Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დასასრულს უახლოვდება ევროკავშირის კანონის უზენაესობის მისია საქართველოში


გასული წლის 6 აპრილს ბრიუსელში ვიზიტისას

საქართველოს პრეზიდენტმა ევროკავშირს კანონის უზენაესობის უზრუნველყოფის სფეროში დახმარება სთხოვა. იმავე თხოვნით ევროკავშირის ლიდერებს 3 ივნისს წერილობით მიმართა პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ჟვანიამ. ამ წერილიდან 11 დღეში ევროკავშირმა მიიღო გადაწყვეტილება საქართველოში "კანონის უზენაესობის მისიის" (ე.წ. "EUJUST THEMIS" მისიის) დაწყების შესახებ. ევროკავშირი ამ მისიას ორ თვეში დახურავს მიუხედავად იმისა, რომ წარმატებულად მიიჩნევს.

"EUJUST THEMIS" მისია ისტორიული მნიშვნელობის არის თავად ევროკავშირისთვის, რადგან ეს იყო პირველი ასეთი ტიპის მისია თავად ბლოკისთვის და მეორე სიახლე გახლავთ ის, რომ ევროკავშირმა პირველად გამოსცადა თავისი შესაძლებლობები სამოქალაქო კრიზისის დაძლევის საქმეში.

ბრიუსელში მყოფმა მისიის ხელმძღვანელმა ფრანგმა იურისტმა სილვი პანცმა სამშაბათს დილით ბლოკის ხელმძღვანელობას ევროკავშირის კანონის უზენაესობის მისიის, ე.წ. "EUJUST THEMIS" მისიის გასული წლის შედეგებზე ანგარიში ჩააბარა. ივლისში ეს მისია იხურება, თუმცა, მისი ინიციატორები ირწმუნებიან, რომ ის წარმატებული იყო. მისიის ამოცანა იყო საქართველოს ხელისუფლებისთვის სასამართლო რეფორმის პროცესში კონსულტაციის გაწევა.

მისიის ხელმძღვანელის – სილვი პანცის კომპეტენტურობის მაჩვენებლად შეიძლება მისი ბიგორაფიაც გამოგვადგეს: ის საფრანგეთში 20 წლის განმავლობაში მსახურობდა პროკურორად და მოსამართლედ. 1990იან წლებში ოთხი წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა ყოფილი იუგოსლავიის ტერიტორიაზე ჩადენილ დანაშაულთა სისხლის სამართლის საერთაშორისო ტრიბუნალის საგამოძიებო განყოფილებას. ამის შემდეგ კი პანცი ომის შემდგომ კოსოვოსა და ბოსნიის სამართლებრივ რეფორმებს უწევდა მეთვალყურეობას.

ჯერ კიდევ გასული წლის ივლისში საქართველოში კანონის უზენაესობის მისიის დაწყებისას სილვი პანცმა განაცხადა, რომ ევროკავშირის მისია და პირადად ის არ აპირებდნენ საქართველოს ხელისუფლებისთვის სასამართლო რეფორმის რაიმე მოდელის თავს მოხვევას, რადგან სხვა თუ არაფერი ეს უბრალოდ სასაცილო იქნებოდა:

[პანცის ხმა]
"საქართველოს ხელისუფლებას ავუხსენი და იქ კმაყოფილი დარჩნენ ჩემი განმარტებით, რომ ეს არ იქნება ჩემი – ფრანგული, ან რაიმე სხვა სისტემა. ეს იქნება მათი სისტემა. და ეს უმნიშვნელოვანესად მიმაჩნია. ყველა მისიაში, რომელშიც კი წარსულში მონაწილეობა მიმიღია, ისე ჩანდა, თითქოს საერთაშორისო ორგანიზაციებისა და უცხო ქვეყნების წარმომადგენლებს სურდათ თავიანთი კანონების კოპირება. ეს უბრალოდ სასაცილოა. საქართველომ საკუთარი გზა უნდა მონახოს. საქართვე ჰქონდეს თავისი სისტემა. გათვალისწინებული უნდა იყოს საქართველოს ტრადიციები, ისტორია, ადამიანური რესურსები, მათივე პრობლემები, ყველა ის ზეგავლენა, რაც სახელმწიფოს აქვს სასამართლო სისტემაზე".

სამშაბათს ევროკავშირის ხელმძღვანელობასთან შეხვედრის შემდეგ, ბრიუსელში გამართულ ბრიფინგზე სილვი პანცმა კიდევ ერთხელ განმარტა მისიის მიზანი:

[პანცის ხმა]
"ჩვენი ამოცანაა რჩევებისა და რეკომენდაციების მიცემა საქართველოს მაღალი რანგის თანამდებობის პირებისთვის. მისიის საბოლოო მიზანია ის, რომ ერთი წლის განმავლობაში საქართველოს ხელისუფლებამ შეიმუშაოს სისხლის სამართლის კოდექსის რეფორმირების სტრატეგია."

სილვი პანცი მისიის დადებით ფაქტორად მიიჩნევს მასში ბალტიისპირელი იურისტების ყოლას, რადგან მიაჩნია, რომ ბალტიისპირა ქვეყნებმა გაიარეს იმის მსგავსი გარდამავალი ეტაპი, რომელზეც ახლა საქართველო იმყოფება:

[პანცის ხმა]
"ამ მისიის პლუსი იმაშია, რომ ჩემს გუნდში შორის არის ორი წამყვანი ექსპერტი ბალტიისპირა ქვეყნებიდან. კერძოდ - ჩემი მოადგილე, რომელიც ლიტვიდან არის და მე გუნდში მყავს აგრეთვე მოსამართლე ლატვიიდან, რომელიც თბილისის სააპელაციო სასამართლოში მუშაობდა. როგორც მათ მითხრეს, მათმა ქვეყნებმა".

ბრიუსელში გამართულ შეხვედრებსა და პრეს-კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს იუსტიციის მინისტრმა კოტე კემულარიამ. გთავაზობთ ნაწყვეტს მისი გამოსვლიდან:

[კემულარიას ხმა]
"ექსპერტებისთვის სრულიად ნათელია, რომ როდესაც უმთავრესი საკვანძო საკითხების (მე იმიტომ ვახსენე პატიმრობის საკითხები, გამოძიების საკითხები, სასჯელთა ალტერნატიულ – ე.წ. რესტავრაციულ მართლმსაჯულებაზე გადასვლის საკითხები), ფუნდამენტალური საკითხები დასმა და გადაწყვეტა კანონმდებლობის დონეზე და თანაც ნაწილების იმპლემენტაცია ჩვენ მოვასწარით."

როგორც შენიშნეთ, "EUJUST THEMIS" მისიის მიზანი სტრატეგიის ჩამოყალიბება იყო. ის ივლისში დაიხურება. ამ სტრატეგიის განხორციელებაში, ანუ რეფორმების გატარებაში დასახმარებლად კი ევროკავშირი საქართველოში სხვა ექსპერტების მივლენას აპირებს.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG