Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

”ქურდულ-ძველბიჭური” ტრადიციის საშიში რეციდივები საქართველოს არმიაში


ხუთშაბათს პარლამენტის ტრიბუნიდან საქართველოს

სახალხო დამცველმა სოზარ სუბარმა განაცხადა, რომ ”ქართულ ჯარში ”დედოვშჩინის” ქართული ვარიანტი მძვინვარებს”. თუმცა ჯარისკაცთა უფლებების დამცველი არასამთავრობო ორგანიზაციის, ”სამართალი და თავისუფლების”, შეფასებით, სახალხო დამცველის ანგარიშში მოხვდა უკვე გახმაურებული - მუხროვანსა და საგურამოს სამხედრო ნაწილებში მომხდარი - ინციდენტები, მაშინ როცა, სამხედრო ნაწილებში ჯარისკაცების ჩაგვრის მრავალი შემთხვევა რეაგირების გარეშე რჩება. ვითარების გამოსასწორებლად არასამთავრობო ორგანიზაციამ შეიმუშავა მემორანდუმი, სახელწოდებით ”ათი ნაბიჯი ჯარში ადამიანის უფლებათა დაცვისათვის”, რასაც სულ მალე თავდაცვის სამინისტროს წარუდგენს. თუმცა არავინ იცის, თუ როგორ მიიღებს ამ ინიციატივას სამხედრო უწყების ხელმძღვანელობა, რომელიც მსგავს გამოწვევებზე ხშირად არაადეკვატურად რეაგირებს.

საქართველოს არმია, რომელიც, ოფიციოზის განცხადებით, ნატოს სტანდარტებზე გადადის, ჯერჯერობით ვერაფრით თავისუფლდება საბჭოთა არმიის ერთ-ერთი ყველაზე მანკიერი ტრადიციისაგან. ამ მოვლენას რუსულად ”დედოვშჩინა” ეწოდება, რაც უფროსი თაობის ჯარისკაცების მხრიდან ახალბედების ჩაგვრას ნიშნავს. მეტიც, საქართველოში დაფიქსირდა რამდენიმე შემთხვევა ოფიცრების მიერ ჯარისკაცების ექსპლუატაციისა. ერთ-ერთი ასეთი გახმაურებული შემთხვევა საგურამოს ნაწილში მოხდა სულ რაღაც ერთი თვის წინ, როდესაც რიგითი კუკავა, მისი უშუალო მეთაურის, კაპიტან ლომსაძის მხრიდან სასტიკი მოპყრობის გამო ჰოსპიტალში მოხვდა. სამხედრო მოსამსახურეთა არასამთავრობო ორგანიზაცია ”სამართალი და თავისუფლების” ხელმძღვანელის ირაკლი სესიაშვილის თქმით, მეთაური ყინვაში, ღამით თითქმის გაშიშვლებულს არბენინებდა ჯარისკაცებს, რის გამოც ერთ-ერთი მათგანი ჰოსპიტალში მოხვდა.

[ირაკლი სესიაშვილის ხმა] ”ოფიცრები ცდილობენ თავიანთი, ალტერნატიული მეთოდები გამონახონ დისციპლინის დასამყარებლად. სწორდ მსგავს ფაქტთან გვქონდა ამ შემთხვევაში საქმე, როდესაც ოფიცერმა ჩათვალა, რომ დისციპლინის დამყარება ჯარში შეიძლება ისეთი მეთოდით, როგორიცაა ზედმეტი ვარჯიში, თავის გემოვნებით ჯარისკაცების სარბენად გამოყვანა დღისით თუ ღამით. ”(სტილი დაცულია)

დანაშაულს, როდესაც მეთაურები უმცროს ჯარისკაცებს ჩაგრავენ, რუსული ”დედოვშჩინის” ქართული ვარიანტი” უწოდა საქართველოს სახალხო დამცველმა ხუთშაბათს გაკეთებულ წლიურ მოხსენებაში. სოზარ სუბარმა მიაღწია იმას, რომ მეთაური, რომელსაც თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობა ხელს აფარებდა, გაეთავისუფლებინათ სამასახურიდან.

[სოზარ სუბარის ხმა] ”მიუხედავად მინისტრის ძალიან მკაცრი გამოქომაგებისა, კაპიტანი ლომსაძე გათავისუფლებულია დაკავებული თანამდებობიდან და აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. ამ ეტაპზე მეტი რეაგირება შეუძლებელია.”

