Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეუცვლიან თუ არა ადგილს გალაკტიონის ძეგლს?


დავით აღმაშენებლის ძეგლის დიდ დიღომში გადატანის შემდეგ თბილისელთა ერთ ნაწილს გაუჩნდა ეჭვი, რომ დედაქალაქის მერია სხვა ძეგლებსაც შეუცვლის მდებარეობას.

საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცა ვაკის რაიონში მდგომი გალაკტიონის ძეგლი, რომლის მახლობლადაც სამშენებლო კომპანია „აქსისი“ ორ 30 სართულიან შენობას აშენებს. რამდენად საფუძვლიანია თბილისელთა ეჭვი და ხომ არ არსებობს იმ ძეგლთა სია, რომელთაც უახლოეს მომავალში გადატანას უპირებენ?

დავით აღმაშენებლის ქანდაკება, მერიის გადაწყვეტილებით, უკვე დიდ დიღომში, აღმაშენებლის ხეივნის თავში, დგას. მიზეზი, რის გამოც წმინდა მეფის ქანდაკებას თბილისის ცენტრი დაატოვებინეს, ბანალურია: რესპუბლიკის მოედანზე მშენებლობა მიმდინარეობს. მსგავსი ვითარებაა შექმნილი გალაკტიონის ძეგლის მახლობლადაც, სადაც კომპანია „აქსისი“ ორ ცათამბჯენს აშენებს. და კიდევ, ეჭვი გალაკტიონის ძეგლის შესაძლო გადატანასთან დაკავშირებით თბილისის საკრებულოს წევრისა და დიდი პოეტის ძმის შვილიშვილის გიორგი ტაბიძის შემდეგმა პოზიციამაც გაამძაფრა:

[გიორგი ტაბიძის ხმა] „თუ ეს ცათამბჯენები, რომლებიც აშენდება, შთანთქავს გალაკტიონს, მაშინ უკეთესი იქნება ადგილი შეუცვალონ - მაგალითად, დადგან იქ, სადაც ადრე ორჯონიკიძის ძეგლი იდგა, ვაკე-საბურთალოს გზაზე. ეს ადგილი უფრო მოუხდება.“

თუმცა უნდა ითქვას, რომ მატერიალური კულტურის ძეგლისათვის ადგილმდებარეობის შეცვლის საკითხს არეგულირებს საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ კანონი, რომელიც მხოლოდ ქანდაკების ავტორისა და მესაკუთრის უფლებებს ცნობს. ანუ გალაკტიონის ძეგლის გადატანა-არგადატანასთან დაკავშირებით დიდი პოეტის ნათესავთა პოზიციას არსებითი მნიშვნელობა არა აქვს. მით უმეტეს, რომ ქალაქის მთავარი არქიტექტორი ნიკა ჩხაიძე ინფორმაციას ძეგლის გადატანის შესახებ არ ადასტურებს:

[ნიკა ჩხაიძის ხმა] „არა, არა, მსგავსი არაფერი ვიცი. ეგ არის ჭორი და ჭორზე რა კომენტარი გავაკეთო?!“

არადა, თბილისელთა ერთი ნაწილი დარწმუნებულია, რომ მერიაში აქვთ ეგრეთ წოდებული „შავი სია“, რომელშიც ის ძეგლებია შეტანილი, რომელთაც უახლოეს მომავალში ადგილის შეცვლას უპირებენ. დეპუტატმა ფიქრია ჩიხრაძემ ჩვენს დროს „მოსიარულე ძეგლების ეპოქაც“ კი უწოდა:

[ფიქრია ჩიხრაძის ხმა] „ეს არ უნდა იყოს ერთი ადამიანის გადასაწყვეტი. ყველაფერს აქვს თავისი წესი და კანონი. საერთოდ, უცნაურია, მოსიარულე ძეგლების ეპოქაში როგორ ამოვყავით უცბად თავი. რომელი ძეგლები საით მიდიან და საით მოგზაურობენ, ვეღარ გაიგებ.“

ნიკა ჩხაიძე ამტკიცებს, რომ მერია არ აპირებს ძეგლებისთვის ადგილის შეცვლას. „შავი სიის“ ხსენებაზე კი ეცინება:

[ნიკა ჩხაიძის ხმა] „არც ერთი ძეგლის გადატანაზე ჩვენ არ ვმსჯელობთ, ასეთი რამ არ იგეგმება... სერთოდ, ზღაპარია ეგ ყველაფერი.“

ასე რომ, თუ მერიის ხელმძღვანელობამ მოულოდნელად გადაწყვეტილება არ შეცვალა, ბრინჯაოში განსხეულებული „მეფე და პოეტი“, რომელიც ჭავჭავაძის გამზირზე 1980 წლიდან დგას, დიდი მეფის, დავით აღმაშენებლის, ქანდაკების ბედს არ გაიზიარებს.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG