Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სოხუმის თეატრის პრემიერა


სოხუმის დაცემის დღეს დაემთხვა პრემიერა თბილისის “სამეფო უბნის თეატრში”. სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის თეატრის მსახიობებმა,

რომელთაც თავიანთი შენობა არა აქვთ, ახალი სეზონი გახსნეს გურამ ოდიშარიას პიესით “ზღვა, რომელიც შორსაა”. ამ ერთმოქმედებიან წარმოდგენას, რომელიც თემურ ჩხეიძემ დადგა, მეც დავესწარი.

[სცენა სპექტაკლიდან. ზღვის ხმაური]

ტალღები, ზღვის ხმაური, რომელიც “სამეფო უბნის თეატრში” სპექტაკლის დაწყებამდე ისმოდა, პრემიერაზე მობრძანებული ადამიანების ცხოვრების ნაწილია. “ზღვა, რომელიც შორსაა” – ასე ჰქვია სოხუმელი მწერლის გურამ ოდიშარიას პიესას. სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის თეატრის დასისთვის, დევნილებისთვის, ეს ზღვა, მართლაც, შორსაა. ამ ზღვას რომ მიაღწიო, სპეციალური საშვია საჭირო ენგურზე გადასასვლელად. სწორედ ასეთი საშვით ხვდება სოხუმში სპექტაკლის გმირი ზურაბი, რომლის როლსაც თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი დიმიტრი ჯაიანი ასრულებს. ზურაბი მამის საფლავზე მიდის, მერე კი თავის ბავშვობის მეგობარს, ასტამურს, ხვდება. მთელი ეს საათნახევრიანი წარმოდგენა, ფაქტობრივად, ასტამურისა და ზურაბის დიალოგია – მწვავე დიალოგი, რომელსაც შეურაცხყოფაც ახლავს და თანაგრძნობაც, აგრესიაც და სიყვარულიც, მაგრამ მაინც დიალოგი, ადამიანური საუბარი.

[სცენა სპექტაკლიდან] “საიდან ასეთი სიძულვილი, ასტამურ?...”

ჩვენ ახლა ზურაბის მონოლოგი შემოგთავაზეთ. მაგრამ არა იმიტომ, რომ ზურაბი მართალია, ასტამური კი მტყუანი. უბრალოდ, წარმოდგენა თითქმის მთლიანად რუსულ ენაზე თამაშდება, რადიომსმენელისთვის სპექტაკლის ნაწყვეტის ქართულად თარგმნა კი საჭიროდ არ მივიჩნიეთ.
ზურაბი მართალია, მაგრამ ასტამურიც მართალია. გურამ ოდიშარიას პიესაში ადამიანთა ბედი მარტივად არ წყდება. ორივე მხარეს აქ თავისი სიმართლე მოაქვს. სიმართლე – სცენაზე, დარბაზის, მაყურებლის გასაგონად... როცა დაპირისპირებული მხარეები ვერ ახერხებენ დაელაპარაკონ ერთმანეთს ცხოვრებაში, ისღა გვრჩება, დიალოგი სცენაზე მაინც შედგეს... გამოგონილი, გათამაშებული, ზოგჯერ ცოტა სწორხაზოვან-პათეტიკური, მაგრამ მაინც დიალოგი.

“სამეფო უბნის თეატრში” წარმოდგენილ პრემიერაზე მაყურებელს შორის იმ ხალხსაც მოვკარი თვალი, რომელიც ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ძალისმიერი გადაწყვეტის მომხრე იყო და ცალმხრივად ადანაშაულებდა ეთნიკურ აფხაზებს, უფრო მეტიც, “აფსუებს” უწოდებდა მათ. ისეთი შთაბეჭდილება შეიქმნა, რომ სასოწარკვეთილი ასტამური, აფხაზეთის დამოუკიდებლობით რომ იწონებს დღეს თავს, მათ მიმართავდა სცენიდან... ასტამურს თბილისში დღეს უკვე ჰყავს მსმენელი – “ზღვა, რომელიც შორია” ამ დღეებში კვლავ იქნება წარმოდგენილი “სამეფოში”, მაგრამ როდის მოუსმენენ ზურაბს ასტამურის თანამემამულეები, როდის იქნება შესაძლებელი ამ სპექტაკლის ჩვენება სოხუმში? ამ კითხვით მივმართეთ სწორედ პიესის ავტორს, გურამ ოდიშარიას.

[გურამ ოდიშარიას ხმა] “ეგ ჩვენი ოცნებაა, მაგრამ დაძაბული პოლიტიკური სიტუაციის გამო არ არის რეალური, რომ სოხუმში ჩავალთ ამ სპექტაკლით.”

პიესის ავტორის თქმით, თემურ ჩხეიძის სახელი თავისთავად ნიშნავს იმას, რომ ამ წარმოდგენით, სოხუმში თუ არა, რუსეთში ნამდვილად დაინტერესდებიან. გურამ ოდიშარიას ვკითხეთ, როგორ დაიწყო თანამშრომლობა თემურ ჩხეიძესთან.

[გურამ ოდიშარიას ხმა] “ბატონმა თემურმა წაიკითხა ჩემი წიგნები, მოეწონა მისი სულისკვეთება და თქვა, მოდი, გავაკეთოთ რამე ახალი... შარშან მოვხვდი სოხუმში და დაახლოებით ჩემი მოგზაურობის შთაბეჭდილებებია...მე და ბატონი თემური ექვსი თვე მაინც ვმუშაობდით ამ სპექტაკლზე.”(სტილი დაცულია)

ექვსი თვე საკმარისი აღმოჩნდა თეატრალური დიალოგისთვის, რომელიც საქართველოს გაერთიანებით და აფხაზეთში დევნილების დაბრუნებით სცენაზეც არ მთავრდება. ზღვა ისევ შორს რჩება, მაგრამ ზურაბს და იმ ადამიანებს, რომლებიც ამ დღეებში გურამ ოდიშარიას პიესის სანახავად მივლენ, ზღვის ხმა ისევ კარგად ესმით.
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG