Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უცხოეთის პრესის მიმოხილვა


გასულ კვირაში უცხოეთის პრესამ მთელ რიგ მოვლენებს დაუთმო ყურადღება. მაგრამ მათ შორის ორი დომინირებდა: ებრაული დასახლებების ევაკუაცია და ერაყის კონსტიტუციის მზადება.

ესპანეთის "ABC" დასახლებების დატოვებას უწოდებს ისტორიულ მოვლენას, რომელსაც ცოტა ხნის წინაც კი არავინ მიიჩნევდა შესაძლებლად. "ისრაელთა და პალესტინელების სამშვიდობო პროცესი წინ მიდის. ისრაელის გასვლა, მიუხედავად განსხვავებებისა, გვაგონებს კემპ დევიდის ხელშეკრულებას ეგვიპტესა და ისრაელს შორის და სინას ნახევარკუნძულის დაბრუნებას. მართალია, ღაზა პატარა მიწიაა, მაგრამ ამ ტერიტორიას უზარმაზარი სიმბოლური მნიშვნელობა აქვსო."

სლოვენიაში გამომავალი გაზეთი "დელო" 16 აგვისტოს ნომერში სვამს შეკითხვას, გაგრძელდება თუ არა მოლაპარაკებები და დამკვიდრდება თუ არა წმინდა მიწაზე დიდი ხნის ნანატრი მშვიდობა. თუ ორივე მხარე კვლავ ძალადობის მოჯადოებულ წრეში მოექცევა, რადგან ისრაელნი იფიქრებენ, რომ პალესტინელებმა ზედმეტად ბევრი მიწა მიიღეს.

"არსებობს სხვა შესაძლებლობაც", შენიშნავს გაზეთი, "რომ ორივე მხარეს შიდა დაპირიპირებები იჩენს თავს: ისრაელში ერთმანეთს დაუპირისპირდებიან ღაზიდან წასვლის მომხრეები და მოწინააღმდეგეები, პალესინაში კი ისრაელთან სამშვიდობო შეთანხმების მომხრეები და მოწინააღმდეგეები."

ამ თემას ავითარებს ბრიტანეთის "დეილი ტელეგრაფი", რომელიც პალესტინელთა შიგნით ძალაუფლებისთვის ბძოლაზე აკეთებს აქცენტს.

"ღაზაში პალესტინის განთავისუფლების ორგანიზაციისა და ჰამასის მომხრეებს ერთმანეთთან შეჯიბრი ექნებათ, ვის დროშას აღმართავენ სახელისუფლო შენობებზე. და რეგიონისთვის ის უფრო მნიშვნელოვანია, თუ ვინ გაიმარჯვებს ამ დავაში, ვიდრე კონფლიქტი ებრაელ მოსახლეებსა და მათ მთავრობას შორის. ამ რეგიონში მხოლოდ პალესტინის განთავისუფლების ორგანიზაციის დროშა უნდა ფრიალებდეს, ვინაიდან ეს გაღატაკებული და ტერორისტებისგან ნატანჯი ადგილი პალესტინური სახელმწიფოს ემბრიონად უნდა იქცეს," შენიშნავს ბრიტანული გაზეთი.

ერაყის მომავალი კონსტიტუციის თემას ეხება ოთხშაბათის ნომერში ავსტრიის გაზეთი "შტანდარდი". მას მერე, რაც კონსტიტუციის თაობაზე შეთანხმების საბოლოო ვადად 22 აგვისტო დაინიშნა, ვითარება ერთგვარად განიმუხტა, მაგრამ, გაზეთის აზრით, საერთო ჯამში ვითარება ერთობ უიმედოა, ოღონდ არა კონსტიტუციასთან დაკავშირებული პრობლემების გამო. გაზეთის პროგნოზი ერთობ პესიმისტურია: "ერაყში მთელი პოლიტიკური პროცესი თავიდანვე შეცდომებით იყო სავსე და საფიქრებელია, რომ ეს კონსტიტუცია, თუკი იგი საერთოდ იქნა მიღებული, ვითარებას ვერ შეცვლის."

"შტანდარდის" სკეპტიციზმს იზიარებს "ნოიე ციურიხერ ცაიტუნგი". შვეიცარიული გაზეთი ეჭვს გამოთქვამს თავად კონსტიტუციის მიღებასთან დაკავშირებით და შიშობს, რომ შიიტებსა და სუნიტებს შორის დაპირისპირება სამოქალაქო ომში შეიძლება გადაიზარდოს. "თუკი ერაყელებს ომის თავიდან აცილება სურთ, ისინი უნდა შეთანხმდნენ, რა წესით უნდათ, რომ ერთად იცხოვრონ. მერე კი ქაღალდზე დაწერილი წესი რეალობად აქციონ."

თურქეთის გაზეთი "მილიეთი" მეზობელ ქვეყანაში შექმნილ ვითარებას ასე აანალიზებს: "ერაყის წინააღმდეგ ამერიკის სამხედრო ოპერაციის შემდეგ ქვეყანა ისეთ მდგომარეობაშია, რომ იგი შეიძლება დაიშალოს. ცხადია, დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ კონსტიტუციით გარანტირებულ იქნეს ერთიანი, ფედერაციული ერაყი. მაგრამ მარტო ეს არ იკმარებს. ფედერაციულ სახელმწიფოებში მნიშვნელოვანი, შემაკავშირებელი როლი აქვს კეთილდღეობას. თუ ნავთობიდან მიღებული შემოსავალი სამართლიანად განაწილდება და მოსახლეობის პირობები გაუმჯობესდება, ქურთები, სუნიტები და შიიტები ერთი სახურავის ქვეშ ცხოვრებასაც მოინდომებენო", მიაჩნია სტამბოლში გამომავალ "მილიეთს".

XS
SM
MD
LG