Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სლოვენიის დედაქალაქ ლიუბლიანაში დასრულდა ეუთოს


სლოვენიის დედაქალაქ ლიუბლიანაში დასრულდა ეუთოს

მინისტრთა საბჭოს შეხვედრა. ეს საბჭო ეუთოსთვის მთავარ გადაწყვეტილების მიმღებ სტრუქტურას წარმოადგენს. საბჭო იმ წლებში იკრიბება, როდესაც ეუთოს სამიტი არ ეწყობა ხოლმე. შეკრებებზე ეუთოს ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები ორგანიზაციის მუშაობას განიხილავენ და აფასებენ. წლევანდელ შეხვედრაზე საკმაოდ ინტენსიურად განიხილეს საქართველოს ე.წ. "გაყინული" თუ გადაუჭრელი კონფლიქტების საკითხი. შესაბამისად, "ახალი ევროპის" დღევანდელ გამოშვებას ამ შეხვედრას ვუთმობთ.


ეუთოს მინისტრთა საბჭო 1990 წელს, ახალი ევროპის ქარტიით, პარიზში დაარსდა. მას შემდეგ საბჭო იმ წლებში იკრიბება, როდესაც ეუთოს სამიტი არ ტარდება. საბჭო ორგანიზაციის მუშაობას აფასებს და სამომავლო სტრატეგიას განსაზღვრავს.

წლევანდელი შეკრება საქართველოსთვის, ალბათ, მართლაც, განსაკუთრებით საყურადღებო იყო, ვინაიდან შეხვედრაზე განიხილეს როგორც ქვეყნის ტერიტორიაზე არსებული გადაუჭრელი კონფლიქტების პრობლემა, ისე რუსეთის ჯარების საკითხი. 5 დეკემბერს ეუთოს მორიგე თავმჯდომარემ და სლოვენიის საგარეო საქმეთა მინისტრმა დიმიტრი რუპელმა საქართველოსა და მოლდავეთში მოუგვარებელი კონფლიქტების სფეროში წინსვლაზე ილაპარაკა. მან თქვა, რომ სჯერა – თბილისი და მოსკოვი გააგრძელებენ ნაბიჯების გადადგმას საქართველოდან რუსეთის ბაზების გაყვანის შეთანხმების განხორციელებისთვის. მან აგრეთვე განაცხადა, რომ ეუთო საქართველოს სეპარატისტული მხარის - სამხრეთ ოსეთის - გამო კონფლიქტში მხარეებს შორის ურთიერთობის აღდგენის საქმეში მონაწილეობდა.

6 დეკემბრის სხდომაზე შეერთებული შტატების წარმომადგენელმა განაცხადა, რომ შტატები არ მოაწერს ხელს ახალ ხელშეკრულებას კონვენციური შეიარაღების შესახებ, სანამ რუსეთი არ გაიყვანს მთელ ჯარსა და სამხედრო აღჭურვილობას საქართველოდან და მოლდავეთიდან.
როგორც პოლიტიკურ საკითხებში სახელმწიფო მდივნის მოადგილე ნიკოლას ბარნსმა აღნიშნა, შეუძლებელია რუსული ჯარების ამ ორ რესპუბლიკაში ყოფნის მორგება შეიარაღების შესახებ ხელშეკრულებასთან:

[ბარნსის ხმა] “ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების შესახებ ხელშეკრულების ფუძემდებლური პრინციპია სუვერენული სახელმწიფოების უფლება, თვითონ გადაწყვიტოს საკუთარ ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის შეიარაღებული ძალების ყოფნა-არყოფნის საკითხი. მოლდავეთმა და საქართველომ არჩევანი გააკეთეს. ჯარები უნდა წავიდნენ და ეუთოს წევრმა ყველა ქვეყანამ მათ არჩევანს პატივი უნდა სცეს.”

ეუთოს მინისტრთა საბჭოს სხდომაზე სიტყვით საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გელა ბეჟუაშვილიც გამოვიდა. მან
მხარი დაუჭირა მოწოდებას ეუთოს სტრუქტურული რეფორმების შესახებ და ეუთოს მოუწოდა, უფრო აქტიური როლი შეასრულოს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის კონფლიქტების მოგვარების პროცესში. მანვე განმეორებით აღნიშნა, რომ საქართველო მტკიცედ ემხრობა კონფლიქტების მშვიდობიანად მოგვარებას. ამასთან, თბილისს შემუშავებული აქვს კონკრეტული ვადების მომცველი სამშვიდობო გეგმა, რომელიც სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების საფუძველი იქნება. გელა ბეჟუაშვილი, საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, რამდენიმე სხვა საკითხსაც შეეხო, მათ შორის საქართველოსა და რუსეთს შორის 2005 წლის 30 მაისს მიღწეულ შეთანხმებას ბათუმიდან და ახალქალაქიდან რუსეთის სამხედრო ბაზების გაყვანის შესახებ. მან შეაქო ეს შეთანხმება, თუმცა თქვა, რომ საჭიროა პროგრესი მოლაპარაკებაში, რომელიც ეხება საერთაშორისო სამეთვალყურეო მისიას გუდაუთაში, სადაც, საქართველოს ხელისუფალთა ვარაუდით, არ არის გამორიცხული, რუსეთის სამხედრო წარმომადგენლები ან აღჭურვილობა იყოს დარჩენილი.


მაგრამ ეუთოს მინისტრთა საბჭოს შეკრება, საბოლოოდ, დეკლარაციის მიღების გარეშე დასრულდა. ამის შესახებ ჟურნალისტებს დიმიტრი რუპელმა აცნობა. დეკლარაციის ნაცვლად, რუპელი გამოსცემს ე. წ . "თავმჯდომარის განცხადებას", რომელშიც დეკლარაციისთვის შემუშავებული საკითხების უმეტესობა იქნება შესული.
საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, დეკლარაცია რუსეთის პოზიციის გამო ჩავარდა - მოსკოვი არ დაეთანხმა იმ ფორმულირებას, რომლითაც ეუთოს ადამიანის უფლებების შესახებ ტექსტი და საქართველოდან და დნესტრისპირეთიდან რუსეთის ჯარების გაყვანის მოთხოვნა იყო ჩამოყალიბებული.
ლიუბლიანაში დიპლომატები აცხადებენ, რომ წელს მესამე წელია, რაც ეუთოს მინისტრთა საბჭოს სხდომა, რუსეთის შენიშვნების გამო, ერთობლივი დეკლარაციის გარეშე სრულდება.
  • 16x9 Image

    სალომე ასათიანი

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან. მუშაობს კულტურისა და პოლიტიკის თემებზე. არის ავტორი პოდკასტისა "ასათიანის კუთხე“, რომელიც ეხება ლიტერატურას, კინოს, მუსიკას, კულტურის ისტორიას, ფსიქოანალიზს, ფემინიზმის საკითხებს და იდეების ისტორიას.

XS
SM
MD
LG