წინა წლებში იყო შემთხვევა, როდესაც ქუთაისში მდებარე ერთ-ერთი სამხედრო ნაწილის მეთაური შვებულებაში თვეობით უშვებდა ჯარისკაცებს, რომლებსაც მისთვის, სანაცვლოდ, ფული და სურსათი უნდა ჩამოეტანათ. ხოლო როდესაც ჯარისკაცებმა მეთაურს ”ხარკი” ვერ მიართვეს, ისინი სასტიკად სცემეს და ტუალეტში ხელბორკილით მიაბეს. ირაკლი სესიაშვილის თქმით, სამხედრო ნაწილებში, საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებასთან ერთად,”დედოვშჩინის” შემთხვევებმა იკლო, თუმცა სხვადასხვა საჩივრით მის ორგანიზაციას კვლავაც აკითხავენ დაჩაგრული ჯარისკაცების მშობლები.

[ირაკლი სესიაშვილის ხმა] ”3-4 დღის წინ მომმართა მშობელმა, რომლის შვილიც დედისერთაა და თავისი ნებით წავიდა ჯარში. თუმცა, როგორც ახალწვეულს, სერჟანტებმა დაავალეს ეგრეთ წოდებული შავი სამუშაოს შესრულება - ეს არის საპირფარეშოების გაწმენდა, რაზეც ჯარისკაცმა უარი თქვა, რის გამოც მას სასტიკად სცემეს. ამის გამო ის გამოიქცა ნაწილიდან, მოხვდა საავადმყოფოში. მაგრამ ამ ფაქტთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე არა ცემის, არამედ ”დეზერტირობის” მუხლით აღიძრა.”(სტილი დაცულია)

გასული წლის ბოლოს საქართველომ ხელი მოაწერა ნატოსთან ინდივიდუალური თანამშრომლობის პროგრამას, რომლის ერთ-ერთ უმთავრეს პირობას არმიაზე დემოკრატიული, სამოქალაქო კონტროლის გაძლიერება წარმოადგენს. მიჩნეულია, რომ ამგვარი კონტროლი ხელს უწყობს სამხედრო დანაშაულობათა პრევენციას. სწორედ ”დედოვშჩინის” , როგორც ერთ-ერთი გავრცელებული სამხედრო დანაშაულის, თავიდან ასაცილებლად საქართველოს სახალხო დამცველი ოფისში, სხვა არასამთავრობო ჯგუფებთან ერთად, წელს სამხედრო ნაწილების რეგულარულ მონიტორინგს გეგმავს.

[სოზარ სუბარის ხმა] ”ვაპირებთ, რომ უფრო მეტი ყურადღბა დავუთმოთ არმიას და მე ვფიქრობ, არმიაში მონიტორინგი კიდევ უფრო გაძლიერდება იმის გამო, რომ უკვე ამოქმედდა საზოგადოებრივი საბჭო თავდაცვის სამინისტროში, რომელიც ასევე ჩაატარებს მონიტორინგს. ანუ პარალელურ რეჟიმში ვიმუშავებთ, რა თქმა უნდა, ერთმანეთთან მჭიდრო კონტაქტით.”

სამხედრო ნაწილებში სამხედრო მოსამსახურეთა უფლებების დაცვის გასაუმჯობესებლად ალტერნატიული მემორანდუმი მოამზადა არასამთავრობო ორგანიზაციამ ”სამართალი და თავისუფლება”, რომელიც 1996 წლიდან იცავს სამხედროთა უფლებებს საქართველოში. როგორც ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელი ირაკლი სესიაშვილი ამბობს, მემორანდუმი სრულიად კონკრეტული შინაარსისაა და რამდენიმე უმნიშვნელოვანესი ცვლილების გატარებას ითვალისწინებს:

[ირაკლი სესიაშვილი] ”ეს არის სამართლებრივი აქტების, ნორმატიული დოკუმენტების მომზადება და და დახვეწა, ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით, სასწავლო პროგრამებში ადამიანის უფლებათა შესწავლის შეტანა, ოფიცერთა მომზადება და მათი ტესტირება ადამიანის უფლებათა დაცვის ცოდნაში და ასევე ურთიერთობა ეკლესიასთან, მასმედიასა და არასამთავრობო ორგანიზაციებთან, რომ მოხდეს ამის თვალყურის დევნება.” (სტილი დაცულია)

მემორანდუმს, რომელსაც ეწოდება ”ათი ნაბიჯი ჯარისკაცთა უფლებების დაცვის გასაუმჯობესებლად”, არასამთავრობო ორგანიზაცია განსახილველად და გადაწყვეტილების მისაღებად სულ მალე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობას წარუდგენს. თუმცა არასამთავრობო სექტორს დიდი იმედი არა აქვს, რომ სამხედრო უწყება მათ რეკომენდაციებს გაითვალისწინებს. ცოტა ხნის წინ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა მის წინააღმდეგ შეთქმულებაში დაადანაშაულა არასამთავრობო ორგანიზაციის რამდენიმე წარმომადგენელი, რომლებმაც ქვეყნის სამხედრო პოლიტიკა გააკრიტიკეს.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG