Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სერგეი ბაღაფში: ” არსებითად არ გამოვრიცხავ საქართველოს დედაქალაქში ჩასვლის შესაძლებლობას”


გიორგი კაკაბაძე, თბილისი რუსეთის ფედერაციის და საქართველოს საგარეო უწყებების წარმომადგენელთა მოლაპარაკებები მოსკოვში, აფხაზეთის თვით გამოცხადებული რესპუბლიკის მეთაურის მოსაზრება

საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრის თაობაზე და საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში. აი, ის თემები, რომლებსაც რუსეთის პრესის მიმოხილვაში შემოგთავაზებთ.

25 მარტის საინფორმაციო სააგენტო ”ნოვოსტი” წერს, რომ 23-25 მარტს გამართულ მოლპარაკებებზე მხარეთა პოზიციები საქართველოდან ბაზების გაყვანის თაობაზე ”ჯერჯერობით ერთმანეთს არ ემთხვევა”.

სააგენტოს ცნობით, ”... რუსეთის მხარე, იძლეოდა რა შესაბამის განმარტებებს, ხაზს უსვამდა, რომ საქართველოს ტერიტორიიდან რუსეთის ბაზების გაყვანას ორგანიზებული და მოწესრიგებული სახე უნდა ჰქონდეს.”

როგორც ”ნოვოსტი” იტყობინება: ”...მხარეებმა განიხილეს რიგი პრაქტიკული საკითხებისა, რომლებზეც დამოკიდებულია საქართველოს ტერიტორიიდან რუსეთის ჯარების გაყვანის ვადები. გარდა ამისა, განიხილეს პრობლემები, რომლებიც დაკავშირებულია რუსეთის ყოფილ სამხედრო ბაზასთან გუდაუთაში, მათ შორის, იქ განლაგებული ობიექტების ნაწილის გამოყენების პირობები დსთ-ის სამშვიდობო ძალებისთვის ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ზონაში”.

რუსეთის საგარეო უწყებაში აგრეთვე განაცხადეს, რომ ”ერთდროულად მოსკოვში გაიმართა მუშა ჯგუფის შეხვედრა საქართველო-რუსეთის ანტიტერორისტული ჯგუფის შექმნასა და ფუნქციონირების პირობებთან დაკავშირებით.

რუსეთის მხარის წინადადებაა, რომ შეთანხმება დაიდოს უმოკლეს ვადებში, რათა ცენტრმა ფუნქციონირება დაიწყოს რუსეთის სამხედრო ბაზების საქართველოდან გაყვანამდე.”

”აუცილებელია, მოლაპარაკებების პროცესს საფუძვლად დაედოს სოჭის შეთანხმებები, რომლებიც ეხება ეკონომიკური კავშირების აღდგენას აფხაზეთსა და საქართველოს შორის”, - აცხადებს აფხაზეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის მეთაური ინტერვიუში, რომელსაც 23 მარტის გაზეთი ”კურანტი” ბეჭდავს.

ბაღაფში აგრეთვე ამბობს: ”ასეა თუ ისე, სწორედ ეკონომიკით უნდა დავიწყოთ, დაბრკოლებები აქ ნაკლებია. კერძოდ, ჩვენ ვთავაზობთ რკინიგზისა და ენერგეტიკის საკითხების გადაწყვეტას. მაგრამ, უდავოა, რომ პოლიტიკურ თემებსაც განვიხილავთ. ჯერჯერობით არ შემიძლია საბოლოო ინფორმაციის მოცემა, მაგრამ შეხვედრა უახლოეს თვეებში გაიმართება.

მოლაპარაკებების ადგილთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტი და მე განსხავებულად ვფიქრობთ. ის თბილისის ან ბათუმის ვარიანტის მომხრეა, მე კი სოხუმს ან მოსკოვს ვანიჭებ უპირატესობას. მაგრამ არსებითად არ გამოვრიცხავ საქართველოს დედაქალაქში ჩასვლის შესაძლებლობას.”

25 მარტის ინტერნეტგაზეთ ”როსბალტის” ცნობით, კიევში ოფიციალურ ვიზიტად ყოფნისას, საქართველოს პრეზიდენტმა სააკაშვილმა და პრეზიდენტმა იუშჩენკომ განიხილეს უკრაინის მიერ საქართველოში და შემდგომ ირანსა და ერაყში ელექტროენერგიის მიწოდების შესაძლებლობა.

გაზეთის თქმით, ”ამის შესახებ იუშჩენკომ განაცხადა მოლაპარაკებების შემდეგ. მისი სიტყვებით, მათ დეტალურად განიხილეს უკრაინის მიერ ამ ქვეყნებში ელექტროენერგიის მიწოდების შესაძლებლობა, აგრეთვე იმსჯელეს უკრაინის ტერიტორიით ევროპაში კასპიის ნავთობის ტრანსპორტირების შესაძლებლობებზე. შეგახსენებთ, მანამდე, თებერვალში, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ზურაბ ნოღაიდელის კიევში ვიზიტისას, ორივე ქვეყნის მთავრობების მეთაურებმა განაცხადეს, რომ უკრაინა და საქართველო დაინტერესებულები არიან თანამშრომლობით ”ოდესა-ბროდის” ნავთობსადენით ნავთობის ტრანსპორტირების პროექტის ჩარჩოებში.

იუშჩენკოც და პრემიერ-მინისტრი იულია ტიმოშენკოც ითხოვენ, რომ ”ოდესა-ბროდის” ნავთობსადენმა კასპიის ნავთობი გაატაროს პირდაპირი მიმართულებით, უკრაინის დასავლეთ საზღვრისკენ, - მთავარია მილი შეივსოს.”
XS
SM
MD
LG