Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამხედრო სისტემის მღელვარე კვირა


საქართველოს პარლამენტში თავდაცვის მინისტრის გამოსვლას

პოლიტიკოსებზე უფრო ის ოფიცრები და სამხედრო აკადემიის კურსანტები ელოდნენ, რომლებიც ქუჩაში სწორედ ირაკლი ოქრუაშვილის მიერ შემუშავებული რეორგანიზაციის წყალობით აღმოჩნდნენ. მაგრამ სამხედრო უწყების ხელმძღვანელმა, რომელმაც პარლამენტში მისვლამდე პრეზიდენტთან ერთად გაიარა მოთელვა კრწანისის პოლიგონზე, კიდევ ერთხელ დაანახვა ყველას, რომ საკუთარი პრინციპების გადახედვას არ აპირებს. გასულ კვირას ირაკლი ოქრუაშვილმა, ბოლოს და ბოლოს, კიდევ ერთ ფრონტზე მიაღწია “გამარჯვებას”: გენერალური შტაბის ყოფილი უფროსი, პრეზიდენტის მრჩეველი ვახტანგ კაპანაძე, რომელსაც თავდაცვის მინისტრი მთავარ ოპონენტად მიიჩნევდა, თანამდებობიდან გადადგა.


საქართველოს პრეზიდენტი და თავდაცვის მინისტრი კრწანისის სასწავლო ცენტრში დაბანაკებულ ქართველ რეკრუტებს ოთხშაბათს დილის 6 საათზე ესტუმრნენ, განგაშით წამოაყენეს ჯარისკაცები საწოლებიდან და მათთან ერთად 4 კილომეტრიანი კროსიც გაირბინეს. ამ უჩვეულო მარათონს მხოლოდ თავდაცვის სამინისტროს ვიდეოოპერატორი აფიქსირებდა, რომლის მიერ გადაღებული კადრები და სამხედრო უწყების ნაკარნახევი ტექსტი ყველა ქართულმა ტელეარხმა უკრიტიკოდ გაიმეორა, რის გამოც უხერხულობაში ჩააგდეს ჩვენი ქვეყნის მთავარსარდალი, რომელიც, დიდი სპორტული მონაცემებით, როგორც ცნობილია, არ გამოირჩევა. თურმე 4 კილომეტრის მანძილი მიხეილ სააკაშვილმა და ირაკლი ოქრუაშვილმა 15 წუთში დაფარეს. ასეთი მაღალი მაჩვენებელი კი ყველაზე მომზადებულ ამერიკელ რეინჯერს და “კომანდოს” შეშურდებოდა.

[ზვიად ჩადუნელის ხმა] “ ხუთიანი - ასი ქულა - თუ გინდა მიიღო, უნდა გაირბინო 12 წუთსა და 30 წამში 2 მილი [დაახლოებით 3 კილომეტრი]. ეს არის უმაღლესი შედეგი. მაგათ[ამერიკელებს] 4 კილომეტრი, როგორც ნორმატივი, არა აქვთ. 4 კილომერტი 15 წუთში, ეგ მაშინ უნდა იყო რაღაც სპორტსმენი.” (სტილი დაცულია)

განაცხადა რადიო “თავისუფლებასთან” საუბარში ამერიკის შეერთებული შტატების საკომანდო და გენერალური შტაბის კოლეჯის კურსდამთავრებულმა მაიორმა ზვიად ჩადუნელმა. ჩემი თანამოსაუბრე, ახალგაზრდა მაიორი ზვიად ჩადუნელი, იმ ოფიცერთა რიცხვს ეკუთვნის, რომლებიც სასწავლო მივლინებიდან დაბრუნების შემდეგ, თავდაცვის მინისტრ ირაკლი ოქრუაშვილის ბრძანებით, კადრების დაქვემდებარებაში გაიყვანეს, ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე. მაგრამ თუ ზვიადს და მის ბედქვეშ მყოფ ოფიცრებს მცირედი იმედი კიდევ ჰქონდათ, რომ სამხედრო სამსახურში დააბრუნებდნენ, გასულ კვირაში ირაკლი ოქრუაშვილმა მათ საბოლოოდ გადაუწურა იმედი:

[ირაკლი ოქრუაშვილის ხმა] “მათ მიმართ გვაქვს რაღაც კითხვები და ეს კითხვები შეიძლება ჰქონდეს როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს, ისე სამხედრო კონტრდაზვერვას. ბევრის მიმართ გვაქვს პრეტენზიები მათ კვალიფიკაციასა და განათლებასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ, კარგად მოგეხსენებათ, “ვარდების რევოლუციამდე” როგორ შეიძლებოდა ყოფილიყო ადამიანი 2 წლით სასწავლებლად გაგზავნილი. მისი ჩვევები და პროფესიონალიზმი შეიძლება არც ყოფილიყო გათვალისწინებული. და ხშირ შემთხევაში, ეს ადამიანები, მათი წოდებიდან გამომდინარე, -მაგალითად, პოლკოვნიკი, - შეიძლება არ შეესაბამებოდეს სერჟანტის დონესაც კი.”(სტილი დაცულია)

