ასეთი რეფორმის გატარებას ყოფილ ხელისუფლებას მრჩეველთა საერთაშორისო საბჭოს წევრები ურჩევდნენ:

[დავით თევზაძის ხმა] “ვალდებულებითი იყო, რომ შინაგანი ჯარი არ უნდა ყოფილიყო. მეორე იყო, -“აისაბის”(საქართველოში უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველთა საერთაშორისო საბჭო) დოკუმენტში ასეა, - რომ მთელი მძიმე ტექნიკა და ის ნაწილები, რომლებსაც წმინდა საჯარისო ფუნქციები ჰქონდა, ეს უნდა გადმოსულიყო თავდაცვის სამინისტროში, დანარჩენები კი უნდა დარჩენილიყო საპოლიციო ფუნქციით.”(სტილი დაცულია)

დაახლოებით სამი ათასკაციანი პირადი შემადგენლობისა და 100 ერთეული მძიმე საბრძოლო ტექნიკის მქონე შინაგანი ჯარის ინტეგრაციის გეგმის შესამუშავებლად თავდაცვის სამინისტროს ვადა პირველ ნოემბრამდე მიეცა. სამხედრო უწყებამ გეგმის პროექტი პარასკევს, 29 ოქტომბერს, სამხედრო საბჭოს დახურულ სხდომაზე განიხილა. თავდაცვის მინისტრის მოადგილის დავით სიხარულიძის თქმით, თუკი საქართველოს პრეზიდენტი გეგმას დაამტკიცებს, შინაგანი ჯარების აქტიური სამხედრო კომპონენტი შეიარაღებული ძალების ორ მიმართულებაზე გადანაწილდება:

[დავით სიხარულიძის ხმა] “სახმელეთო ჯარებში იქნება ინტეგრირებული სახმელეთო კომპონენტი და მათი[შინაგანი ჯარების] ვერტმფრენები ინტეგრირებული იქნება ავიაციაში.”

თუმცა, როგორც ირკვევა, პრეზიდენტის მიერ გეგმის დამტკიცების შემთხვევაშიც კი, შინაგანი ჯარების თავდაცვის სტრუქტურებში შერწყმა კიდევ რამდენიმე კვირას გასტანს. ჩასატარებელია უამრავი სამუშაო, განსაკუთრებით სტრუქტურული რეორგანიზაციის და კადრების ოპტიმიზაციის თვალსაზრისით. თავდაცვის მინისტრის მოადგილე დავით სიხარულიძე ასახელებს სხვა თანამდევ სირთულეებსაც, რის გამოც უჭირს თქმა, თუ როდის მიიღებს პროცესი დასრულებულ სახეს:

[დავით სიხარულიძის ხმა] “რეორგანიზაციის გეგმა ჯერ მზად არ არის, ჯერ შერწყმის გეგმაზე იყო საუბარი და აქაც კიდევ სირთულეებია. ძირითადი სირთულეებია ამ ინფრასტრუქტურაზე, მათი ბალანსური ღირებულების შეფასებაზე. ეს, თავის მხრივ, აუდიტორულ შემოწმებაზეა დამოკიდებული და ამიტომ ცოტა შეფერხება იქნება ინფრასტქრუტურასთან დაკავშირებით.”(სტილი დაცულია)

სანამ ქვეყნის უმაღლესი სამხედრო და სამოქალაქო პირები ინტეგრაციის გეგმაზე კაბინეტებში მსჯელობენ, სამხედრო უწყების კულუარებში უბრალო ოფიცრები უკვე შიშით ლაპარაკობენ მოსალოდნელ შემცირებაზე, რასაც შინაგანი ჯარების შერწყმა გამოიწვევს. ასეთი განწყობის შესახებ ინფორმაციას ფლობს სამხედრო მოსამსახურეთა არასამთავრობო ორგანიზაცია “სამართალი და თავისუფლების” თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი, რომელიც სულ მალე ომბუდსმენის მოადგილის ამპლუაში იმუშავებს სამხედროების უფლებების დაცვაზე. ირაკლი სესიაშვილი აცხადებს, რომ შემცირების პროცესი მაქსიმალურად გამჭვირვალე უნდა იყოს და მინიმუმამდე გამოირიცხოს სუბიექტური ფაქტორები:

[ირაკლი სესიაშვილის ხმა] “ცხადია, რაღაც შემცირებები მოხდება. მაგრამ ეს ღია და გამჭვირვალე პროცესი უნდა იყოს და დარჩნენ ისინი, ვინც პროფესიონალი და გამოცდილია. ეს უნდა მოხდეს მათი დამსახურების მიხედვით და არა ნაცნობ-მეგობრობით, ჩაწყობითა და სხვა უკანონო ფორმებით.”

თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი ქართველი ოფიცრები, რომლებიც ბოლო ერთი წლის განმავლობაში სამჯერ გახდნენ მომსწრე ტოტალური შემცირებისა, შიშობენ, რომ შინაგანი ჯარის ინტეგრაციის შემდეგ თავდაცვის სამინისტროში კიდევ ერთხელ მოხდება შემცირება და მათ ადგილს შინაგანი ჯარების ოფიცრები დაიკავებენ. მათში ასეთ მოლოდინს შინაგანი ჯარის ამჟამინდელი სარდლის გენერალ გოგი თათუხაშვილის მიმართ დღევანდელი მმართველი პოლიტიკური ელიტის ხაზგასმული კეთილგანწყობა იწვევს. გენერალი თათუხაშვილი პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პირადი დაცვის ყოფილი უფროსია და უკვე სანქციით ემუქრება თავდაცვის სამინისტროში მომუშავე ბევრ მაღალი რანგის სამხედრო მოხელეს, როგორც ეს დედოფლისწყაროს სამხედრო ბაზისა და იქ “აღმოჩენილი” საუტილიზაციო აღჭურვილობასთან დაკავშირებული სკანდალის დროს მოხდა:

[გოგი თათუხაშვილის ხმა] “ამას უნდა სანქციის გამოწერა და ზომების მიღება.”

თუმცა თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობა არ იზიარებს ამ შიშს და აცხადებს, რომ შინაგანი ჯარების ინტეგრაციის შემდეგ მხოლოდ ზედმეტი მმართველობითი საშტატო თანამდებობები გაუქმდება, ხოლო პროფესიონალი ოფიცრები სახმელეთო ჯარების რიგებში გააგრძელებენ სამხედრო სამსახურს.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG