Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უცხოეთის პრესის მიმოხილვა


უცხოეთის პრესაში უამრავი სტატია იბეჭდება უკრაინის მოვლენებზე. ყველას გაცნობას კი არა, თვალის გადავლებასაც ვერ შევძლებდით და ამიტომ შევეცადეთ, ერთ-ორი ორიგინალური გამოხმაურება შეგვერჩია.

მათ მივაკუთვნეთ, მაგალითად, “ვაშინგტონ პოსტში” 3 დეკემბერს დაბეჭდილი კომენტარი, რომლის ავტორია ჩარლზ კრაუტჰამერი:

“კაცს ლამის შეგეცოდოს რუსეთი (ყურადღებას ვამახვილებ სიტყვაზე “ლამის”). იქ ერთი თაობის მანძილზე დაკარგეს ერთ-ერთი უდიდესი იმპერია კაცობრიობის ისტორიაში: ჯერ ე.წ. მესამე ქვეყნები, გადაშლილი ნიკარაგუიდან ინდოჩინეთამდე; შემდეგ აღმოსავლეთი ევროპის სახელმწიფოები, ამასობაში უკვე გადაყლაპული ნატოსა და ევროკავშირის მიერ; შემდეგ კი საბჭოთა რესპუბლიკები. (...) რუსეთს სლავური რესპუბლიკებიღა შემორჩა. ბელორუსია, ფაქტობრივად, რუსეთის კოლონიაა. მაგრამ “დიდ პრიზად” უკრაინა ითვლება, სტრატეგიული მოსაზრებებით (ყირიმი), ისტორიის გამო (კიევს რუსები სლავური ცივილიზაციის აკვნად მიიჩნევენ) და იდენტურობიდან გამომდინარე (აღმოსავლეთ უკრაინაში რუსული მართლმადიდებლობა და რუსული ენა დომინირებს).”

შემდეგ ციტატას “ფრანკფურტერ ალგემაინე ცაიტუნგიდან” გთავაზობთ. სტატიაში, რომელიც გაზეთის 2 დეკემბრის ნომერში დაიბეჭდა, ჟურნალისტი მიხაელ ლუდვიგი წერს:

“როგორც ჩანს, ნარკოტიკებით გაჟღენთილი იყო ფორთოხალი, რომელმაც მშვიდობიანი რევოლუცია უკრაინაში ნარინჯისფრად შეღება და რომელიც კიევში დემონსტრანტებს ვიტამინებით კვებავდა. პრემიერ-მინისტრი იანუკოვიჩის მეუღლე ამ დღეებში კიევიდან, ნარინჯისფერი რევოლუციის ეპიცენტრიდან, გაიქცა და დონეცკს მიაშურა. იქ, სადაც ადგილობრივი მაფიური კლანების ნათლია რინატ ახმეტოვია და სადაც იანუკოვიჩი ახალგაზრდულ ბანდაში საქმიანობდა, ვიდრე გუბერნატორი გახდებოდა, ქალბატონი იანუკოვიჩი აღშფოთებული იუწყებოდა ნარკოტიკების შემცველ ხილზე, რომელმაც ახალგაზრდები ჭკუიდან გადაიყვანა. სინამდვილეში კი ნარკოტიკი, რომელსაც უკრაინელები კიევის “მაიდანზე” იღებდნენ, რადიკალურად განსხვავდებოდა იმისგან, რაც იანუკოვიჩის მეუღლეს ეგონა. ეს იყო აღტაცება დემოკრატიით. ძველი რეჟიმის წარმომადგენლებმა ეს ვერ გაიგეს და არც ახლა ესმით”.

ახლა ერთი სტატია საქართველოზე, დაბეჭდილი გაზეთ “ინტერნეშენალ ჰერალდ ტრიბიუნის” 30 ნოემბრის ნომერში. “საქართველოს წინსვლა: ვარდების რევოლუციის დანაპირების შესრულების გზაზე” - ასეა დასათაურებული წერილი, რომლის ავტორიც თვით საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი გახლავთ. სტატიაში ვკითხულობთ:

“ვარდების რევოლუციამდე ზოგი გამოთქვამდა ვარაუდს, რომ საქართველო დაიშლებოდა, როგორც იუგოსლავია დაიშალა. ეს არ მოხდება. როცა ჩემი გუნდი ხელისუფლებას სათავეში ჩაუდგა, საქართველოს სამი პროვინცია თავს დამოუკიდებელ ანკლავებად მიიჩნევდა: აჭარა, სამხრეთი ოსეთი და აფხაზეთი. პირველი ნაბიჯი გაერთიანებისაკენ გადაიდგა მაისში, როცა აჭარაში რეფორმის მომხრე მოქალაქეებთან ერთად ვიმოქმედე კორუმპირებული ავტოკრატის გასაძევებლად. სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში, დიდი სამუშაოს გაწევა გვიხდება მშვიდობიანი გზით რეინტეგრაციისთვის. ავტონომიას, რომელიც სამხრეთ ოსეთს შევთავაზეთ, პრეცედენტი არა აქვს და საკითხის მოსაგვარებლად საერთაშორისო საზოგადოებასთან ვითანამშრომლებთ. აფხაზეთი კი უფრო რთულ საკითხად რჩება. მაგრამ დიდი მონდომებით ვმუშაობთ - რეგიონის წარმომადგენლებთან, ჩვენს მეზობელ რუსეთთან - და მჯერა, რომ მშვიდობიანი გზით შევძლებთ, ჭრილობები შევუხორცოთ ქართველ ერს”.

მიხეილ სააკაშვილის ეს სტატია, ცხადია, “ვარდების რევოლუციის” წლისთავთან დაკავშირებით გამოქვეყნდა. დაბოლოს, კიდევ ერთი იუბილე, რომელსაც დასავლეთის პრესაში გამოეხმაურნენ: ეს იუბილე კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პიროვნების სახელს უკავშირდება. ლაპარაკია ნაპოლეონზე და 2 დეკემბერს 200 წელი შესრულდა მისი იმპერატორად კურთხევიდან. ამ თარიღისადმი მიძღვნილი წერილი “უოლ სტრიტ ჯორნალის” ევროპულ გამოცემაში იწყება ცნობილი სცენით, რომელიც ნაპოლეონის იმპერატორად აღზევებაზე ერთი დიდი ხელოვანის რეაქციას ასახავს.

“როცა ლუდვიგ ვან ბეთჰოვენმა შეიტყო, რომ ნაპოლეონმა თავი იმპერატორად იკურთხა, კომპოზიტორმა დახია თავისი მესამე სიმფონიის პირველი გვერდი და სიმფონიის სახელწოდება “ბონაპარტე” – “გმირულ სიფმონიად” შეცვალა. “ახლა იფიქრებს, რომ ყველაზე აღმატებულია, ახლა ტირანი გახდებაო”, იწინასწარმეტყველა ბეთჰოვენმა. და ნაპოლეონმა ეს ვარაუდი გაამართლა. მაგრამ ფრანგები, მაშინაც და ახლაც, გაცილებით მეტ ლმობიერებას იჩენენ ტანმორჩილი კორსიკელის მიმართ. “ფიგაროს” მიერ ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ მეტი ფრანგი მიიჩნევს ნაპოლეონს დიდ პოლიტიკოსად, ვიდრე დიქტატორად. საფრანგეთმა ეს ისტორიული დღე გამოფენებით, მუზეუმების საგანგებო ექსპოზიციებით, კონცერტებით, ახალი წიგნების პრეზენტაციით, მასმედიის ტონობით ნაწარმით აღნიშნა”.

ამავე თარიღთან დაკავშირებით პარიზის სამხრეთით, ფონტენბლოში გაიმართა სამდღიანი აუქციონი, რომელზეც კოლექციონერებმა 3 მილიონ დოლარზე მეტი დახარჯეს 800-ს ობიექტში: ნაპოლეონის პირად ნივთებში, მის სახელთან დაკავშირებულ სხვა საგნებში. აუქციონი ჯერ კიდევ ნოემბერში გაიმართა, მაგრამ ცნობა, რომელსაც “დეილი ტელეგრაფი” აქვეყნებს, იმდენად საინტერესოდ ჩავთვალეთ, რომ გადავწყვიტეთ, ერთი ძველი ციტატა დავურთოთ გასული კვირის პრესის მიმოხილვას:

“აუქციონზე ერთ-ერთი ყველაზე ენთუზიასტი მყიდველი იყო ვიქტორ ბატურინი - მოსკოვის მერის ნათესავი და რუსეთის ერთ-ერთი უმდიდრესი ოჯახის წევრი. მან თითქმის 1,5 მილიონი დოლარი დახარჯა ობიექტებში, რომელთა შორის იყო ნაპოლეონის იმპერატორად კურთხევის ამსახველი დოკუმენტები, ნაპოლეონის საყვარელი დის, პოლინის პორტრეტი. მოსკოველებს მიეცემათ ამ შენაძენების დათვალიერებისა და, იმავდროულად, მათს ქალაქში ნაპოლეონის სამხედრო მარცხის სიამაყით გახსენების შესაძლებლობა, როცა - სულ მალე - რუსეთის დედაქალაქში ნაპოლეონის მუზეუმი გაიხსნება”.
XS
SM
MD
LG