Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

“ერთი წლის განმავლობაში სააკაშვილმა ვერ შეძლო თავისი ორი ძირითადი დაპირების შესრულება”


გიორგი კაკაბაძე, თბილისი რუსეთის ბოლოდროინდელი პრესა ეხმაურება საქართველოს ხავერდოვანი რევოლუციის წლისთავს. ინტერესი არც აფხაზეთში მიმდინარე მოვლენების მიმართ არის გამქრალი.


მოგითხრობთ ამ საკითხებთის გარშემო გამოქვეყნებული ორიოდე წერილის შესახებ.

26 ნოემბრის გაზეთი “იზვესტია” აღნიშნავს, რომ “საქართველომ 2004 წელს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილში პირველად გადალახა მილიარდდოლარიანი ზღვარი. შედარებისთვის: 2003 წელს ქვეყნის ბიუჯეტი 450 მილიონი დოლარის ფარგლებში იყო. ”

“თუმცა, - გაზეთის თქმით, - საშუალო ხელფასი საქართველოში კვლავინდებურად 22 დოლარს შეადგენს, მაგრამ მომავალ წელს ნავარაუდევია მისი გაზრდა 81 დოლარამდე.”

“იზვესტია” წერს: “ძალაუფლება კონცენტრირებულია პრეზიდენტისა და მისი უახლოესი გარემოცვის ხელში, რომელთა გადაწყვეტილებებს პრაქტიკულად უსიტყვოდ აფორმებენ პარლამენტი და სასამართლოები. აშშ, რომელიც თითქმის ერთი წლის განმავლობაში მშვიდად აკვირდებიდა სააკაშვილის ნაბიჯებს, საქართველოზე საუბრისას უპირატესობას ანიჭებს უფო აკურატულ ფორმულირებას - ქვეყანა, რომელიც დემოკრატიას აშენებს”.

“ერთი წლის განმავლობაში სააკაშვილმა ვერ შეძლო თავისი ორი ძირითადი დაპირების შესრულება: მან ვერ აღადგინა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა და ვერ შეძლო რუსეთთან მეგობრული ურთიერთობის დამყარება. საქართველოს ხელისუფლება აღიარებს, რომ ამა წლის ზაფხულში ძალისმიერი ჩარევა სამხრეთ ოსეთში შეცდომა იყო, მაგრამ, მისი თქმით, “სამაგიეროდ, მოხერხდა კონტრაბანდის უზარმაზარი ნაკადის აღკვეთა.”

როგორც ცნობილია, 26 ნოემბერს არაღიარებული აფხაზეთის რესპუბლიკის პარლამენტმა აღიარა სერგეი ბაღაფშის გამარჯვება არჩევნებში და შესაბამის სამსახურებს დაავალა, დაეწყოთ მზადება 6 დეკემბრის საინაუგურაციო ღონისძიებებისთვის.

27 ნოემბრის გაზეთ “იზვესტიას” ინფორმაციით, პრეზიდენტობის მეორე კანდიდატმა რაულ ხაჯიმბამ ამ გადაწყვეტილებას აბსურდული უწოდა, დაიმოწმა რა მოქმედი პრეზიდენტის ვლადისლავ არძინბას ბრძანებულება რესპუბლიკაში განმეორებითი არჩევნების ჩატარების შესახებ.

გაზეთი წერს: “ამასთან ერთად, აფხაზეთის პარლამენტის გადაწყვეტილება მოცემული მომენტისთვის აბსურდული არ არის - “აფხაზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის შესახებ” კანონის მე-4 მუხლში შავით თეთრზე წერია, რომ “აფხაზეთის არჩეული პრეზიდენტის მიერ თანამდებობის დაკავების საფუძველს წარმოადგენს რესპუბლიკის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ პრეზიდენტის არჩევნების შედეგების ოფიციალური გამოცხადება, აგრეთვე ფიცის დადება.”

წერილში აღნიშნულია მოვლენები, რომლებიც 3 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ განვითარდა აფხაზეთში. მაგრამ, როგორც“იზვესტია” წერს, “ფაქტი ფაქტად რჩება: აფხაზეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 11 ოქტომბერს მიიღო გადაწყვეტილება ბაღაფშის პრეზიდენტად აღიარების შესახებ.”

30 ნოემბრის ინტერნეტგაზეთ “სტრანას” ცნობით, “აფხაზეთის არაღიარებული რესპუბლიკის პარლამენტის მიერ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად აღიარებული სერგეი ბაღაფში ემზადება თანამდებობის დაკავების ცერემონიისათვის, რომელიც 6 დეკემბრისთვისაა დანიშნული.”

ამასთან, გაზეთი წერს: “თავის მხრივ, დეპუტატების მიერ დამარცხებულად აღიარებული კანდიდატი, აფხაზეთის ყოფილი პრემიერი რაულ ხაჯიმბა, არჩევნების ხელმეორედ ჩატარებას მოითხოვს.”
“პრეზიდენტის პოსტზე ბაღაფშის დამტკიცების შემთხვევაში ხაჯიმბა არ გამორიცხავს აფხაზეთის დაშლას. მისი აზრით, რესპუბლიკა შეიძლება ორ ეკონომიკურ ზონად დაიყოს.
“ერთი - საქართველოსა და აშშ-ს დაექვემდებარება, მეორე კი - რუსეთის ნავთობის კომპანიას”, - მიიჩნევს ხაჯიმბა, რომლის თქმით, ბაღაფშის ხელისუფლება არალეგიტიმური იქნება”.
XS
SM
MD
LG