Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

“მგლების იმპერია” – “რუსთაველში”


თბილისში წარმატებით გრძელდება ახალი ფრანგული ბლოგბასტერის, დეტექტივ-თრილერის, “მგლების იმპერიის”, ჩვენება.

ამ სურათის ნახვას, პირველ რიგში, ლუკ ბესონის ფილმების მოყვარულებს ვურჩევ.

და არამარტო ლუკ ბესონისა და ჟან რენოს მოყვარულებს... “მგლების იმპერია”, პირველ რიგში, ქართველი კინომწარმოებლებისთვის იქნება საინტერესო, იმ ხალხისთვის, რომელიც ამტკიცებს, რომ ჰოლივუდის პროდუქციას დღეს ვერავინ გაუწევს კონკურენციას მსოფლიო კინობაზარზე და ამიტომ ქართველმა რეჟისორებმა მხოლოდ ეგრეთ წოდებული “საავტორო კინო” უნდა აკეთონ; საინტერესო იქნება იმ “პატრიოტებისთვისაც”, რომლებიც დარწმუნებულები არიან, რომ უცხოელები არასდროს მოინდომებენ ქართულ “მაკდონალდსში” შესვლას, როცა შეუძლიათ მიირთვან ნამდვილი ქართული ხაჭაპური – რაც იმას ნიშნავს, რომ ქართველმა რეჟისორებმა დრო არ უნდა დაკარგონ და არავითარ შემთხვევაში არ უნდა მიბაძონ ჰოლივუდს... ფულიც რომ იშოვონ, მაინც არაფერი გამოუვათ.

ფრანგული კინოს ბოლოდროინდელი წარმატება გვაფიქრებინებს, რომ ეს ნაადრევი დასკვნებია... ფრანგები “საავტორო”, “საფესტივალო” ფილმებსაც იღებენ და სანახაობრივ ჟანრებსაც ადვილად იმორჩილებენ. უფრო მეტიც, ფრანგულ ბლოგბასტერზე, რომელიც ჰოლივუდის აშკარა გავლენით იქმნება, ამერიკაშიც დიდი მოთხოვნილებაა. აქამდე ფრანგებს ლუკ ბესონი ჰყავდათ, ახლა ბესონს კიდევ ერთი თანამოაზრე, “მგლების სამეფოს” რეჟისორი კრის ნაონი გაუჩნდა – ეგრეთ წოდებული “კლიპმაისტერი”, რომელიც აქამდე ფრანგული ესტრადის ვარსკვლავებთან მუშაობდა. ამიტომაცაა, ალბათ, რომ “მგლების სამეფო”, პირველ რიგში, კარგი გადაღებითა და მუსიკით მოგხიბლავთ.

[მუსიკა]

ლუკ ბესონისა და ჟან რენოს თაყვანისმცემლების საყურადღებოდ უნდა ითქვას, რომ “მგლების სამეფო” ბესონის პოპ-კინომდე მაინც ვერ ქაჩავს. ამ “პოლიციურ თრილერში” დიალოგები მეტისმეტად ბევრია და, თუ რუსული კარგად არ გესმით, შეიძლება ცოტა დაიბნეთ კიდეც, გაგიჭირდეთ ფილმის “ჩახვეულ სიუჟეტში” გარკვევა. თუმცა მაინც საეჭვოა, რომ მოიწყინოთ:“მგლების სამეფო” ხომ სავსეა ჰოლივუდის მიერ დამკვიდრებული სახეებითა და თემებით – აქ არის ახალგაზრდა და “გადამდგარი”, მაგრამ გამოცდილი პოლიციელის დუეტი, ეგზოტიკური სტამბული და წვიმიანი პარიზი, არის დევნა და “სასპენსი” და ასეთი ჟანრის კინოსთვის თითქმის აუცილებელი – ამნეზიის თემაც. ქართველი კინომწარმოებლების საყურადღებოდ უნდა ითქვას: ეს ყველაფერი შეიძლება სრულიად საკმარისი იყოს წარმატებისთვის... მთავარია მივაგნოთ ჟან რენოს მსგავს მსახიობს (რაც არ უნდა იყოს ძნელი) და ცოტა ფულიც ვიშოვოთ, რა თქმა უნდა.
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG