Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამერიკელები ადასტურებენ გუანტანამოში ყურანის შეურაცხყოფის შემთხვევებს


მიმდინარე თვეში აშშ-ის ყოველკვირეულ ჟურნალ “ნიუსუიკში” დაიბეჭდა სტატია, რომელსაც დიდი მღელვარება, ზოგ შემთხვევაში საბედისწერო შედეგებიც კი მოჰყვა:

სტატიაში მოყვანილი იყო ცნობა, თითქოს გუანტანამოს სამხედრო ბაზაზე (იქ, სადაც ამერიკელებს ტერორიზმში ეჭვმიტანილები ჰყავთ დატყვევებული), მუსლიმანი ტყვეები შეურაცხყვეს წმინდა წიგნის - ყურანის - ტუალეტში ჩარეცხვით. მოგვიანებით ჟურნალმა სტატია მოხსნა (ამ ინფორმაციის მიმწოდებელ წყაროსთან დაკავშირებული პრობლემების გამო), მაგრამ აღშფოთება უკვე მოდებული იყო ისლამურ სამყაროს. რამდენიმე ქვეყანაში არეულობები დაიწყო. ავღანეთში, სულ ცოტა, 15 ადამიანი დაიღუპა. დღეს გავრცელებულ ცნობებში ლაპარაკია საპროტესტო გამოსვლებზე ინდოეთში, პაკისტანში, მალაიზიაში. წინა დღეს კი - ხუთშაბათს - აშშ-ის თავდაცვის სამინისტრომ პირველად დაადასტურა, რომ ყურანს მართლაც უდიერად მოეპყრნენ გვანტანამოში.

გუანტანამოს ამერიკულ სამხედრო ბაზაზე განთავსებული ციხე, რომელშიც ტერორიზმში ეჭვმიტანილები არიან დამწყვდეული, ექვემდებარება ამერიკელ ბრიგადის გენერალ ჯეი ჰუდს და ხუთშაბათს სწორედ გენერალმა ჰუდმა განაცხადა, რომ გუანტანამოში მართლაც მიაკვლიეს ყურანთან უდიერად მოპყრობის შემთხვევებს.

[გენერალ ჰუდის ხმა] “შევისწავლეთ ერთობლივი სამუშაო ჯგუფის წევრების ყურანის შეურაცხყოფაში დადანაშაულების 13 შემთხვევა. 10 შემთხვევა მოდის ერთ-ერთ მცველზე, 3 - თანამშრომლებზე, რომლებმაც ტყვეების დაკითხვა აწარმოეს. დავადგინეთ, რომ 13-დან მხოლოდ 5 ინციდენტი შეიძლება ჩაითვალოს ყურანთან უდიერად მოპყრობის შემთხვევებად. ამ ინციდენტებიდან 4 - მცველზე, 1 - გამომძიებელზე მოდის,” - უთხრა გენერალმა ჰუდმა ვაშინგტონში ჟურნალისტებს და დასძინა, რომ ორ სამხედრო პირს დისციპლინარული სასჯელი ემუქრება. ამავე გენერლის თქმით, აღრიცხულია ყურანთან თვით ტყვეების უდიერად მოპყრობის 15 შემთხვევა.

წეღან ჟურნალ “ნიუს-უიკში” დაბეჭდილი სტატია ვახსენეთ. ორიოდე დღის წინ კი ყურანის შეურაცხყოფის თემამ გაიჟღერა ავტორიტეტიან ორგანიზაცია “ამერიკის სამოქალაქო თავისუფლებათა კავშირის” პრეს-კონფერენციაზე. მასზე გამოამზეურეს შეერთებული შტატების უშიშროების სამსახურის - გამოძიების ფედერალური ბიუროს - დოკუმენტები, რომლებშიც ლაპარაკია ყურანის შეურაცხყოფის შემთხვევებზე...

ერთ ასეთ დოკუმენტში (ის 2002 წლის 1 აგვისტოთია დათარიღებული), გუანტანამოზე დაკავებული მამაკაცი ამერიკელებს ადანაშაულებს ყურანის ტუალეტში ჩარეცხვაში. ზემოხსენებულმა გენერალმა ჰუდმა ხუთშაბათს გამართულ პრეს-კონფერენციაზე ამ მამაკაცზეც ილაპარაკა: რომ მასთან საუბარში როგორც გაირკვა, ყურანის წაბილწვა მას კი არ უნახავს, არამედ სმენია ეს ამბავი.

[გენერალ ჰუდის ხმა] “მინდა, იცოდეთ - ვერ მივაგენით იმის სამხილებს, რომ გუანტანამოში ერთობლივი სამუშაო ჯგუფის რომელიმე წევრს, ყურანი ოდესმე ტუალეტში ჩაერეცხოს”.

გენერალ ჰუდის ამ განცხადებას უნდა დაემატოს, რომ ამერიკელი ოფიციალური პირები ხშირად გამოხატავენ დიდ პატივისცემას ისლამისა და მისი წმინდა წერილის - ყურანის მიმართ. საერთოდ, რელიგიისადმი პატივისცემა, მოგეხსენებათ, დემოკრატიის ერთ-ერთი მთავარი პრინციპია - აი, მუსლიმანების წმინდა წიგნთან მიმართებაში კი, როგორც ექსპერტები ამბობენ, ყველას განსაკუთრებული სიფრთხილე ჰმართებს. რატომ? გლაზგოს უნივერსიტეტის ისლამის კვლევის ცენტრის დირექტორი, მონა სიდიკი განმარტავს:
[სიდიკის ხმა] “მუსლიმანებისათვის ყურანი არ არის, უბრალოდ, წიგნი, რომელსაც კითხულობ. ის შეიძლება შეადარო ებარელთა თორას, ან ქრისტიანთა ბიბლიას მათდამი მოწიწებული დამოკიდებულების თვალსაზრისით. მაგრამ განსხვავება ის არის, რომ მუსლიმანები ყურანს მიიჩნევენ თვით ღვთის სიტყვად - პირდაპირი გაგებით. ეს ნიშნავს, რომ უნდა იყო, პირდაპირი მნიშვნელობით, სუფთა, რათა ყურანს შეეხო და რომ მისი კითხვა ღმერთთან შეხვედრას ნიშნავს”.

ბოლოს აღსანიშნავია, რომ 2003 წლის იანვრიდან გუანტანამოს ბაზაზე მომსახურე ამერიკულ პერსონალს დაურიგდა ყურანთან მოპყრობის წესდება, რომელშიც ისიც არის ნათქვამი, რომ ყურანი არ უნდა დაიდოს მორწმუნეებისთვის შეურაცხმყოფელ ადგილებში.
XS
SM
MD
LG