Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ არსებული პრობლემები საქართველოსა და მის უახლოეს მეზობელ ქვეყნებში


თბილისში, “ქორთიარდ მარიოტში” მიმდინარე სემინარზე, რომელსაც ომბუდსმენის აპარატის წარმომადგენლები ესწრებიან საქართველოდან, აზერბაიჯანიდან და სომხეთიდან,

ამიერკავკასიაში სახალხო დამცველის ინსტიტუტის როლზე მიდის მსჯელობა. სემინარის მონაწილეებს გამოცდილი დასავლელი ექსპერტები ეხმარებიან გამოკვეთონ გზები სახალხო დამცველის ინსტიტუტის როლის გასაძლიერებლად. რამდენად ეფექტურია სახალხო დამცველის ინსტიტუტი ამიერკავკასიის ქვეყნებში და, მათ შორის, საქართველოში?

აზერბაიჯანში სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლებს კარგი ურთიერთობა გვაქვს ხელისუფლების სხვადასხვა წარმომადგენლებთან, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან და ეს ურთიერთობა გვეხმარება ყოველდღიურ მუშაობაში, რომელიც ადამიანის უფლებების დაცვაზეა ორიენტირებული, - გვითხრა აზერბაიჯანის სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომელმა, რომელსაც თბილისში მიმდინარე სემინარზე შევხვდით. მისი თქმით, ბაქოში სახალხო დამცველის აპარატში სხვადასხვა სფეროებში უფლებადარღვეული ადამიანების საჩივრები იყრის თავს. ადამიანები ჩივიან საკუთარი პოლიტიკური, ეკონომიკური თუ სოციალური უფლებების დარღვევების გამო; ბევრია საჩივარი, მიმართული კონკრეტული მოსამართლეების წინააღმდეგ.

[ აზერბაიჯანის სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლის ხმა] ” ადგილი აქვს ეკონომიკური, სოციალური, პოლიტიკური უფლებების შელახვას და ასე შემდეგ. პრობლემები გვაქვს მოსამართლეებთან. არიან დაბალი კულტურის მოსამართლეები, რომლებიც არღვევენ ადამიანის უფლებებს და ამისათვის მოსამართლის დამოუკიდებლობას, მის ხელშეუხებლობას იყენებენ. ”

ადამიანის პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური და სხვა უფლებები ასე თუ ისე განსხვავებული მასშტატებით ირღვევა ამიერკავკასიის სამივე ქვეყანაში და სამივე ქვეყანაში ბევრი რამ არის გასაკეთებელი სახალხო დამცველის ინსტიტუტის გასაძლიერებლად.” ქორთიარდ მარიოტში ” დაწყებულ სემინარზე ( ის კიდევ რამდენიმ დღეს გასტანს) თვალშისაცემი იყო ის, რომ საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლები სომეხ და აზერბაიჯანელ კოლეგებზე მეტად ავლენენ ხელისუფლების მიმართ კრიტიკულ დამოკიდებულებას. ეს ჩვენთან საუბრისას ერთგვარი სიამაყით აღნიშნა სოზარ სუბარმა - საქართველოს სახალხო დამცველმა. შეკითხვას, გაიზარდა თუ არა ბოლო თვეების მანძილზე საქართველოში სახალხო დამცველის ინტიტუტის როლი, ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებზე ხელისუფლების რეაგირების მიღწევის თვალსაზრისით, ის უპასუხებს:

[სოზარ სუბარის ხმა] ”ძალიან ხშირად ხდება, როცა ჩვენი წარმომადგენელბი აღმოაჩენენ უკანონო პატიმრებს. ბევრჯერ ასეთი პატიმრები გათავისუფლებულან. ხშირ შემთხვევაში ისინი მძიმე დანაშაულში იყვნენ ეჭვმიტანილი, მაგრამ მათ მიმართ იყო დარღვეული პროცესუალური ნორმები. მაგალითად, როცა გორში აღმოვაჩინეთ ფინანსური პოლიციის მიერ დაკავებული უკანონო პატიმრები, ფინანსური უფროსი ტიროდა: კონტრაბანდისტებს მათავისუფლებინებენო. მე არ ვიცი, ეს ადამიანები იყვნენ თუ არა დამნაშავეები, მაგრამ მათ მიმართ დარღვეული იყო პროცესუალური ნორმები. ”(სტილი დაცულია)

საქართველოს სახალხო დამცველი აღიარებს, რომ საქართველოში ისევ სერიოზული პრობლემაა უკანონო დაპატიმრების პრობლემა, როცა პირს აპატიმრებენ იარაღის ან ნარკოტიკული ნივთიერების ჩადების ხერხის გამოყენებით, რომ საქართველოში უწინდებურად ხშირია დაკავებულთა ცემის ფაქტები. თუმცა სუბარი ხაზს უსვამს, რომ დაკავებულთა ცემა აღარ ხდება აღიარების გამოძალვისთვის, რადგან გამოძიების წინაშე აღიარება აზრს კარგავს სასამარლოსთვის შესაბამისი განმარტების მიცემისთანავე. სახალხო დამცველი ამბობს, რომ დღეს დაკავებულებს დაკავების მომენტში სამართალდამცველები უფრო ჯავრის ამოსაყრელად სცემენ და შემდეგ განმარტავენ, რომ დაკავების დროს ადგილი ჰქონდა წინააღმდეგობის გაწევას. ასეა თუ ისე, ცემა - ცემაა. სამართალდამცველებისგან ნაცემი ბევრია, დაკავებულის ცემისთვის დასჯილი პოლიციელი კი - ცოტა. სახალხო დამცველს და მის აპარატს საქართველოში ჯერ კიდევ ბევრი აქვს გასაკეთებელი უფლებების დარღვევის ფაქტებზე სახელმწიფოს სათანადო რეაგირების მისაღწევად.
XS
SM
MD
LG