Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

“რაც გინახავს, ვეღარ ნახავ” – 40


სტალინის გარდაცვალების შემდეგ საბჭოთა კავშირში

ასიათასობით ადამიანის რეაბილიტაცია დაიწყო. ციმბირის ბანაკებიდან ბრუნდებოდა უდანაშაულო ხალხი, რომელსაც სტალინის რეჟიმმა მშობლები, შვილები დაუხვრიტა. ხრუშჩოვის ხელისუფლებამ ღია ბრძოლა გამოუცხადა კომპარტიის იმ აქტივისტებს, ვინც სტალინს ემსახურებოდა – მათ შორის ქართველ კინორეჟისორს, მიხეილ ჭაურელს. იოსებ სტალინის გარდაცვალების შემდეგ აიკრძალა ჭიაურელის დოკუმენტური ფილმი “დიადი დატირება”, რომელიც ბელადის დაკრძალვის რიტუალს ასახავს. ჭიაურელი სვერდლოვსკში გადაასახლეს, იქ, სადაც სტალინის საკონცენტრაციო ბანაკები იყო გახსნილი. მოგვიანებით სტალინის საყვარელი რეჟისორი საქართველოში დაბრუნდება და გადაიღებს ფილმ, მრავალმნიშვნელოვანი სახელწოდებით – “რაც გინახავს, ვეღარ ნახავ”. ჩვენს ყოველკვირეულ პროგრამაში “ოქროს საუკუნე” დღეს გიამბობთ ჭიაურელის პოპულარული კომედიის ისტორიაზე. მით უფრო, რომ ამის საბაბიც გვაქვს – ფილმის პრემიერიდან ზუსტად 40 წელი გავიდა.

[ხმა. “რაც გინახავს, ვეღარ ნახავ”]

მიხეილ ჭიაურელის იუმორზე საბჭოთა კავშირში ლეგენდები დადიოდა. იგი თავად იგონებდა ანეგდოტებს, მღეროდა, გიტარაზე უკრავდა და სახელგანთქმული თამადა იყო. უყვარდა მოულოდნელი გადაწყვეტილებების მიღება. 40-იანი წლების მიწურულს მოსკოვში, სასტუმრო “უკრაინაში”, სადაც თავისი პირადი ნომერი ჰქონდა, შეიტყო, რომ საბჭოთა კავშირში დამოუკიდებელი ინდოეთის პირველი პრემიერ-მინისტრის, ჯავაჰარლალ ნერუს, ვიზიტისთვის ემზადებოდნენ. მოიცვა ზოლიანი მაისური, ქურთუკზე თავისი ორდენები დაიმაგრა და, რაც მთავარია, თეთრ შარვალში გამოეწყო, ისეთში, ჩვენში “ნიფხავს” რომ ეძახიან. სასტუმროს ჰოლში ყველამ იფიქრა, რომ ეს ნერუ იყო. კაგებეს აგენტები გაოცებას ვერ მალავდნენ: როგორ მოაღწია მან სასტუმრომდე, როცა აეროპორტში არავინ დახვედრია?

სტალინის ეპოქაში ასეთი ხუმრობისთვის ადამიანს აუცილებლად ციმბირში გადაასახლებდნენ, მაგრამ ჭიაურელს ამას ვინ გაუბედავდა – იგი ხომ ბელადის საყვარელი რეჟისორი, უფრო მეტიც, მისი “პირადი რეჟისორი იყო”!

თუმცა მოგვიანებით მაინც გადაასახლეს... და არა ამ ხუმრობისთვის. სტალინის რეჟიმის დამხობის შემდეგ ნიკიტა ხრუშჩოვმა ბრძოლა გამოუცხადა ყველას, ვინც, მისი სიტყვებით რომ ვთქვა, “პიროვნების კულტს ქმნიდა”. ჭიაურელის გადასახლება ოფიციალურად იმით ახსნეს, რომ სვერდლოვსკში, სადაც ახალი კინოსტუდია გაიხსნა, პროფესიონალი რეჟისორები სჭირდებოდათ. ამბობენ, რომ თავდაპირველად ჭიაურელმაც დაიჯერა, რომ ურალში სამუშაოდ უშვებდნენ. მაგრამ როცა მისი ფილმები “ფიცი”, “ბერლინის აღება”, “დაუვიწყარი 1919 წელი” აიკრძალა, ნათელი გახდა, რომ მიხეილ ჭიაურელი, უბრალოდ, ჩამოაშორეს კინოს.

1956 წელს იგი თბილისში ბრუნდება და “ოთარაანთ ქვრივს” იღებს. ცდილობს, არ გამოხატოს გაღიზიანება იმის მიმართ, რაც ხდება ქვეყანაში. უფრო მეტიც, ასრულებს მუშაობას აბსოლუტურად კონიუნქტურულ ფილმზე “გენერალი და ზიზილები”, რომელშიც, ერთი მხრივ, მხარდაჭერას უცხადებს ხრუშჩოვის საერთაშორისო პოლიტიკას, მეორე მხრივ, თავისი საყვარელი მოტივის ერთგული რჩება – კვლავაც ქმნის მტრის ხატს დასავლეთისგან. თუმცა მოსკოვში ჭიაურელს უკვე აღარავინ აღიქვამს სერიოზულად – ახალი თაობა მის “სტალინურ ფილმებზე” ქილიკობს.

ეს მოსკოვში... თბილისში კი მას ისევ უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავს. რაც ყველაზე უფრო საგულისხმოა, ჭიაურელი უყვარს 60-იანელთა თაობასაც. ვერიკო ანჯაფარიძისა და მიხეილ ჭიაურელის სახლში, ფიქრის გორაზე, მუდმივად იკრიბებიან ახალგაზრდები – სტალინის საყვარელი რეჟისორი მათ, ამჯერად ბევრად უფრო თავისუფლად, 30-იანი, 40-იანი წლების კრემლის ისტორიებს უყვება. მან უკვე კარგად იცის, რომ ის დრო აღარ დაბრუნდება.

[ხმა. “რაც გინახავს, ვეღარ ნახავ”]

1964 წელს ჭიაურელი მოულოდნელ გადაწყვეტილებას იღებს – მუშაობას იწყებს მუსიკალურ კომედიაზე, რომელშიც გადაიღებს როგორც ქართული კინოს კლასიკოსებს – უფროსი თაობის წარმომადგენლებს, იმათ, ვინც “სტალინური ესთეტიკის” დამკვიდრებას შეუწყო ხელი ქართულ კინოში, ასევე ახალგაზრდებს, იმათ, ვინც დაანგრიეს ეს ესთეტიკა. 1965 წელს თბილისში ტრიუმფით შედგა პრემიერა ფილმისა “რაც გინახავს, ვეღარ ნახავ”. მაგრამ მოსკოვი დიდხანს არ იღებდა ფილმს. ეს იყო იშვიათი შემთხვევა საბჭოთა კინოს ისტორიაში, როცა “რესპუბლიკური პრემიერის” შემდეგ მთელი სამი წელი გავიდა, სანამ სურათი საკავშირო ეკრანზე გამოვიდოდა. არ არის გამორიცხული, რომ ცენზურა ფილმის საკავშირო პრემიერას მხოლოდ იმიტომ დასთანხმდა, რომ ჭიაურელის მტერი – ნიკიტა ხრუშჩოვი 1968 წელს უკვე მოხსნილი იყო.

[ხმა. “რაც გინახავს, ვეღარ ნახავ”]

რა თქმა უნდა, ჭიაურელის ამ კომედიაში, რომელსაც ავქსენტი ცაგარლის ამავე სახელწოდების პირველი პიესა დაედო საფუძვლად, არაფერი იყო ისეთი, რაც კომუნისტური ეპოქის იდეოლოგთა ეჭვს გამოიწვევდა. მით უმეტეს მაშინ, როცა საქართველოში “გიორგობისთვეს” და “არაჩვეულებრივ გამოფენას” იღებდნენ. ნათელი იყო მხოლოდ ერთი რამ – ჭიაურელი თავის თავს არ ღალატობდა: სტალინის ფიგურას თითქოს ჩაენაცვლა აკაკი ხორავას ყარაჩოხელი – გოლიათი კაცი, რომელიც ყველაფერს აგვარებს ფილმში... სტალინური კლასიციზმის ეს თავისებური გადმონაშთი, რომლის მიმართ მიხეილ ჭიაურელის სიმპათია აშკარაა. მოულოდნელად აღორძინდა სტალინის ეპოქის ფილმების ესთეტიკაც – სურათოვანი კადრები, სტატიკური და კარგად გათვლილი კომპოზიციები, შუქ-ჩრდილისა და ფერის მკვეთრი კონტრასტები – სწორედ ის, რაზეც ქილიკობდა ახალი თაობა, რაზეც ქოლიკობდნენ “კვაზიდოკუმენტური სტილის” მქადაგებლები.

მაგრამ ჭიაურელის ახალ ფილმზე საქართველოში არავინ იქილიკა. კი, ინტელექტუალებისთვის, რა თქმა უნდა, ეს “ოპერეტა” იყო მხოლოდ, მაგრამ ისინიც კი გაოცებულნი იყვნენ მსახიობების თამაშის ბუნებრიობით, სხარტი დიალოგებით, ცოცხალი ხასიათებით.
არჩილ გომიაშვილი თავის ამ დებიუტს კინოში დღემდე საუკეთესო როლად მიიჩნევს. სოფიკო ჭიაურელი ხშირად სწორედ ამ ფილმში განსახიერებულ როლს იხსენებს ნოსტალგიით. ნათელი იყო, რომ 60-იან წლებში, როცა ახალმა თაობამ კინოში ეგრეთ წოდებული “სუპერ რეალიზმი” დაამკვიდრა, ისევ იყო სანახაობრივ და, რაც მთავარია, “პირობით კინოზე” მოთხოვნილება. ასეთ პირობითობას ავტორი, როგორც წესი, მაშინ ქმნის, როცა რეალობა ნაკლებად იზიდავს... ანდა რეალობა არ აძლევს საშუალებას იყოს გულახდილი. არ არის შემთხვევითი, რომ ფილმის პრემიერის შემდეგ ჭიაურელი მულტიპლიკაციამ გაიტაცა. უფრო მეტიც, თითქმის დემონსტრაციულად მიმართა ნახატი გმირების სამყაროს... მიუხედავად იმისა, რომ მოგვიანებით აღიარა – თავდაპირველად ანიმაციის არაფერი მესმოდაო. 1968 წელს “განთიადის მომღერალი” გადაიღო, ხოლო 1969 წელს - მულტფილმი, ისევ ძალიან მრავალმნიშვნელოვანი სათაურით – “როგორ ასაფლავებდნენ თაგვები კატას”... რუსეთში მიიჩნიეს, რომ მიხეილ ჭიაურელი აქ პეტრე პირველის დაკრძალვას გულისხმობდა. თუმცა ყველამ, ვინც მეტ-ნაკლებად ახლოს იცნობდა მიხეილ ჭიაურელს, იცოდა, რომ სტალინის საყვარელი რეჟისორი აქ თავისი საყვარელი ბელადის დაკრძალვას გულისხმობდა. მას სიცოცხლის ბოლომდე სწამდა, რომ ქვეყნის ხსნა მხოლოდ გოლიათებს და მხოლოდ ბელადებს შეუძლიათ.
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG