Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ადამიანის უფლებების ჰელსინკის საერთაშორისო ფედერაციის წლიური ანგარიში


ევროპაში უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია დემოკრატიას უწყობს ხელს და მის 55 წევრ ქვეყანას ეხმარება დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობაში.

ამავე დროს იგი აქტიურად მონაწილეობს კონფლიქტებისა და კრიზისების მოგვარებასა და პრევენციაში. მაგრამ ძირითადი სამუშაო თავად ორგანიზაციის წევრი ქვეყნების გასაწევია. " ადამიანის უფლებების ჰელსინკის საერთაშორისო ფედერაციის" თანახმად, ეუთოს შემადგენლობაში მყოფ ქვეყნებში ჯერ კიდევ ძალზე ბევრი რამაა გასაკეთებელი ამ მიმართულებით. 27 ივნისს გამოქვეყნდა ფედერაციის წლიური ანგარიში.

ვენაში განთავსებული ადამიანის უფლებების ჰელსინკის საერთაშორისო ფედერაცია არის ადამიანის უფლებების სფეროში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციათა ჯგუფი. მის 500-გვერდიან წლიურ ანგარიშში მიმოხილულია ვითარება ეუთოს წევრ 38 ქვეყანაში. მათი გეოგრაფია საკმაოდ ფართოა: ევროპა, კავკასია, ცენტრალური აზია, ჩრდილო ამერიკა. 24 მათგანი ყოფილი სოციალისტური ქვეყანაა, 13 კი ეტაბლირებული დასავლური დემოკრატია.

[როდსის ხმა] "ძნელია ადამიანის უფლებების სფეროში ზოგადი დასკვნების გაკეთება ქვეყანათა ისეთ ჯგუფთან დაკავშირებით, რომელთაგან ზოგი დემოკრატიისა და ლიბერალიზმის მხრივ მსოფლიოში მოწინავეთა შორისაა, ზოგი კი უკიდურესად რეპრესიულია. მაგრამ ერთი რამის თქმა ნამდვილად შეიძლება, რომ ადამიანი უფლებების ზოგიერთ სფეროში დიდი წინსვლა არ შეიმჩნევა," ამობობს ფედერაციის აღმასრულებელი დირექტორი აარონ როდი.

ფედერაციის ანგარიშის თანახმად, განხილული ქვეყნების 60 პროცენტზე მეტში მთავარი პრობლემური სფეროა სასამართლო და სამართალდამცავი ორგანოები. კერძოდ, პოლიციის მიერ ძალის გამოყენება, ზოგ შემთხვევაში წამება - არის ანგარიშის ერთ-ერთი ძირითადი საზრუნავი.

როგორც აარონ როდსმა უთხრა ჩვენს რადიოს, მისი ორგანიზაციის ამოცანა სულაც არ არის ეუთოს კრიტიკა. პირიქით, ჰელსინკის ფედერაცია ეუთოს დახმარებას უწევს ადამიანის უფლებების სფეროში. კრიტიკის ადრესატები კი ეუთოს მონაწილე ქვეყნები არიან ხოლმე. ამავე აზრს გამოხატავს თავად ეუთოს წარმომადგენელი ურდურ გუნარდოტირიც: [გუნარსდოტირის ხმა] "ადამიანის უფლებების ჰელსინკის ფედერაციის მიერ გამოთქმული კრიტიკა ხშირად ემთხვევა ეუთოს მიერ მრავალჯერ გამოთქმულ კრიტიკას. ეს ეხება თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს, ადამიანის უფლებებს, შეუწყნარებლობის წინააღმდეგ ბრძოლას და ა.შ. და ა.შ. ეს, ცხადია, მონაწილე ქვეყნების პასუხისმგებლობაა. ეუთო, როგორც ორგანიზაცია ყველაფერს ვერ შეცვლის."

საქართველოს 10 გვერდი ეთმობა ანგარიშში. საქართველოში 2004 წელი, ანგარიშის თანახმად, მიუხედავად დადებითი ცვლილებებისა, ერთობ წარუმატებლად შეიძლება ჩაითვალოს მთელ რიგ სფეროებში. ორგანიზაციის შეშფოთებას იწვევს საკონსტიტუციო ცვლილებები, რომლებიც თითქოს პოლიტიკური სისტემის ევროპულ სისტემასთან დაახლოებას ისახავდა მიზნად, მაგრამ საპირისპირო შედეგი გამოიღო პრეზიდენტის უფლებამოსილებების უკიდურესად გაზრდის გამო.

საგანგებო ყურადღება ეთმობა საფასურის გადახდის სანაცვლოდ პატიმრების განთავისუფლების პრაქტიკას, რაც, ანგარიშის ავტორთა აზრით, ფაქტობრივად აკანონებს იმას, რომ ფულის მქონე დამნაშავეებს შეუძლიათ სასამართლოსგან თავისუფლება იყიდონ.

"2004 წლის 28 მარტის საპარლამენტო არჩევნებში საქართველოს პოსტრევოლუციურმა მთავრობამ ვერ გაუძლო გამოცდას და ვერ შეძლო იმის ჩვენება, რომ მართლაც პლურალისტული საზოგადოების განვითარება სურს. ფაქტობრივად ერთპარტიული პარლამენტის შექმნა ეჭვს ბადებს, რომ მთავრობა რევოლუციური კონიუნქტურით უფრო ხელმძღვანელობდა, ვიდრე დემოკრატიის პრინციპებით," ვკითხულობთ ანგარიშში.

საქართველოს მთავრობას მსგავსი კრიტიკა არაერთხელ მოუსმენია ადამიანის უფლებების დამცველი საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან. როგორ რეაგირებს იგი ამ კრიტიკაზე? მოუსმინეთ ადამიანის უფლებების ინფორმაციისა და დოკუმენტაციის ცენტრის აღმასრულებელ დირექტორს, უჩა ნანუაშვილს: "ხელისუფლებამ ბოლო დროს უკვე დაიწყო გარკვეული რეაგირება. თუნდაც ის ფაქტი, რომ რამდენიმე ანგარიში, რომელიც ევროსაბჭომ გამოაქვეყნა, ანდა რომელიმე სხვა საერთაშორისო ორგანიზაციამ,... თავიდან ხელისუფლება ცდილობდა, წაეყრუებინა. თუმცა შემდეგ იძულებული გახდა, გარკვეულწილად მაინც შეესრულებინა მათი მოთხოვნები. თუმცა, უმეტესწილად ხელისუფლება მოქმედებს გაღიზიანებულად. ხელისუფლებას არ მოსწონს რეალურად, და ამას არც მალავს,... იგივე პრეზიდენტმა განაცხადა, რომ საქართველო არის დამოუკიდებელი სახელმწიფო და ჩვენ თვითონ ვიცით, როგორ უნდა ვმართოთ ქვეყანაო". (სტილი დაცულია)

ჰელსინკის ფედერაციის წლიურ ანგარიშში საქართველოსთან დაკავშირებით მიმოხილულია დარღვევები მთელ რიგ სხვა სფეროებშიც. ესაა პატიმართა წამება, ჩეჩენ ლტოლვილთა ბედი, კორუფცია სამართალდამცავ ორგანოებში, პრესის თავისუფლების შეზღუდვა. ანგარიშის სრული ტექსტი გამოქვეყნებულია ჰელსინკის საერთაშორისო ფედერაციის ვებსაიტზე:
http://www.ihf-hr.org/viewbinary/viewdocument.php?download=1&doc_id=6333
XS
SM
MD
LG