Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპის კავშირის კონსტიტუცია: კრიტიკული პერსპექტივები და წევრი ქვეყნებისთვის მისი მნიშვნელობა


ევროკავშირის გაფართოებასთან ერთად,

ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც დღის წესრიგში დადგა, წევრი ქვეყნებისთვის საერთო კონსტიტუციის მიღებაში მდგომარეობს. კონსტიტუციის ტექსტზე მუშაობა 2002 წელს დაიწყო, ხოლო ხელი მას შარშან, 29 ოქტომბერს, რომში გამართულ ცერემონიაზე მოეწერა. რამდენიმე დღეში, 20 თებერვალს, ესპანეთი ევროკავშირის 25 წევრი ქვეყნიდან პირველი გაიტანს კონსტიტუციას რეფერენდუმზე. რა სიახლეს მოუტანს კონსტიტუცია ევროკავშირს და, ძირითადად, რა ხასიათის კრიტიკა გაისმის მისი მისამართით?

20 თებერვალს ესპანეთი იქნება პირველი ევროკავშირის წევრი ქვეყანა, რომელიც კავშირის კონსტიტუციას რეფერენდუმზე გაიტანს. ესპანეთის პრემიერ-მინისტრის ხოსე ლუის როდრიგეზ ზაპატეროს თქმით, ამ დღეს ესპანეთი სხვა წევრ ქვეყნებს დადებით მაგალითს უჩვენებს.

პრემიერ-მინისტრის ოპტიმიზმს მართლაც აქვს საფუძველი. იმის მიუხედავად, რომ, სოციოლოგიური გამოკითხვების მიხედვით, სამიდან ერთი ესპანეთის მოქალაქე აცხადებს, რომ კონსტიტუციის შინაარსის შესახებ არაფერი გაუგია, იგივე გამოკითხვები ცხადყოფს, რომ ესპანელების უმეტესობა რეფერენდუმში მონაწილეობასა და ევროკავშირის კონსტიტუციისთვის თანხმობის გამოცხადებას აპირებს.

კონსტიტუციის შესახებ ინფორმაციის ნაკლებობას ესპანელები ევროკავშირის ინსტიტუტების სიშორესა და ბიუროკრატიულობას აბრალებენ. თუმცა, ბრიუსელის ბიუროკრატიულობის მიუხედავად, ესპანელები ევროკავშირის იდეას კვლავ განსაკუთრებული ენთუზიაზმით ეკიდებიან. ესპანეთის მოქალაქეების 85 პროცენტი აცხადებს, რომ ევროკავშირის წევრის სტატუსი დადებითი ფაქტორია ესპანეთისთვის.

შესაბამისად, ექსპერტთა აზრით, ევროკავშირის კონსტიტუციას ესპანეთში პრობლემები არ შეექმნება. თუმცა 20 თებერვალს დაგეგმილი რეფერენდუმი მხოლოდ დასაწყისია - კონსტიტუცია, ესპანეთის გარდა, კიდევ 24-მა კავშირის წევრმა ქვეყანამ უნდა მიიღოს რეფერენდუმის ან პარლამენტის მეშვეობით. ექსპერტთა აზრით, კონსტიტუციას ესპანეთის მსგავსი ენთუზიაზმით შეიძლება რამდენიმე სხვა ქვეყანა - მაგალითად, ევროპის ინსტიტუტების მიმართ სკეპტიციზმით გამორჩეული დიდი ბრიტანეთი - არ მოეკიდოს. ხოლო ფორმალურად, თუ კონსტიტუცია რომელიმე ერთ ქვეყანაში ჩავარდება, მას ევროკავშირი ვერ მიიღებს.

კონსტიტუცია პირველად გააერთიანებს იმ უამრავ შეთანხმებასა და ხელშეკრულებას, რომელსაც ევროკავშირი უკვე ემყარება. მას საერთაშორისო ხელშეკრულების სტატუსი ექნება და სწორედ ამ სტატუსით მოვა შესაბამისობაში ცალკეული ქვეყნების შიდა სტრუქტურებთან. ბირმინგემის უნივერსიტეტის ევროპული სამართლის პროფესორის ენტონი არნულის აზრით, ეს ევროკავშირის ამჟამინდელ რთულ და კომპლექსურ სისტემას მოქალაქეებისთვის ბევრად უფრო გასაგებსა და მისაღებს გახდის:

[არნულის ხმა] “კონსტიტუციით ორი მიზნის მიღწევა სურდათ. პირველ რიგში, უნდოდათ, რომ სისტემა, რომელსაც კავშირი ემყარება, უფრო ახლობელი და გასაგები გამხდარიყო ჩვეულებრივი მოქალაქეებისთვის. იმ ხელშეკრულებების რიცხვი, რომელსაც ევროკავშირი ემყარება, წლების განმავლობაში ძალიან გაიზარდა, რაც ხშირად ართულებს მათში გარკვევის შესაძლებლობას. ამდენად, ერთიანი კონსტიტუცია ამ ყველაფერს შედარებით ამარტივებს და გასაგებად აღწერს იმ ფასეულობებს, რომელსაც კავშირი ემყარება. მეორე მიზანი, რასაც კონსტიტუცია ემსახურება, ამჟამად შექმნილ სიტუაციასთან მორგებაა. როგორც იცით, 2004 წლის პირველ მაისს კავშირი 15 ქვეყნიდან 25 ქვეყნამდე გაიზარდა. არსებული ხელშეკრულებები კი, დიდწილად, იმ დროს ასახავდა, როდესაც კავშირში 6 წევრი იყო - 50-იან წლებს. კონსტიტუციით ევროკავშირი, როგორც სისტემა, თანამედროვეობასთან შესაბამისობაში მოდის.”

