Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ციხის მონიტორინგის სტანდარტებზე მუშაობა დასრულებულია


არასამთავრობო ორგანიზაციამ „ციხის საერთაშორისო რეფორმა“ გუშინ ოფიციალურად დაასრულა მუშაობა ციხის მონიტორინგის პროექტზე. პროექტის მიზანი სამხრეთ

კავკასიის ქვეყნების სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მონიტორინგის განვითარების ხელშეწყობაა. ამ მიზნით შეიქმნა პრაქტიკული სახელმძღვანელოც, რომელიც დაინტერესებულ პირებს თავისუფლების აღკვეთის ადგილებში მონიტორინგის ჩატარების კვალიფიციურ რჩევებს სთავაზობს.

[ნანა კაკაბაძის ხმა]“ ეს არის, უბრალოდ, მეგზური იმისათვის, როგორ ჩაატარონ, რა სახის კანონმდებლობა არსებობს, რომელზე დაყრდნობითაც მათ შეუძლიათ თავიანთი უფლებების რეალიზება მოახდინონ. მაგალითად, რისი უფლებები გააჩნიათ მათ შესვლის დროს, რა უნდა იქონიონ, რა არ უნდა იქონიონ, პატიმართა უფლებები რა არის და რომ ის არ მოვიდეს წინააღმდეგობაში მონიტორინგის ჩამტარებლის უფლებებთან და ასე შემდეგ.“(სტილი დაცულია)

ნანა კაკაბაძე, თავმჯდომარე არასამთავრობო ორგანიზაციისა „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისათვის“, ამ სახელმძღვანელოს ერთ–ერთი თანაავტორია. თუმცა იმის გამო, რომ ციხისა და სასჯელაღსრულებითი დაწესებულებების მონიტორინგის უფლება საქართველოში მხოლოდ სპეციალური მონიტორინგის საბჭოს აქვს, შეიძლება ითქვას, რომ ძალზე შეზღუდულია იმ პირთა წრე, რომელთაც ამ სახელმძღვანელოში აღწერილი რჩევების პრაქტიკული გამოყენება შეუძლიათ. არადა, როგორც ორგანიზაცია „ციხის საერთაშორისო რეფორმის“ ხელმძღვანელი მაურა პარინგტონი განმარტავს, მონიტორინგის წარმატებას სწორედ სასჯელაღსრულების სისტემის გამჭვირვალობა და მონიტორთა ქსელის გაფართოება წარმოადგენს:

[მაურა პარინგტონის ხმა]“ რა თქმა უნდა, მონიტორინგის საბჭოს საქმიანობა ძალზე მნიშვნელოვანია და იგი მომავალშიც უნდა გაგრძელდეს. თუმცა მე ვფიქრობ, ამ საბჭომ უკვე კარგად გააცნობიერა, რომ გუნდურობას მეტი წარმატება მოაქვს, ვიდრე ცალ–ცალკე მუშაობას. მაგრამ ფაქტია ისიც, რომ 18 ადამიანი სასჯელაღსრულებითი დაწესებულებების სრულფასოვანი მონიტორინგისთვის საკმარისი არ არის. უნდა შემუშავდეს რეალური მექანიზმი, რომელიც მონიტორინგის პროცესში ასობით ადამიანს ჩააბამს. ეს სისტემა მთავრობასთან ერთად უნდა შეიქმნას.“

თუმცა მანამ, ვიდრე სახელმწიფო საერთაშორისო რეკომენდაციებს გაითვალისწინებს, მონიტორინგის საბჭოს გარდა, სახელმძღვანელოს ძირითად მომხმარებლად სწორედ სასჯელაღსრულებითი დაწესებულებები ითვლებიან.

[შოთა კოპაძის ხმა]“ სახელმძღვანელო, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ჩვენთვის არის და, შეიძლება ითქვას, თითქმის სამოქმედო სახელმძღვანელოა ამ მიმართებით და მნიშვნელოვანი შენაძენია პენიტენციალური სისტემისათვის თანამედროვე ეტაპზე.“(სტილი დაცულია)



საქართველოს სასჯელაღსრულებითი დეპარტამენტის თავმჯდომარე შოთა კოპაძე, პენიტენციალურ სისტემაში მიმდინარე პროცესების გამო, არაერთხელ გამხდარა მონიტორინგის მოქმედი საბჭოს კრიტიკის საგანი. საბჭოს წევრთა ერთი ნაწილი დაბეჯითებით ამტკიცებს, რომ იგი დაკავებულ თანამდებობას არ შეესაბამება. კერძო კონფლიქტების შეფასება და მტყუან–მართლის გარკვევა ორგანიზაცია „ციხის საერთაშორისო რეფორმის“ წარმომადგენელთა კომპეტენციის ფარგლებს სცილდება. რაც შეეხება პენიტენციალური სისტემის შეფასებას, გასაგები მიზეზების გამო, უცხოელ ექსპერტებს მომავალზე საუბარი ურჩევნიათ.

[მაურა პარინგტონის ხმა]“იმედი მაქვს, რეფორმა იქნება ბოლომდე, მაგრამ დრო უნდა და ბევრი საქმეა.“

მაურა პარინგტონის თქმით, არასამთავრობო ორგანიზაცია „ ციხის საერთაშორისო რეფორმა“ , სასჯელაღსრულებით დაწესებულებებში მონიტორინგის სტანდარტების შექმნის პროექტის დასრულების პარალელურად, უკვე შეუდგა ახალ პროექტზე მუშაობას. მომდევნო პროექტი სასჯელაღსრულებით დაწესებულებებში წამების აღკვეთას ეხება. ძირითადი რეკომენდაცია აქაც ცალსახაა: ქვეყანამ გაეროს სტანდარტების შესაბამისად უნდა იმოქმედოს და განუხრელად დაიცვას პატიმართა უფლებები.
XS
SM
MD
LG