Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართულ-ოსური კონფლიქტი - უახლესი ისტორიის გაკვეთილები


13 წლის წინ, 1992 წლის 14 ივნისს დაგომისში ხელმოწერილი

სამშვიდობო შეთანხმებით დასრულდა ყოფილი სამხრეთი ოსეთის ავტონომიის ტერიტორიაზე მიმდინარე საბრძოლო მოქმედებები. წელიწადნახევრიან გამოუცხადებელ ომს ქართველებსა და ოსებს შორის ორივე მხრიდან რამდენიმე ასეული ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ბევრიც სიცოცხლის გადასარჩენად საცხოვრებელი სახლებიდან აიყარა, ორ მონათესავე ხალხს შორის მტრობა ჩამოწვა. დღეს, როდესაც ვითარება ”გაყინული კონფლიქტის” ზონაში კვლავაც საკამოდ დაძაბულია, სამხედრო პროგრამაში ”ჯარისკაცი და სახელმწიფო” გავიხსნებთ 13 წლის წინანდელ ზოგიერთ მივიწყებულ მოვლენას, რამაც საქმე სამხედრო დაპირისპირებამდე და გაუმართლებელ მსხვერპლამდე მიიყვანა.

დაგომისის შეთანხმება, რომლის ძალითაც ცხინვალის ზონაში ოთხმხრივი სამშვიდობო ძალები, თავის დროზე საქართველოში კინაღამ კიდევ ერთი სამხედრო გადატრილების მიზეზად იქცა. საქმე ისაა, რომ შეთანხმებამდე დარმდენიმე კვირის წინ, საქართველოს ეროვნული გვარდიის დანაყოფებმა ცხინვალის ირგვლივ ყველა გაბატონებული სიმაღლე დაიკავეს. ამ ოპერაციას მაშინ ეროვნული გვარდიის ბატალიონ ”თეთრი არწივის” სარდალი ყარყარაშვილი ხელმღძვანელობდა. მაგრამ სულ მალე გაიცა ბრძანება შეჩერებულიყო საბრძოლო მოქმედებები, სახელმწიფოს მეთაურმა ედუარდ შევარდნაძემ, რუსეთის გარანტიის ქვეშ, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას, სასწრაფო წესით მოაწერა ხელი. ხოლო გია ყარყარაშვილი, ვინც სამხედრო ოპერაციის გაგრძელებას უჭერდა მხარს, როგორც თავად ამბობს, საკუთარი ინიციატივის გამო შერისხეს.

[გია ყარყარაშვილის ხმა] "იმის გამო, რომ შევეცადე, მოწინააღმდეგის სტრატეგიული უპირატესობა შემომებრუნებინა ჩვენს სასარგებლოდ და ქართული ქვედანაყოფები გამემაგრებინა იმ პოზიციბზე, საიდაინაც ქართული სოფლების დაცვა უკეთ მოხერხდებოდა."

თუმცა, ედუარდ შევარდნაძეს, რომელიც, დაგომისის ხელშეკრულების წინარე პერიოდს, სავარაუდოდ, საკუთარ მემუარებში უფრო დაწვრილებით გაიხსენებს, ამ ნაბიჯის გადადგმა, ზედიზედ მომხდარმა რამდენიმე სისხლიანმა პროვოკაციამ აიძულა. 1992 წლის ივნისის თვეში შიდა ქართლში ზედდიზედ რამმდენიმე პროვოკაცია მოხდა. თავდაპირველად გორში დისლოცირებულ რუსეთის სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე გენერალ ბესიკ ქუთათელაძის მეთაურობით ქართველ სამხედროთა ჯგუფი აღმოჩნდა შესული. მოულოდნელად ატეხილი სროლის დროს გენერალი ბესიკ ქუთათელაძე და მისი თანმხლები რამდენიმე პირი სიცოცხლეს გამოასალმეს. სროლის დროს დაიღუპა რამდენიმე რუსი სამხედრო მოსამსახურე და მათი ოჯახის წევრი, რომლებიც ე.წ. სამხედრო ქალაქში ცხოვრობდნენ. რამდენიმე დღის შემდეგ კიდევ უფრო მძიმე ფაქტი მოხდა ცხინვალი-კეხვის შემოვლით გზაზე. იხსნებს გადამდგარი გენერალი გია ყარყარაშვილი.

