Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში ქართული კომპიუტერების წარმოება დაიწყო


ქართული ლეპტოპის შექმნის შემდეგ კომპანია ”მაქსტოპმა” გამოაცხადა, რომ ქართული პერსონალური კომპიუტერების ეგრეთ წოდებული დესკტოპების წარმოებას იწყებს.

ამ კომპანიის მიერ შექმნილი კომპიუტერების პრეზენტაცია 28 ივნისს ”შერეტონ მეტეხი პალასში” გაიმართა. “მაქსტოპი” ქართველ მომხმარებელს სთავაზობს 5 დასახელების პერსონალურ კომპიუტერს, რომლებიც განკუთვნილია სხვადასხვა ტიპის მომხმარებლებისათვის. მათ შორის არის ”სახალხო კომპიუტერი”, რომელიც ფართო მასებისთვისაა განკუთვნილი და, შესაბამისად, უფრო ხელმისაწვდომია.

[მუსიკა]

ქართველი ბიზნესმენები ბადრი პატარკაციშვილი და ავთო წერეთელი, პოლიტიკოსები მიხეილ მაჭავარიანი და ვანო ხუხუნეიშვილი დიდი ინტერესით ათვალიერებდნენ სასტუმრო “მეტეხი პალასში” გამოფენილ ქართულ კომპიუტერებს. ნანახით აღფრთოვანებულმა ბადრი პატარკაციშვილმა ასეთი სიტყვები წარმოთქვა:

[ბადრი პატარკაციშვილის ხმა] ”მე მგონია, რომ ჩვენ დიდი ხანია ამისთვის მზად ვართ და დროც მოვიდა, რომ ჩვენ მივიღოთ ეს ტექნოლოგიები... დაგილოცავთ გზას და კეთილი იყოს თქვენი შემობრძანება ქართულ ბაზარზე.”

ამჯერად ქართულ ბაზარზე კომპანია ”მაქსტოპის” მიერ ”ინტელის” მოწყობილობით დამზადებული 5 სახეობის კომპიუტერი შემოდის:

სპეციალური კომპიუტერი, მძლავრი ვიზუალური მოწყობილობით და მაღალი წარმადობის პროცესორით, - კომპიუტერული თამაშის მოყვარულთათვის; ასევე მაღალი წარმადობის მქონე სერვერის ტიპის კომპიუტერი - ბანკებისთვის; ლეპტოპები და, რაღა თქმა უნდა, ფართო მასებზე გათვლილი დესკტოპის ტიპის პერსონალური კომპიუტერი, სახელწოდებით ”სახალხო კომპიუტერი”.

მე კომპანია ”მაქსტოპის” პრეზიდენტს მინდია ქაშიბაძეს ვკითხე, თუ რით განსხვავდება “მაქსტოპის” პროდუქცია საქართველოში წარმოებული, აწყობილი სხვა კომპიუტერებისგან.

[მინდია ქაშიბაძის ხმა] ”ჩვენც აქამდე ისეთნაირად ვაწყობდით კომპიუტერებს, როგორც ჩვენი კონკურენტები. აქ მთავარი არის ის, რომ ეს კომპიუტერი არის აწყობილი მხოლოდ “ინტელის” პროდუქციაზე ან “ინტელის” მიერ სერტიფიცირებულ და რეკომენდებულ პროდუქციაზე, ანუ ეს განსაზღვრავს კომპიუტერის მაღალ ხარისხს.”

ქართული კომპიუტერების მაღალ ხარისხში ჟურნალისტებიც დარწმუნდნენ -ისინი, ვინც პრეზენტაციის დროს კომპიუტერებს მიუსხდნენ და თამაშიც კი დაიწყეს. მე ერთ-ერთ მათგანს, ფოტო კორესპონდენტ ზვიად ნიკოლეიშვილს, გავესაუბრე.

[ზვიად ნიკოლეიშვილის ხმა] ”მშვენიერია... მშვენიერი კომპიუტერია, ძალიან სწრაფია და კარგად მუშაობს. კარგია, რომ შეკვეთის გარეშე აწყობენ ასეთ კომპიუტერებს, იმიტომ რომ, ძირითადად, აქ ასეთი კომპიუტერები მარტო შეკვეთით იწყობა.”

ეს იმას ნიშნავს, რომ “მაქსტოპის” მიერ დამზადებული კომპიუტერის შეძენა წინასწარი შეკვეთის გარეშე იქნება შესაძლებელი. კომპანიის პრეზიდენტის მინდია ქაშიბაძის განცხადებით, ფართო მასებისთვის განკუთვნილი ”სახალხო კომპიუტერი”, რომლის პაკეტში შედის მაღალი სიჩქარის ინტერნეტთან 2 თვიანი უფასო შეერთება და შემდეგ მომსახურების დაბალი ტარიფი, სექტემბრიდან იქნება სერიულ წარმოებაში.

[მინდია ქაშიბაძის ხმა] ”დღეს მავანი და მავანი გვეუბნება, ჩამოგაქვთ და აქ აწყობთო. რა ვქნათ, აბა, სხვანაირად, ამით უნდა დავიწყოთ. მერე ამას მოჰყვება სხვა პროცესები. არის გეგმები, რომ პატარ-პატარა დეტალების წარმოება საქართველოში დაიწყოს. ასე ნელ-ნელა განვითარდება ბაზარი, სხვა ქვეყნებშიც ასე იწყებოდა.”

[მუსიკა]
XS
SM
MD
LG