Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

”ჩვენს სიაში კიდევ ერთი ქვეყანაა”


გიორგი კაკაბაძე, თბილისი რუსეთის ბოლოდროინდელ პრესაში სულ უფრო მეტი ადგილი ეთმობა კონფლიქტების თემატიკას.

სააგენტო ”რეგნუმის” 15 აპრილის ინფორმაციით, აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის უშიშროების საბჭოს მდივანი სტანისლავ ლაკობა გაკვირვებულია საგარეო უწყების მეთაურის, სერგეი შამბას, გამგზავრებით სამხრეთ ტიროლში.

სტანისლავ ლაკობამ განუცხადა სააგენტოს: ”სამხრეთ ტიროლის გამოცდილებით შეიძლება დაინტერესდეს ის, ვინც სახელმწიფოს შიგნით ესწრაფვის ავტონომიურ სტატუსს.”

”თუ ჩვენ ვაცხადებთ დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტს, მაშინ რისთვის გვჭირდება იტალიური ავტონომიის გამოცდილება, რაზეც თავის დროზე უარი თქვა სამხრეთ ოსეთმა?”

16 აპრილის გაზეთი ”კომერსანტი” წერს, რომ ”20-21 აპრილს ვილნიუსში გაიმართება ნატოს საგარეო უწყებათა მეთაურების შეხვედრა და ნატო-უკრაინის საბჭოს სხდომა”. გაზეთის თქმით, ”შესაძლოა, იქ დაასახელონ ალიანსთან უკრაინის მიერთების თარიღი.”

”კომერსანტი” წერს: ”ვილნიუსის შეხვედრის დამთავრებისთანავე შედგება კიდევ ორი საგულისხმო შეხვედრა კიშინიოვსა და სოხუმში. ერთსა და იმავე დროს, შესაბამისად, გაიმართება სუუამის სამიტი და დსთ-ის არაღიარებული რესპუბლიკების ლიდერთა შეხვედრა. აშკარაა, რომ სოხუმის სამიტი ორგანიზებულია როგორც კიშინიოვის ფორუმის საპირწონე - როგორც ჩანს, მოსკოვში სუუამისგან ელიან მკაცრ და უსიამოვნო გადაწყვეტილებებსა და განცხადებებს: სუუამს მოსკოვში ყოველთვის განიხილავდნენ რუსეთის საწინააღმდეგო გაერთიანებად, რომლის ლიდერთა ამჟამინდელ შეხვედრას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს მაღალ სტუმართა სიმრავლე. კიშინიოვში, კერძოდ, დაპატიჟებულები არიან პოლონეთის, რუმინეთის, უნგრეთის, ბულგარეთისა და ლიტვის პრეზიდენტები.”

15 აპრილის ”ეჟედნევნი ჟურნალის” თქმით, ”ქართველ პროკურორებთან შეხვედრისას მიხეილ სააკაშვილმა რამდენიმე ხმამაღალი განცხადება გააკეთა. მაგრამ სენსაციად იქცა შემდეგი გამონათქვამი: ”ჩვენ დავამარცხეთ ჩვენი მოწინააღმდეგეები საქართველოში, უკრაინასა და ყირგიზეთში. ჩვენს სიაში კიდევ ერთი ქვეყანაა.”

პრეზიდენტმა უარი თქვა ამ ქვეყნის დასახელებაზე, მაგრამ განაცხადა, რომ საიდუმლოს ფარდას ახდის 22 აპრილს კიშინიოვის სამიტზე. ექსპერტების მოსაზრებები იმაზე, თუ სად მოხდება, სააკაშვილის აზრით, მორიგი რევოლუცია, განსხვავებული აღმოჩნდა. მოსაზრებები დაემთხვა მხოლოდ იმის თაობაზე, რომ აშშ-ში ეს ნამდვილად არ მოხდება.”

ამავე თემას ეძღვნება 18 აპრილის გაზეთ ”კომერსანტის” წერილი. გაზეთის თქმით, ”ჯერ კიდევ ცოტა ხნის წინ მიხეილ სააკაშვილი ბევრ ინტერვიუში არაერთხელ აცხადებდა, რომ არ აპირებს რევლუციის ექსპორტირებას.

მაგრამ ბოლო დროს ბატონი სააკაშვილი სულ უფრო ხშირად აცხადებს, რომ საქართველოს პრობლემების გადაწყვეტა, მათ შორის, მისი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, ”დამოკიდებულია რუსეთის განთავისუფლებასა და, მთლიანობაში, იმპერიული სტრუქტურების დანგრევაზე პოსტსაბჭოთა სივრცეში.”

გაზეთი წერს: ”ზოგიერი დამკვირვებლის აზრით, ეს გამონათქვამები აშკარად გულისხმობს სუუამის სამიტის სხვა მონაწილეთა და, პირველ რიგში, უკრაინის მხარდაჭერას.
...უახლოეს ხანში იგეგმება პრეზიდენტ იუშჩენკოს ვიზიტი საქართველოში და ამასთან დაკავშირებით მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში მუსირებს თემა, რომ დემოკრატიული ტენდენციების მხარდაჭერა ყოფილი საბჭოთა კავშირის სივრცეში სუუამის მოღვაწეობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება იქნება.”
XS
SM
MD
LG