აქვს თუ არა სხვა - ირაკლი ოქრუაშვილის მინისტრობის პერიოდში დაწინაურებული - მოხელეების მიმართ სამხედრო დაზვერვასა და შინაგან საქმეთა სამინისტროს “დელიკატური შეკითხვები” და შეესაბამება თუ არა მათი პროფესიონალიზმი მათსავე სამხრეებზე ამოქარგული ვარსკვლავების სიდიდეს, სამხედრო უწყების ხელმძღვანელს არ დაუზუსტებია, ისევე როგორც უპასუხოდ დარჩა დეპუტატ ფიქრია ჩიხრაძის შეკითხვა, თუ როგორ მოხდა სამხედრო პოლიციის უფროსად პოლკოვნიკ ალეკო სუხიტაშვილის დაწინაურება - სუხიტაშვილის, რომელიც 5 თვის წინ საკმაოდ ხმაურიანი ბრალდებით, კონტრაბანდის მფარველობის გამო, გადააყენეს შიდა ქართლის პოლიციის უფროსის თანამდებობიდან. მაგრამ ალეკო სუხიტაშვილი ირაკლი ოქრუაშვილის ფავორიტია და, შესაბამისად, არავის აინტერესებს ის, თუ რა წერია მის შრომით ბიოგრაფიაში. აი, ბრიგადის გენერალ ვახტანგ კაპანაძეს კი არც უმწიკვლო სამხედრო ბიოგრაფიამ უშველა, არც ბუდესვერისა და უკრაინის გენერალური შტაბის აკადემიების ოქროს მედალზე დამთავრებამ და არც ბრძოლის ველზე გამოჩენილმა თავდადებამ. გენერალური შტაბის ყოფილი უფროსი, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის სამხედრო მრჩევლად მუშაობდა, კვირის ბოლოს, პირადი განცხადების საფუძველზე, თანამდებობიდან გადადგა. სანამ ამ გადაწყვეტილებას მიიღებდა, ვახტანგ კაპანაძე სამხედრო პოლიციაში დაკითხეს უკრაინიდან შემოტანილი ქვეითთა საბრძოლო მანქანების საქმის ირგვლივ. გენერალი გამომძიებლის კაბინეტიდან გამოსული არ იყო, რომ საინფორმაციო საშუალებებში გაიჟონა ინფორმაცია, თითქოს კაპანაძეს დაჭერას უპირებდნენ. გენერალი ვა-ბანკზე წავიდა. ერთი კვირის წინ რადიო “თავისუფლებისათვის” მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში გენერალმა კაპანაძემ განაცხადა, რომ იბრძოლებს საკუთარი სიმართლის დასაცავად. გთავაზობთ ფრაგმენტს ამ ინტერვიუდან:

[ვახტანგ კაპანაძის ხმა] “ეს ჩემი გადასაწყვეტი არ არის. ახლა ვის რა მაჯლაჯუნები მოელანდება ღამით და რას მოიფიქრებს, ეს არ ვიცი. კიდევ გეუბნებით: ის დოკუმენტები, რომელიც არსებობს, აბსოლუტურად არ შეესაბამება იმ სურვილს, რომ მე პასუხისგებაში ვიყო მიცემული. ისე კი, მე ჩემს სიმართლეს დავიცავ.“

სანამ სამხედრო უწყებიდან გრძელდება პროფესიონალი ოფიცრების დენადობა, უპატრონოდ მიტოვებულ სამხედრო ნაწილებში დისციპლინის მდგომარეობა უარესდება. ქუთაისის ჯავშანსატანკო ბრიგადის მეორე ქვეითი ბატალიონის 7 სამხედრო მოსამსახურეს ადგილობრივ პოლიციასთან, სამხედრო ნაწილის გარეთ, ერთ-ერთ კაფეში ჩხუბი მოუვიდა. ჩხუბის შემდეგ სამხედროები დააკავეს და სამთვიანი წინასწარი პატიმრობა მიუსაჯეს. ჯარისკაცებს გავლილი ჰქონდათ ქართულ-ამერიკული პროგრამა და სამხედრო ნაწილში საკონტრაქტო პირობით მსახურობდნენ - მათთან კონტრაქტი შევარდნაძის ხელისუფლებას არ გაუფორმებია.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG