Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთ-საქართველოს საზღვარი – რუსეთ-ევროპის პოლიტიკური დისკუსიის ნაწილი


საქართველოს ხელისუფლებას სურს რუსეთთან საზღვრის მონიტორინგის ეუთოს მისია ევროკავშირისათი ჩაანაცვლოს.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი სალომე ზურაბიშვილი ბრიუსელში იმყოფება. ის იქ საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის კოორდინატორ ხავიერ სოლანას ხვდება. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, ევროკავშირის საბჭოს სხდომაზე დღეს იხილება საქართველო-რუსეთის საზღვრის მონიტორინგის საკითხი.

შეგახსენებთ, გასული წლის დეკემბერში საზღვრის მეთვალყურეობის ეუთოს მისიისთვის მანდატის გაგრძელება რუსეთმა მიზანშეუწონლად მიიჩნია. რუსეთის პოზიცია ასეთი იყო: ეუთოს მეთვალყურეთა მუშაობის პირობებშიც ჩეჩენი ტერორისტები თავისუფლად გადი-გამოდიან რუსეთი-საქართველოს საზღვარზე და მონიტორინგის მისია საჭირო აღარ არისო. იმის გამო, რომ რუსეთის მხრიდან პანკისის ხეობის კონტროლთან დაკავშირებით პრეტენზიები არ შეწყვეტილა, საქართველოს ხელისუფლებამ და კერძოდ მისმა საგარეო უწყებამ საჭიროდ მიიჩნია ვითარება დაეზღვია და დახმარების სათხოვნელად ევროკავშირისთვის მიემართა.

სულ ახლახან, 23-27 თებერვალს საქართველოში იმყოფებოდა ევროკავშირის მისია, რომელსაც ეუთოს მეთვალყურეთა მისიისთვის მანდატის შეჩერების შედეგები უნდა შეეფასებინა. მისიას ხელმძღვანელობდა პიტერ ფეითი, ევროპის უსაფრთხოების, თავდაცვის პოლიტიკისა და მოქმედების საკითხებში ევროკავშირის საბჭოს გენერალური დირექტორის მოადგილე. ევროკავშირის შემფასებელი მისიის შემადგენლობაში იყო აგრეთვე საგანგრებო წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში ჰაიკი ტალვიტიც.

შეიძლება ითქვას, ევროკავშირის შემფასებელი მისიის დასრულებისთანავე ბრიუსელში გაემგზავრა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი სალომე ზურაბიშვილი. ის ევროკავშირის საბჭოს სხდომას დაესწრება, რომელზეც საქართველო-რუსეთის საზღვარზე არსებული ვითარება განიხილება. საქართველოს ელჩმა ევროკავშირში კონსტანტინე ზალდასტანიშვილმა ჩემთან სატელეფონო საუბარში მხოლოდ ამ ფაქტის კონსტატაცია მოახდინა და თავი შეიკავა დეტალებზე საუბრისგან. რაც შეეხება ევროკავშირის შემფასებელ მისიას, მისმა ერთ-ერთმა წევრმა – უილიამ ბოუმაც არჩია თავი შეეკავებინა კომენტარისგან. ასე რომ, ჯერჯერობით უცნობი რჩება ის, თუ რა სახით ჩაერთვება ევროკავშირი, თუკი ასეთი რამ საერთოდ მოხდება საქართველო-რუსეთის საზღვრის კონტროლში. საქართველოში ვიზიტისას პიტერ ფეითს აღუნიშნავს, რომ საუკეთესო გადაწყვეტილება იქნებოდა ეუთოს მონიტორინგის მისიის გაგრძელება, სხვა შემთხვევაში კი ევროკავშირი შეეცდება საზღვრის ამ მონაკვეთზე უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ალტერნატიული გზების ძიებას. ისევე, როგორც ევროკავშირის წარმომადგენელი, საქართველოს როგორც საგარეო უწყების, ასევე პარლამენტის წარმომადგენლებიც ჯერ კიდევ საუბრობენ ეუთოს მისიის განახლების შესაძლებლობაზე.

სხვა აღარაფერი მრჩება იმის გარდა, რომ ეუთოს წარმომადგენლის რიჩარდ მერფის კომენტარი შემოგთავაზოთ. მე მას ვენაში ტელეფონით დავუკავშირდი და ვთხოვე განემარტა საქართველო-რუსეთის საზღვრის ჩეჩნეთი-ინგუშეთი-დაღესტნის მონაკვეთზე ეუთოს მეთვალყურეთა მისიის სტატუსი. რიჩარდ მერფი ამბობს:

[მერფის ხმა]
"მისიის მანდატი ამოიწურა 31 დეკემბერს და ის საბოლოოდ დაიხურა. მან მოქმედება შეწყვიტა; 31 დეკემბრიდან შეწყდა შეტყობინებების მოწოდება საზღვრის მეთვალყურეების მხრიდან".

ეუთოს წარმომადგენელისგან შევიტყვე აგრეთვე, რომ ეუთოშიც ისევე, როგორც ევროკავშირში საზღვრის მონიტორინგის ალტერნატიული ღონისძიებები იხილება:

[მერფის ხმა]
"საქართველომ თავის საზღვარზე მეთვალყურეობისთვის მოითხოვა საერთაშორისო დახმარება. ეუთოში ახლა იმაზე მიმდინარეობს მსჯელობა, თუ რა ფორმით შეიძლება ეს მოხდეს. ერთ-ერთი შესაძლებლობა ქართველი მესაზღვრეების წვრთნაში დახმარება იქნებოდა. თუმცა, ჯერ ეს საკითხი გადაწყვეტილი არ არის".

თუმცა, გასული წლის დეკემბერში საკითხის კომენტირებისას რიჩარდ მერფიმ ჩვენს რადიოს უთხრა, რომ მართალია მისიის მანდატი შეჩერდა, მაგრამ გაგრძელდებოდა კონსულტაციები რუსეთის მხარესთან ვეტოზე უარის თქმის მისაღწევად. მე მერფის შევახსენე ადრინდელი კომენტარი, რაზეც კიდევ ერთხელ გამიმეორა:

[მერფის ხმა]
"მისია დაიხურა და ეუთოს წევრი ქვეყნები ცდილობენ გამონახონ სხვა გზები საქართველოს მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად".

რიჩარდ მერფიმ ვერაფერი მითხრა იმაზე, თუ რუსეთი-საქართველოს საზღვარზე უსაფრთხოების უზრუნველყოფის სხვა რა საშუალებები განიხილება ქართველი მესაზღვრეების წვრთნის გარდა. რამდენადაც ცნობილია, მეთვალყურეთა მისიის დანიშვნის საკითხი რუსეთის მიერ საქართველოსთან საზღვრის კონკრეტულ მონაკვეთზე უსაფრთხოების არასათანადოდ უზრუნველყოფის გამო გაჩნდა. ანუ პრობლემა იყო არა მესაზღვრეების ცუდად მომზადება, არამედ საზღვრის რთულ მონაკვეთზე დამოუკიდებელი მეთვალყურეობის გაწევა.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG