Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თავდაცვის სამინისტრომ ერაყში მყოფ სამხედროებს ხელფასები დააკლო


1 მარტს საქართველოდან ერაყში

ქართველ მშვიდობისდამცველთა ახალი, 550-კაციანი, ქვედანაყოფი გაგზავნეს. სწორედ იმ დღეს რადიო “თავისუფლებას” აბაშიდან დაუკავშირდა ერთ-ერთი სამხედრო მოსამსახურის დედა, რომელმაც განაცხადა, რომ ერაყში მყოფ მის შვილს ბოლო ორ თვეში ხელფასი გაუნახევრეს, ხოლო ნაწილი, სადაც მისი შვილი ირიცხებოდა, მინისტრის ბრძანებით, კადრების განკარგულებაში გაიყვანეს. ჯარისკაცის დედა წუხილს გამოთქვამს, რომ ერაყიდან დაბრუნების შემდეგ მის ვაჟიშვილს, სხვებივით, უმუშევრობა ემუქრება.

აბაშელმა ლილი დავითაიამ თავისი ერთადერთი შვილი, ლეიტენანტი დავით დარჯანია, ერაყში 8 ნოემბერს ალექსეევკის აეროდრომიდან გააცილა. სხვა მშობლებივით, ქალბატონ ლილის ეამაყებოდა, რომ მისი შვილი საქართველოს დროშით საერთაშორისო მშვიდობას დაიცავდა, ხოლო ქვეყანა ღირსეულად დააფასებდა ერაყიდან დაბრუნებული ჯარისკაცის დამსახურებას. შვილის არჩევანით გამოწვეული სიამაყის გრძნობა ლილი დავითაიას არც ახლა განელებია, თუმცა ხელისუფლების დაპირებების ნაკლებადღა სჯერა. როგორც ლილი დავითაიამ ჩვენთან სატელეფონო საუბარში განაცხადა, ბოლო ორი თვეა მისი შვილის სახელფასო ანგარიშზე განახევრებული თანხა ირიცხება, რაც ვერავინ აუხსნა:
[ლილი დავითაიას ხმა] “იცით, მივიღეთ იმ ხელფასის ნახევარი, რასაც ღებულობდა. ამან მე ძალიან გამანერვიულა. მაშინ, როცა სამხედროები ან ოფიცრები არღვევენ კონტრაქტს, ისინი ამისთვის პასუხს აგებენ და სამხედრო უწყებამ არ უნდა აგოს პასუხი, რომ კონტრაქტს არღვევს?!” (სტილი დაცულია)

როცა იანვარში განახევრებული ხელფასი აიღო, ლილი დავითაიამ ყველაფერი გაუგებრობას მიაწერა, მაგრამ როცა იგივე თებერვალშიც განმეორდა, საქმის გასარკვევად უკვე თავისი შვილის სამხედრო ნაწილის მეთაურს მიმართა. მეთაურისგან გაიგო, რომ ყულევში მდგარი სამხედრო-საზღვაო ძალების სპეცდანიშნულების ნაწილი, თავდაცვის მინისტრის გასული წლის 29 დეკემბრის ბრძანებით, კადრების განკარგულებაში გაუყვანიათ. ამ ინფორმაციამ ჯარისკაცის დედა შოკში ჩააგდო.
[ლილი დავითაიას ხმა] “ძალიან დიდი ეჭვი მაქვს,რომ, ერაყიდან მობრუნებული, არ დარჩეს სამსახურის გარეშე. იმიტომ რომ კონკრეტული პასუხი ვერ მივიღე ვერც ერთი ინსტანციიდან. ამიტომ ვაპირებ უშუალოდ ჩავიდე სამხედრო ნაწილში და იქ გავარკვიო კონკრეტულად, თუ რა ხდება.”(სტილი დაცულია)

თუმცა, სანამ ლილი დავითაია თავისი შვილის სამხედრო ნაწილს ესტუმრებოდა, ყულევის საზღვაო ფეხოსნების სპეცდანიშნულების ნაწილის მეთაურს, მაიორ ხვიჩა წულაიას, რადიო “თავისუფლება” დაუკავშირდა. პროფესიონალ სამხედრო მეთაურს ჩვენთვის არ დაუმალავს, რომ, თავდაცვის მინისტრის ბრძანებით, მართლაც მოხდა მის დაქვემდებარებაში მყოფი სამხედრო ნაწილის კადრების განკარგულებაში გაყვანა, რასაც ავტომატურად მოჰყვა სამხედრო მოსამსახურეების ხელფასების შემცირება:

[ხვიჩა წულაიას ხმა] “ თავდაცვის მინისტრის ბრძანებით, მთელი საზღვაო თავდაცვითი ძალები გაყვანილი იქნა კადრების განკარგულებაში. ამ ბრძანების თანახმად, სახელფასო დანამატები არ დაერიცხებათ, ხელფასის გარდა. ეს ჯარისკაცები “წვრთნისა და აღჭურვის” პროგრამით იყვნენ მომზადებული და დანამატებს იღებდნენ. იანვარ-თებერვალში მათ ეს თანხა აღარ მიუღიათ.”(სტილი დაცულია)

კადრების განკარგულებაში პროფესიონალ ჯარისკაცთა ყოფნა ორ თვეს გაგრძელდა. და მხოლოდ ორი თვის შემდეგ მიხვდა სამხედრო უწყების ხელმძღვანელობა, რომ შეცდომა დაუშვა, როცა კადრების განკარგულებაში გაიყვანა სამხედრო მოსამსახურეები, რომლებიც საბრძოლო ამოცანით ერაყში იმყოფებოდნენ. სამხედრო-საზღვაო სპეცდანიშნულების ძალების მეთაურის მაიორ ხვიჩა წულაიას თქმით, პროფესიონალი სამხედროები, - მათ შორის, ერაყში მყოფი ლეიტენანტი დავით დარჯანია, - ხელახალი ბრძანებით, კვლავ ჩაირიცხებიან რეორგანიზებულ ნაწილში და მათ ერაყიდან დაბრუნების შემდეგ უმუშევრობა აღარ ემუქრებათ.

[ხვიჩა წულაიას ხმა] “რაზმი, რომელშიც მისი შვილი იყო, დარჩა და გადაიყვანეს სხვა ბაზის დაქვემდებარებაში და ახლო მომავალში ისინი დაინიშნებიან თანამდებობაზე და იმ რიცხვიდან მათ აუნაზღაურებენ სახელფასო დანამატს.”

ლეიტენანტ დავით დარჯანიას ისტორიაზე მუშაობის დროს აღმოჩნდა, რომ, იმავე 28 დეკემბრის ბრძანებით, ყბადაღებულ კადრების განკარგულებაში გაუყვანიათ ყველა საბრძოლო ნაწილი და, მათ შორის, ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში მყოფი 25-ე ბათუმის ქვეითი მსროლელი ბატალიონი, რასაც, შესაძლოა, იარაღიანი ადამიანების ამბოხი მოჰყოლოდა. მაგრამ, როგორც თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რევოლუციური საორგანიზაციო-საშტატო ცვლილებები, რამაც ბოლო ერთი წლის განმავლობაში ტოტალური ხასიათი მიიღო, დასასრულს უახლოვდება. და ის, ვინც ადგილი შეინარჩუნა, თანამდებობას დიდხანს აღარ დაკარგავს, რადგან, საქართველოს პრეზიდენტის თქმით, ირაკლი ოქრუაშვილის თავდაცვის მინისტრობა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენამდე გასტანს.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG