Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჰააგის ტრიბუნალის მთავარი ბრალმდებელი: ფრანცისკანელთა მონასტერი ომის დროს ჩადენილი დანაშაულისთვის ძებნილ ხორვატ გენერალს მალავს


მფარველობს თუ არა ვატიკანი სერბია-ხორვატიის ომის

დროს ჩადენილ არაერთ დანაშაულში ეჭვმიტანილ ხორვატ გენერალს, ანტე გოტოვინას, ჯერჯერობით საბოლოოდ დადგენილი არ არის. ფაქტი ისაა, რომ გოტოვინას ადგილსამყოფელს ვინც მიაგნებს, 5 მილიონ დოლარს მიიღებს აშშ-ის მთავრობისგან. ისიც ფაქტია, რომ გაეროს საერთაშორისო სამხედრო ტრიბუნალად წოდებული სასამართლო უწყების მთავარმა პროკურორმა კარლა დელ პონტემ ბრალად დასდო ვატიკანს, რომ არ თანამშრომლობს მასთან და რომ გენერალი ფრანცისკანელთა ერთ-ერთ მონასტერში იმალება, ხორვატიასა თუ მეზობელ ჰერცეგოვინაში. გოტოვინა კი ხორვატიაში მოსახლეობის ნაწილს გმირად მიაჩნია: მან და მისმა სამხედრო შენაერთმა გადამწყვეტი როლი ითამაშა 1992-1996 წლების სამხედრო მოქმედებისას - სერბთა თვითგამოცხადებული რესპუბლიკის, “კრაინის”, კვლავ ხორვატიისთვის დაბრუნებასა და გაეროს მფარველობის ქვეშ მყოფი ბიჰაჩის რეგიონის განთავისუფლებაში. გენერალ-პოლკოვნიკი - თუკი მისი მომხრეების ვებგვერდზე შეიხედავთ, ფოტოებს იხილავთ - კათოლიკური რწმენისა უნდა იყოს. მთავარი ბრალმდებელი დელ პონტე, როგორც ირკვევა, - ამაზე წერს ბრიტანეთის “დეილი ტელეგრაფი”, - ივლისში ჩასულა რომში, ვატიკანში, რათა თავისი ინფორმაცია გაეცნო ეკლესიისთვის და მისგან დახმარება მიეღო ეჭვმიტანილი გენერლის ძებნაში.

დელ პონტე დარწმუნებულია, რომ გენერალს ფრანცისკანელთა მონასტერი მალავს და რომ ვატიკანმა თუ მოინდომა, ერთ-ორ დღეში გაარკვევდა, ხორვატიაში არსებული 80 მონასტრიდან რომელს აფარებს თავს ანტე გოტოვინა. როგორც დელ პონტე ახლა ამბობს, ის ერთობ იმედგაცრუებულია, რადგან კათოლიკურმა ეკლესიამ უარი უთხრა დახმარებასა და თანამშრომლობაზე. მთავარ ბრალმდებელს მიუმართავს რომის პაპისთვის, ბენედიქტე 16-თვისაც, მაგრამ უშედეგოდ. ახლა მან გადაწყვიტა, ამის შესახებ საჯაროდ თქვას. დელ პონტე ვატიკანში ყოფნისას შეხვედრია ეკლესიის, ასე ვთქვათ, საგარეო საქმეთა მინისტრს, მთავარეპისკოპოს ჯიოვანი ლაიოლოს. მას უარი უთქვამს დახმარებაზე და განუცხადებია, ვატიკანი სახელმწიფო არ არის და მას არა აქვს საერთაშორისო ვალდებულება დაეხმაროს გაეროს ომის დამნაშავეების ძებნაშიო. დელ პონტე ამბობს, იქ მითხრეს, ჩვენ დაზვერვა არა გვყავსო, მაგრამ მას არ სჯერა ამის და აცხადებს, დიახაც ჰყავს ვატიკანს საკმაოდ კარგად განვითარებული დაზვერვის სამსახურიო.

გენერალი გოტოვინა ახლა 49 წლისაა. ის ყოფილი იუგოსლავიიდან წავიდა და საფრანგეთის უცხოელთა ლეგიონში ჩაეწერა; შემდეგ დაბრუნდა სამშობლოში და ხორვატიის არმიაში ჩაირიცხა. გოტოვინას ბრალდება 2001 წელს წაუყენეს. მას რამდენიმე ბრალდების გამო ეძებენ, მათ შორის, სულ მცირე, 150 კრაინელი სერბის დახოცვის, კერძო და საზოგადოებრივი საკუთრების ძარცვის, სამოქალაქო ობიექტებზე საჰაერო თავდასხმის, 150-დან 200 ათასამდე კრაინელი სერბის გასახლების გამო. ახლა დელ პონტეს ბრალდებას ხორვატიაშიც გამოეხმაურნენ. ხორვატიის ეპისკოპოსთა საბჭოს საზოგადოებასთან ურთიერთობის წარმომადგენელს, ანტუნ სულიჩს, მოუსმინეთ:
(სულიჩის ხმა)
“უცნაურია ხორვატიის კათოლიკური ეკლესიის და წმინდა საყდრის ასე დადანაშაულება, თანაც დამამტკიცებელი საბუთის გარეშე. საერთაშორისო თანამეგობრობამ განმარტება უნდა მისცეს ხორვატიის რესპუბლიკას და კათოლიკურ ეკლესიას ჰააგელი ბრალმდებლის ამ საქციელის გამო. ის ერთობ განერვიულებულია.”

ხორვატია ამასობაში ევროპის კავშირში შესვლას ცდილობს, მაგრამ ეს საქმე მას წინ ეღობება. განსაკუთრებით დიდი ბრიტანეთი და ჰოლანდია იქცევიან პრინციპულად და აცხადებენ, რომ ხორვატიამ “ჰააგასთან” თანამშრომლობა უნდა გააძლიეროს. ბრიტანეთმა მარტის თვეში მიაღწია შეეჩერებინა ხორვატიასთან მოლაპარაკების დაწყება ევროპის კავშირში მის გაწევრიანებასთან დაკავშირებით. “დეილი ტელეგრაფი” წერს, რომ გენერლის მომხრეებმა ხორვატიაში ომის დამნაშავეების ძებნით დაკავებულ უცხოელ გამომძიებელთა რიგებში “გამოავლინეს” ბრიტანეთის საშინაო უსაფრთხოების სამსახურისა და აშშ-ის დაზვერვის უწყების წარმომადგენლები. აღსანიშნავია, რომ ხორვატიის ხელისუფალთ გამოაცხადეს, მზად ვართ, რეიდი მოვაწყოთ ნებისმიერ მონასტერში გოტოვინას მოსაძებნადო. ხუმრობა საქმე არ არის: გოტოვინა ბოსნიელ სერბ რადოვან კარაჯიჩისა და მისი სამხედრო მეთაურის, გენერალ მარკო მლადიჩის, რანგის ეჭვმიტანილია.
ჩვენ შეგვიძლია მოგასმენინოთ ხორვატიის პრემიერ-მინისტრის ივო სანადერის კომენტარი:
(სანადერის ხმა)
“ჩვენი ინფორმაციით, ანტე გოტოვინა ხორვატიაში არ არის. თუკი ვინმეს აქვს ამაზე ცნობა, კარგი იქნება, თუ გაგვიზიარებს.”
კარლა დელ პონტე, როგორც თვითონ ამბობს, ორმაგად იმედგაცრუებულია კათოლიკური ეკლესიის საქციელით, რადგან თვითონაც კათოლიკეა. რაც შეეხება ხორვატიის მთავრობის დაპირებას, ჰააგის მთავარ ბრალმდებელს ეს გოტოვინას შეპყრობის საქმეს არ უადვილებს, რადგან ვატიკანმა დახმარებაზე უარი უთხრა. დელ პონტე მედგარი მებრძოლია. შვეიცარიაში პროკურატურაში მუშაობის დროს მას მაფიამ თავდასხმა მოუწყო, რასაც პროკურორი ქალი სასწაულით გადაურჩა.
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG