Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსული საინტერნეტო გამოცემა “რეგნუმის” თანახმად, საქართველოს მხარემ თანხმობა განაცხადა, ამოქმედდეს


რუსული საინტერნეტო გამოცემა “რეგნუმის” თანახმად, საქართველოს მხარემ თანხმობა განაცხადა, ამოქმედდეს ტრანსკავკასიური სარკინიგზო გზის აფხაზეთის მონაკვეთი.

ამის შესახებ თურმე 11 ოქტომბერს ჟურნალისტებისათვის სომხეთის პრეზიდენტთან არსებული ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანს, ქვეყნის თავდაცვის მინისტრ სერჟ სარქისიანს განუცხადებია. “დღეისათვის რუსეთის მხარე აწარმოებს სარემონტო აღდგენით სამუშაოებს, რის შემდეგაც, ღვთის შეწევნით, სარკინიგზო გზა ფუნქციობას დაიწყებს.” ეს გახლავთ რუსული ინტერნეტგამოცემა “რეგნუმის” მიერ სომხეთის თავდაცვის მინისტრის სერჟ სარქისიანის განცხადებიდან მოყვანილი ციტატა. ტექსტში ასევე ნათქვამია, რომ რკინიგზის აფხაზეთის მონაკვეთთან დაკავშირებით ჯერ კიდევ რჩება გადაუჭრელი საკითხები, რაც სამმხრივი - რუსეთის, საქართველოსა და სომხეთის მხარეთა წარმომადგენლების -მოლაპარაკების დროს უნდა გადაიჭრას. სომხეთის ეროვნული კრების თავმჯდომარის არტურ ბაღდასარიანის თანახმად, აფხაზეთის სარკინიგზო მონაკვეთის ამოქმედების საკითხი განხილული იქნება “კავკასიის ოთხეულის” პარლამენტის თავმჯომარეთა შეხვედრაზე, რადგან ამ საკითხს სომხეთისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს, -იუწყება საინტერნეტო გამოცემა “რეგნუმი”.

მეორე რუსულენოვანი საინტერნეტო გამოცემა”როსბალტის” თქმით კი, საქართველოს პარლამენტი დღეს კონფლიქტის ზონაში მყოფ რუსეთის სამშვიდობო ძალებს “გამოსასწორებელ” ვადას დაუნიშნავს. უფრო ზუსტად, თუკი მშვიდობისდამცველები თავის მოქმედებას მანდატს არ შეუსაბამებენ, მაშინ მათ მოუწევთ საქართველოს ტერიტორიის დატოვება. ცხინვალის ზონის შემთხვევაში ბოლო ვადა 2006 წლის 10 თებერვლით განისაზღვრა, აფხაზეთისაში კი - 2006 წლის 15 ივლისით. რუსული სააგენტოს თქმით, საქართველოს პარლამენტის აბსოლუტური უმრავლესობა ერთსულოვანია დადგენილების საკითხში, თუმცა არიან ისეთები, ვინც დოკუმენტის ტექსტს რუსული მხარისადმი “ლოიალურად” მიიჩნევს. მაგალითად, საქართველოს დეპუტატს ლიახვის ხეობიდან გურამ ვახტანგაშვილს მიაჩნია, რომ რუსმა მშვიდობისდამცველებმა კონფლიქტის ზონა დაუყოვნებლივ უნდა დატოვონ.


საინტერნეტო გამოცემა “გაზეტა ეს-ენ-გე” კი მკითხველს აუწყებს, რომ თბილისი უარს ამბობს საქართველოზე გამავალი გაზმომარაგების ქსელის აღდგენაში რუსეთის დახმარება მიიღოს და უპირატესობას ამერიკულ ფულს ანიჭებს. “გაზპრომის” დირექტორის მოადგილის ალექსანდრ რიაზანოვის თქმით, საქართველოს ასეთი გადაწყვეტილება პოლიტიკური ხასიათისაა და მას გრძელვადიანი ეკონომიკური პერსპექტივები არ უდევს საფუძვლად. ინტერნეტგამოცემა შეახსენებს მკითხველს, რომ რუსეთის მხარე მზად იყო ნავთობმაგისტრალის რეკონსტრუქციაზე 150 მილიონი დოლარი დაეხარჯა, ვაშინგტონმა კი საქართველოს იმავე სამუშაოებისათვის 50 მილიონი დოლარი გამოუყო, რაც, რუსეთის “გაზპრომის” დირექტორის მოადგილის რიაზანოვის თქმით, მხოლოდ ხვრელების ამოსავსებადაა საკმარისი.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG