Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვერნერ ჰერცოგის შემოქმედება თბილისში


გოეთეს ინსტიტუტის დიდი დარბაზი მაყურებელს ვერ იტევს – ორშაბათს თბილისში გაიხსნა დიდი გერმანელი კინორეჟისორის ვერნერ ჰერცოგის შემოქმედების ამსახველი

ფოტოგამოფენა და მისი ფილმების რეტროსპექტივა, რომელიც კვირის ბოლომდე გაგრძელდება. კინემატოგრაფისტები ვერნერ ჰერცოგს “უკანასკნელ რომანტიკოსს” უწოდებენ. რომანტიკოსებს კი ეგზოტიკის მიმართ ლტოლვა ახასიათებთ. ვერნერ ჰერცოგის ფილმებში რომანტიკოსის თვალით დანახულ აფრიკის, ლათინური ამერიკის, ავსტრალიის პეიზაჟებს ვხედავთ. ვერნერ ჰერცოგთან “სამოთხის” სახით წარმოჩნდება კავკასია. რას ეძებს გერმანელი რეჟისორი ეგზოტიკურ სამყაროში?

[მუსიკა. “წინწყარო”]

უხდება თუ არა ეს მუსიკა ფრანგული კინოს ვარსკვლავს იზაბელ აჯანის? უცნაური კითხვაა? ნახეთ ვერნერ ჰერცოგის ფილმი “ნოსფერატუ” და დარწმუნედებით, რომ “წინწყარო”, შესაძლებელია, გამოხატავდეს “ლხინს ჟამიანობის დროს”, აპოკალიფსის სურათს, თუკი ამას დიდი გერმანელი რეჟისორი ვერნერ ჰერცოგი მოინდომებს. ისმის “წინ წყარო” და ვხედავთ მიცვალებულის გასვენების რიტუალს: გრაფ დრაკულას მორიგი მსხვერპლი, მზეთუნახავი, იზაბელ აჯანის შესრულებით, “გადარჩენილი სამყაროს” ნარჩენებს ეზიარება.

მსოფლიო კატასტროფის შემდეგ გადარჩება მხოლოდ ის, ვისაც ცივილიზაცია ვერ შეეხო, – ამტკიცებს ვერნერ ჰერცოგი. თავის ყველაზე სახელგანთქმულ ნამუშევარს “ყველა თავისთვის, ღმერთი ყველას წინააღმდეგ” იგი კავკასიის პეიზაჟებით ამთავრებს: კასპარ ჰაუზერი, “ნაპოვარა”, რომელიც “ცივილიზებული ადამიანი” მაინც ვერ გახადეს, სიკვდილის წინ “სამოთხეს” წარმოიდგენს... სამოთხე – კავკასიაა.

ვერნერ ჰერცოგი საქართველოში ვერ ჩამოვიდა, მაგრამ გამოგზავნა თავისი ექვსი ფილმი, რომელიც სრულ წარმოდგენას ქმნის “უკანასკნელ რომანტიკოსზე”, ხელოვანზე, რომელმაც 1983 წელს განაცხადა: მე აღარ უნდა გადავიღო ფილმები, ჩემი ადგილი საგიჟეთშიაო... მაგრამ პირობა ვერ შეასრულა – ავსტრალიაში წავიდა და იქაური აბორიგენების ცხოვრება ასახა ფილმში “იქ, სადაც სძინავთ მწვანე ჭიანჭველებს”.

ფაშიზმი დამარცხებულია, მაგრამ, ჰერცოგის აზრით, კოლონიალიზმი კვლავაც არსებობს; ძლიერი ქვეყნების მმართველები ისევ იპყრობენ სუსტებს. უბრალოდ, კოლონიალიზმმა დღეს ფორმა იცვალა – უფრო დახვეწილი გახდა. “მწვანე ჭიანჭველების” სამყაროს ანადგურებენ ყველგან - მათ შორის, კულტურაში... ვერნერ ჰერცოგი ერთ-ერთი უკანასკნელი “მწვანე ჭიანჭველაა” თანამედროვე კინოინდუსტრიაში. დღეს მის ფილმებს დიდ კინოთეატრებში არ აჩვენებენ. “უკანასკნელი რომანტიკოსის” თაყვანისმცემლებისთვის პატარა კინოკლუბებიც საკმარისად მიაჩნიათ. თუმცა გოეთეს ინსტიტუტის ასკაციანი დარბაზი “საკმარისი” არ აღმოჩნდა... თბილისში ვერნერ ჰერცოგს ას კაცზე ბევრად უფრო მეტი თაყვანისმცემელი გაუჩნდა. ეტყობა, არ შეცდა, როცა კავკასია “სამოთხედ” წარმოიდგინა.
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG