Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პირველი გერმანელი მძევალი ერაყში


აშშ-ში გერმანიის ახალი საგარეო საქმეთა მინისტრის, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის ვიზიტთან დაკავშირებით, მიუნხენში გამომავალი გაზეთი “ზიუდდოიჩე ცაიტუნგი” წერს:

“ვაშინგტონში, ალბათ, არავინ მისტირის შტაინმაიერის წინამორბედს - იოშკა ფიშერს”- ფიშერი, როგორც ცნობილია, ერაყში ომის კატეგორიული მოწინააღმდეგე იყო. მისი და, საერთოდ, გერმანიის წინა მთავრობის ამ პოზიციის გამო კი გერმანია არ მონაწილეობს საერთაშორისო სამხედრო მისიაში, რომელსაც ერაყში შეერთებული შტატები ხელმძღვანელობს.

შესაძლოა, ამის გამოც ერაყში აყვანილ მძევალთა შორის აქამდე გერმანელი არ ყოფილა. აქამდე...

დღეს დილას გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ცნობა, რომ ერაყში პარასკევს დაიკარგა გერმანიის მოქალაქე ქალი. ამავე წყაროს ცნობით, საგანგებო ჯგუფი შეიქმნა მის მოსაძებნად.
ამასობაში კი გერმანიის საზოგადოებრივი ტელევიზიის, ARD-ს ბიუროს ბაღდადში მიაწოდეს ვიდეოჩანაწერი, რომელმაც დაადასტურა ვარაუდი, რომ გერმანელი გატაცებულია... სხვათა შორის გატაცებულია მისი ერაყელი მძღოლიც.

ვიდეოჩანაწერში გამტაცებლები გერმანიის მთავრობისაგან მოითხოვენ ერაყის მთავრობასთან თანამშრომლობის შეწყვეტას. წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი მძევალი ქალის მოკვლით იმუქრებიან. როგორც გერმანიის ახალმა კანცლერმა, ანგელა მერკელმა დღეს აღნიშნა, მთავრობა ყველა ღონეს იხმარს, ორივე მძევლის გამოსახსნელად. {მერკელის ხმა} იქვე კანცლერმა კატეგორიულად მოითხოვა გამტაცებლებისაგან მძევლების გაშვება.

რაც შეეხება გერმანელ მძევალს, ცნობილია მისი ვინაობა: ეს არის 43 წლის ზუზანე ოსტჰოფი, რომელიც რამდენიმე წელია ცხოვრობს ერაყში და საუცხოოდ ფლობს არაბულს. პროფესიით ის არქეოლოგია - სწორედ იმ პროფესიის ადამიანი, რომლის კოლეგებსაც მალე ერაყში განსაკუთრებით საპასუხისმგებლო ამოცანა დაეკისრებათ: სულ რამდენიმე დღის წინ გაირკვა, რომ გერმანიის არქეოლოგიური ინესტიტუტი უნდა შეუდგეს სარესტავრაციო სამუშაოებს ბაბილონში - კერძოდ ბაბილონის ისტორიულად უმნიშვნელოვანეს, ანტიკურ ნაწილში. და ეს მოხდება პირველად ერაყში ამერიკელებისა და მათი მოკავშირეების სამხედრო ინტერვენციის შემდეგ.

იუნესკოს დავალებით, გერმანიის არქეოლოგიური ინსტიტუტი ჯერ დაწვრილებით აღწერს ზარალს, რომელიც სამხედრო ოპერაციებმა ბაბილონს მიაყენა, შემდეგ კი დაცვისა თუ აღდგენის გეგმას შეიმუშავებს. ზარალი, როგორც ჩანს, დიდია: 2004 წლის დეკემბრამდე ანტიკურ ბაბილონს სამხედრო ბაზად იყენებდნენ, 3000-წლიან ნანგევებს შორის ტანკები და ჯავშანტრანსპორტიორები დადიოდა, შვეულმფრენები ეშვებოდა, ბანზინით გასამართი სადგურები იდგმებოდა. ასე, რომ არქეოლოგებს საქმე ბევრი აქვთ...

გერმანელი ექსპერტების გარდა, მსოფლიოს ამ ერთ-ერთ უძველეს, ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ისტორიულ და კულტურულ ძეგლზე სხვა ქვეყნებიდანაც მოელიან მეცნიერებს, მათ შორის ამერიკელებს. მაგრამ გერმანელი არქეოლოგის გატაცება, ბუნებრივია, არ აადვილებს მეცნიერთა ამოცანას. ის აჩვენებს, რომ უსაფრთხოების მხრივ ვითარება ერაყში კვლავინდებურად, ძალიან მძიმეა და რომ კეთილი მიზნები მეცნიერებს არ იცავს მოძალადეებისაგან.
XS
SM
MD
LG