Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დიდ ბრიტანეთში კვლავ მუსლიმანთა ჩაცმულობაზე კამათობენ


დიდ ბრიტანეთში ცხარე კამათი გამოიწვია სასამართლოს გადაწყვეტილებამ, რომელიც მუსლიმანების ჩაცმულობას ეხება. ლაპარაკია სააპელაციო სასამართლოს გუშინდელ გადაწყვეტილებაზე,

რომლის მიხედვითაც მუსლიმანი გოგონას, 16 წლის შაბინა ბეგუმის უფლებები დაირღვა, როცა მას უარი უთხრეს სკოლაში ტრადიციული მუსლიმანური სამოსით - ჯილბაბით სიარულზე. სააპელაციო სასამართლოს ეს გადაწყვეტილება კამათს იმიტომ იწვევს, რომ ბრიტანეთში არ არსებობს საერთო წესი სკოლაში რელიგიური ჩაცმულობის შესახებ: სკოლებს ამ საკითხში თავისუფლება ენიჭება - ისინი თავად წყვეტენ, დაუშვებენ თუ არა გაკვეთილებზე მოსწავლეებს რელიგიური ტრადიციების გამომხატველი ჩაცმულობით. რა მოხდება ახლა, რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს ბრიტანეთის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას?

ყველაფერი იმით დაიწყო, რომ 2002 წლის ერთ, რომ იტყვიან, მშვენიერ დღეს შაბინა ბეგუმი სკოლიდან შინ გაუშვეს. მიზეზი? გოგონა საკლასო ოთახში ჯილბაბით შემოსილი მივიდა. ჯილბაბი გახლავთ გრძელი კაბა, თუ მოსასხამი, რომელიც ფარავს მთელს სხეულს - ხელის მტევნებისა და სახის გარდა. ამ სკოლაში შაბინა მანამდეც დადიოდა, ორი წელი, მაგრამ მაშინ სხვაგვარად იყო შემოსილი: შარვლით და ბლუზონით, ე.წ. “შალვარ კამიზით” რომელიც სკოლაში - შაბინა ბეგუმის სკოლაში დაშვებულია.

მაგრამ ცვლილება შაბინა ბეგუმის ჩაცმულობაში, მისი ჯილბაბით სიარული, ამ სკოლის ხელმძღვანელობამ მიუღებლად მიიჩნია და გოგონას სხვა სკოლაში გადასვლა მოუხდა, რაც იმას არ ნიშნავს, რომ ძველი სკოლის გადაწყვეტილებას შეეგუა. მან სკოლას უჩივლა, და ბოლოს, 2 მარტს სასურველი გადაწყვეტილებაც მოისმინა სააპელაციო სასამართლოში: შაბინა ბეგუმისათვის ჯილაბით სკოლაში სიარულზე უარის თქმა, ადამიანის უფლებების ხელყოფა, კერძოდ, რელიგიური მრწამსის გამოხატვის უფლების ხელყოფა იყოო.

[შაბინა ბუგუმის ხმა] “მივესალმები სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას და მადლობას ვუხდი ჩემს ვექილებს. დღევანდელი გადაწყვეტილება ნიშნავს გამარჯვებას ყველა მუსლიმანისათვის, რომელსაც სურს უერთგულოს თავის იდენტურობას, მას აფასებს ცრურწმენისა და ორმაგი სტანდარტების მიუხედავად”.

ეს სიტყვები შაბინა ბეგუმმა სააპელაციო სასამართლოს შენობასთან წარმოთქვა და არა მარტო ეს სიტყვები. მან დაგმო გადაწყვეტილება, რომელიც სააპელაციო სასამართლომდე იქნა მიღებული, წინა ინსტანციის მიერ, და რომელმაც გაამართლა მისი სკოლა. ბეგუმმა დაგმო მასმედიაც, პოლიტიკოსები და იურისტები, ყველა ის, ვინც 11 სექტემბრის ტერაქტების შემდეგ, მუსლიმანი გოგონას შეფასებით, ორმაგი სტანდარტებით ხელმძღვანელობს.
ლონდონში სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით კმაყოფილი დარჩა მუსლიმანების არაერთი ორგანიზაციაც. მათ შორის მუსლიმანების კონგრესის კმაყოფილება გამოთქვა პრესმდივანმა ინაიათ ბუნგლავალამ.

[ინაიათ ბუნგლავალას ხმა]

ცნობილია შაბინა ბეგუმის ყოფილი სკოლის რეაქციაც - საგულისხმოა, რომ ლონდონის ჩრდილოეთით, 50 კილომეტრში მდებარე ამ სკოლის მოსწევლეებს შორის უმრავლესობას - 70 პროცენტს - მუსლიმანები შეადგენენ. და აი, სკოლამ გაავრცელა განცხადება, რომელიც, როგორც იუწყებიან, სიტყვაძუნწობით გამოირჩევა - მასში ნათქვამია, რომ სკოლა ანგარიშს უწევს მოსწავლეებისათვის მნიშვნელოვან საკითხებს რელიგიისა და თუ კულტურის სფეროებში, სასამართლო პროცესის წაგების მიზეზად კი მიიჩნევს “ადამიანის უფლებათა აქტის” მცირე ტექნიკურ დარღვევას.

აქ უნდა განიმარტოს - ლაპარაკია ევროკავშირის დოკუმენტზე, ადამიანის უფლებების აქტზე, რომელსაც ბრიტანეთი ხუთი წლის წინ მიუერთდა.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება დაბნეულობასაც იწვევს - აი, რა თქვა ჩვენს ლონდონელ კორესპონდენტთან საუბარში მარტინ უორდმა - სკოლების დირექტორთა ასოციაციის გენერალური მდივნის მოადგილემ:

[მარტინ უორდის ხმა] “სასამართლოს გადაწყვეტილება, ცოტა არ იყოს, წინაღამდეგობრივია. ერთი მხრივ ამბობს, რომ გოგონას უსამართლოდ მოექცნენ და უარი უთხრეს თავისი რელიგიური მრწამსის გამოხატვაზე ისე, როგორც ადამიანის უფლებებს შეესაბამება. მაგრამ ამავე გადაწყვეტილებაში ნათქვამია, რომ წესი სკოლებში უნიფორმის შესახებ კარგი წესია. გამოდის, რომ წესი კარგია, მაგრამ აუცილებელი არ არის, მას მოსწავლეები დაემორჩილონ”.

სანამ ეს გაურკვევლობა არ მოგვარდება, ლონდონში სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გარშემო დისკუსია, ალბათ, არ შეწყდება. და მუსლიმანების ჩაცმულობის საკითხი ვნებათაღელვას არა მარტო ბრიტანეთში იწვევს - თუნდაც საფრანგეთში ბოლო ხანს მიღებული გადაწყვეტილებით, გოგონებს სკოლაში ჰიჯაბით - მუსლიმანი ქალების თავსაფრით სიარული აუკრძალეს.
XS
SM
MD
LG