[გია ყარყარაშვილის ხმა] "მოხდა შეტაკება გარკვეულ ჯგუფსა და ადგილობრივ მოსხლეობას შორის. რაც ძალიან მძიმე შედეგით დამთავრდა: გარდაიცვალა 32 ქალი და ბავშვი."

იმ პერიოდის სამხედრო ოპერაციაში ღებულობდა მონაწილეობას გადამდგარი გენერალ კობა კობალაძეც. მისი თქმით, არ არის გამორიცხული, რომ ასეთი ვანდალური აქტები სწორედ მესამე ძალის მიერ ყოფილიყო ჩადენილი, რათა ოსებსა და ქართველებს შორის სიძულვილი კიდევ უფრო გაძლიერებულიყო. კობა კობალაძე ასახელებს სპეცრაზმს, რომელიც მაშინ ამიერკავკასიაში რუსეთის სამხედრო დაჯგუფების სამხედრო დაზვერვას ემორჩილებოდა და რომლის მომსახურებითაც, რაოდენ პარადოქსულიც უნდა იყო, ორივე მხარე სარგებლობდა.

[კობა კობალაძის ხმა] " პირველად მაშინ გამოჩნდნენ რუსების "მფრინავი თაგვები", არის ასეთი სპეციალური დანაყოფი, იქითა მხრიდანაც და აქედანაც. და პირველი შეხებები და მსხვერპლიც უფრო მესამე მხარის დამსახურებაა იყო ვიდრე ერთმანეთის."


მაგრამ შეიძლება, თუ არა პარალელების გავლება დღევანდელსა და 13 წლის წინანდელ პროცესებს შორის? რამდენად არის დაზღვეული საქართველო იმისაგან, რომ რაღაც შეიარაღებული ჯგუფმა არ მოაწყოს დივერსიული აქტი კონფლიქტის გასაღვივებლად?

პირველი დამაიმედებელი სიმპტომი, რომ ეს არ განმეორდება საქართველოს სამხედრო სივრცის ინტეგრირებულობაა. ფაქტია, რომ დღევანდელი ხელისუფლების იურისდიქციის ქვეშ არსებულ ტერიტორიაზე უკევ აღარ არსებობენ პარამილიტარისტული დაჯგუფებები - "მხედრიონის", "იმედის", "მერაბ კოსტავას საზოგადოებისა" თუ სხვადასხვა პარტიების დაქვემდებარებაში მყოფი რაზმების სახით. რაც მთავრია, მოკონფლიქტე მხარეებს შორის დგას სამშვიდობო ოთხმხრივი სამხედრო ძალა, რომელსაც ეუთოს მისია აკონტროლებს. და მაინც ეს არ არის აბსოლუტური გარანტია. გავიხსენოთ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ შარშან ზაფხულში ვერ შეძლო ესკალაციის თავიდან აცილება, მიუხედავად ოსებისადმი საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის არაერთი ტელემიმართვებისა.

[მიხეილ სააკაშვილის ხმა] "თქვენ ხართ ჩვენთვის ძალიან საყვარელი მოქალაქეები, რომელიც უნდა დავიცვათ, რომელსაც უნდა გავუფრთხილდეთ, რომელსაც ყველაფერი უნდა გავუკეთოთ. არის ნამდვილი სირცხვილი, ის, რაც მოხდა ოსებსა და ქართველებს შორის. და მე მინდა გითხრათ, რომ ეს დარჩა წარსულში. მე და ჩემი მეგობრები არაოდეს დავიშვებთ, რომ ოსებს ვინმემ აწყენინოს, როგორც ეს მოხდა 90-იანი წლების დასაწყისში."


ის რაც შარშან მოხდა, სამხედრო-ჰუმანიტარული შტურმი ცხინვალზე, ქართველი პოლიციელების დატყვევება და ცხინვალში დაჩოქება, 16- ქართველი ჯარისკაცის დაღუპვა და თლიაყანის შტურმი, უფრო მეტია, ვიდრე სირცხვილი და წყენინება. მაგრამ საქართველოს ხელისუფლებას ეყო გამბედაობა, მოეთოკა ემოციები და სამხედრო ოპერაციის შეწყვეტის ბრძანება გაეცა. მაგრამ გაყინული კონფლიქტი ”გალღვა” და ამის მაგალითია სულ ცოტა ხნის წინ მოკლული ოთხი ოსი და ოთხი გატაცებული ქართველი, რომელსაც მეორე კვირა უშედეგოდ ეძებენ სამართალდამცველები.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG