Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის პრესის მიმოხილვა


გიორგი კაკაბაძე, თბილისი რა გამოხმაურება პოვა რუსეთის პრესაში საქართველოდან რუსეთის სამხედრო ბაზების გაყვანის შესახებ ორი ქვეყნის შეთანხმებამ, რომლის ძალითაც 2008 წლის განმავლობაში რუსეთი დაასრულებს ბაზების გაყვანის პროცესს?

- დღევანდელ მიმოხილვაში, ამ თემის გარდა, შევეხებით საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას გარდაცვალებასთან დაკავშირებულ ეჭვებს.

გაზეთ ”ვედომოსტის” ინფორმაციით, ”ექსპერტები ირწმუნებიან, რომ განცხადება ბაზების შესახებ - ეს არის კრემლის მორიგი საგარეო პოლიტიკური მარცხი...

რუსეთის სტრატეგიული კვლევის ინსტიტუტის ექსპერტის ალეკსანდრ სკაკოვის აზრით, ბათუმში ანტიტერორისტული ცენტრის შექმნის თემა არ არის მნიშვნელოვანი. მისი თქმით, საქართველოს შეუძლია თავი აარიდოს მის შექმნას და არც რუსეთს სჭირდება ის ბათუმში, სადაც ჩვენი ბაზა, ფაქტობრივად, მძევლად იყო. სხვა საქმეა ახალქალაქი, ამ ბაზას ჰქონდა არა იმდენად სამხედრო, რამდენადაც პოლიტიკური მნიშვნელობა, სომხეთთან ჩვენი სამოკავშირეო ურთიერთობების გათვალისწინებით...და მისი აუნაზღაურებელი დაკარგვა - საქართველოს ხელმძღვანელობის სერიოზული წარმატებაა.”

გაზეთ ”კომერსანტის” თქმით, ”რუსეთი სერიოზულ დათმობებზე წავიდა, მაგრამ ბაზების გაყვანასთან დაკავშირებული უსიამოვნებები ამით არ დასრულებულა: ახალქალაქის ბაზის ახალი დისლოკაციის ადგილზე, გიუმრიში, გადაყვანამ შეიძლება სერიოზულად გააუარესოს ურთიერთობა მოსკოვსა და ბაქოს შორის.”

რაც შეეხება საქართველოს პოზიციას ახალქალაქის ბაზის დისლოკაციის ადგილის შეცვლასთან დაკავშირებით, გაზეთი ”ნოვიე იზვესტია” ბეჭდავს ინტერვიუს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ სალომე ზურაბიშვილთან, რომელიც ამბობს: ”ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისათვის, რომ მიგვეცა შესაძლებლობა რუსეთის სამხედროებისთვის, გაეტანათ ტექნიკა და გაეყვანათ პირადი შემადგენლობა რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე. ჩვენ გავითვალისწინეთ ის, რომ ყოველივე ამის შავი ზღვით გადატანისთვის დროა საჭირო და ამიტომ დათმობებზე წავედით. ყველაფერი დანარჩენი კი არ არის ჩვენზე დამოკიდებული. თუ რუსეთის სამხედრო ბაზების ნაწილს გადაიყვანენ ბაზებზე, რომლებიც სხვა ქვეყნებში, კერძოდ კი, სომხეთშია დისლოცირებული, ეს უკვე სცილდება ჩვენი გადაწყვეტილების ჩარჩოებს და არ არის დამოკიდებული ჩვენს სურვილზე.”

რუსეთის ბოლოდრონდელმა პრესამ არაერთი წერილი მიუძღვნა იმ ფაქტს, რომ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას ნათესავები არ იზიარებენ მისი სიკვდილის ოფიციალურ ვერსიას.

30 მაისის გაზეთი ”ნოვიე იზვესტის” თქმით, ”საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დაჰპირდა გარდაცვლილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას ოჯახის წევრებს, რომ მისი სიკვდილის გარემოებების გამოძიებას ევროპის ქვეყნების სპეციალისტები მიუერთდებიან.”

გაზეთი წერს, რომ ”გამოძიება უკვე დაასრულეს გამოძიების ფედერალური ბიუროს ექსპერტებმა. აღსანიშნავია ამ ექსპერტიზასთან დაკავშირებით მომხდარი კაზუსი. საქმე ის არის, რომ, როგორც გაირკვა, ამერიკელი სპეციალისტების დასკვნის ქართული თარგმანი კარდინალურად განსხვავდება ორიგინალისგან. გარდაცვლილის მეგობრები და დამოუკიდებელი ქართველი ჟურნალისტები ირწმუნებიან, რომ გამოძიების ფედერალურმა ბიურომ, ოფიციალური ცნობების საწინააღმდეგოდ, არ დაადასტურა გაგუდვით სიკვდილის ვერსია.”
XS
SM
MD
LG