კონსტიტუციაზე მუშაობა 2002 წელს დაიწყო და საბოლოო შეთანხმებას 2004 წლის ივნისში მიაღწია. კონსტიტუციას ხელი 2004 წლის 29 ოქტომბერს რომში გამართულ ცერემონიაზე მოეწერა. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში კონსტიტუციის მიმართ კრიტიკული მოსაზრებები როგორც მემარჯვენე, ისე მემარცხენე ორიენტაციის პოლიტიკური გაერთიანებებიდან ისმოდა. ენტონი არნულის აზრით, ამ დისკუსიამ განსაკუთრებით საინტერესო ფორმა მიიღო დიდ ბრიტანეთში, სადაც ორგანიზაციები არა მხოლოდ განსხვავებულ, არამედ ხშირად ურთიერთსაპირისპირო მოსაზრებებსაც გამოთქვამდნენ:

[არნულის ხმა] “დიდ ბრიტანეთში კონსტიტუციას აკრიტიკებენ როგორც მემარჯვენე, ისე მემარცხენე პოზიციიდან. ბიზნესის წარმომადგენლებს მიაჩნიათ, რომ კონსტიტუცია საკმარისად არ ასუსტებს ეკონომიკური რეგულაციის პრაქტიკას. ეს პრაქტიკა, მათი აზრით, ბრიუსელიდან მოდის და მათ საერთაშორისო ბაზარზე კონკურენციის გაწევის საშუალებას უზღუდავს. ამავე დროს, პროფესიული კავშირების ზოგიერთი წარმომადგენელი სრულიად საპირისპირო მოსაზრებას ავითარებს - რომ კონსტიტუცია საკმარისად არ ავალდებულებს ბიზნესის წარმომადგენლებს შექმნან სოციალური პირობები და დაიცვან მუშათა უფლებები. ამდენად, მე ვფიქრობ, რომ კონსტიტუციის ტექსტის ავტორებს საკმაოდ რთული ამოცანა ჰქონდათ გადასაჭრელი ამ პოზიციებს შორის ბალანსის მისაღწევად.”

კიდევ ერთი საკითხი, რომელმაც კონსტიტუციაზე მუშაობის პროცესში უთანხმოება შექმნა, რელიგიის ფაქტორს უკავშირდება. რამდენიმე ქვეყანას და ორგანიზაციას, მათ შორის, პოლონეთისა და ვატიკანის წარმომადგენლებს სურდათ, რომ კონსტიტუციაში ხაზგასმით ყოფილიყო აღნიშნული ევროპულ ცივილიზაციაში ქრისტიანობის როლი. საბოლოო გადაწყვეტილებით, ეს მოსაზრება უარყოფილი იქნა. მართალია, კონსტიტუციის შესავალი ევროპის კულტურულ, რელიგიურ და ჰუმანისტურ საფუძვლებზე საუბრობს, ის არ გამოყოფს ქრისტიანობას, როგორც კონკრეტულ რელიგიას. ენტონი არნულის აზრით, ამის მიზეზი წევრი ქვეყნების სეკულარისტულ პრინციპებსა და თურქეთის ევროკავშირში შესვლის პერსპექტივაში მდგომარეობს:

[არნულის ხმა] “ვფიქრობ, რომ თურქეთის საკითხი მნიშვნელოვან როლს ასრულებდა იმაში, რომ კონსტიტუციაში ქრისტიანობა არ არის ნახსენები. იმ ქვეყნებისთვის, - მაგალითად, საფრანგეთისთვის, - სადაც ეროვნული კონსტიტუცია სეკულარიზმის პრინციპებს ემყარება ან, უბრალოდ, არ ახსენებს ღმერთს და რელიგიას, ევროპის კონსტიტუციაში ღვთისა და ქრისტიანობის ხსენება გარკვეულ წინააღმდეგობას შექმნიდა. ამავე დროს, ისიც იყო, რომ თუ ერთ რელიგიას ახსენებდნენ, სხვებიც უნდა ეხსენებინათ - სხვანაირად გამოვიდოდა, რომ რომელიმე რელიგიას პრიორიტეტი ენიჭება. და, ცხადია, ევროკავშირში თურქეთის გაწევრიანების პერსპექტივის გათვალისწინებით, არ იყო სასურველი გამოჩენილიყო, რომ, მაგალითად, ისლამს იგივე სტატუსი არ გააჩნია, როგორც ქრისტიანობას ამ კონკრეტულ კონტექსტში.”

ენტონი არნულის აზრით, ევროკავშირის კონსტიტუციას საბოლოო მიღებამდე ჯერ კიდევ რთული გზა აქვს გასავლელი. მაგრამ იგი ფიქრობს, რომ კონსტიტუციას ბოლოს, ალბათ, მაინც მიიღებენ - თუნდაც ევროკავშირის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი ქვეყნების დარწმუნების ხარჯზე.
  • 16x9 Image

    სალომე ასათიანი

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან. მუშაობს კულტურისა და პოლიტიკის თემებზე. არის ავტორი პოდკასტისა "ასათიანის კუთხე“, რომელიც ეხება ლიტერატურას, კინოს, მუსიკას, კულტურის ისტორიას, ფსიქოანალიზს, ფემინიზმის საკითხებს და იდეების ისტორიას.

XS
SM
MD
LG