Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

“ქართული გენია, როკვით განფენილი” - ქართული ცეკვის სახელმწიფო ანსამბლ “სუხიშვილის” ტურნე გერმანიაში


გერმანიის 50-ზე მეტ ქალაქს, ასევე ბელგიას,

დეკემბერ-იანვარში საშუალება აქვს იხილოს “ქართული გენია, როკვით განფენილი”, როგორც ნინო რამიშვილისა და ილიკო სუხიშვილის ქართული ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის ხელოვნებას გრიგოლ რობაქიძემ უწოდა. “სუხიშვილები” - ახლა ანსამბლს თენგიზ სუხიშვილი განაგებს - ყოველდღე ცეკვავენ ფრანკფურტის თუ ვეცლარის, ბერლინის თუ ფრიდრიხჰაფენის, მემინგენის თუ კემპტენის სცენებზე. ამ უკანასკნელში, კემპტენში, ბავარიის დასავლეთი ნაწილის, ალგოის, პროვინციულ ქალაქში, ალპებისპირეთში, მეც გახლდით მოწმე იმ აღტაცებისა, რაც - მართალია, მცირე რაოდენობის - მაყურებელს მოჰგვარა ამ ანსამბლის ქალიშვილთა და ვაჟთა როკვამ.

თენგიზ სუხიშვილმა კონცერტის შემდეგ მითხრა, განებივრებულები ვართ წარმატებით, მაგრამ მსახიობისთვის მთავარი მაყურებლის სიხარულიაო (სუხიშვილის ხმა).

ერთადერთი სიტყვა, რომელსაც მაყურებელი მიმართავდა კემპტენში თავისი აღტაცების გამოსახატავად, იყო “ფანტასტიკური” ან “შესანიშნავი”, “ძალიან კარგი”. ჩემი თხოვნის მიუხედავად, სხვა სიტყვებით დაეხასიათებინათ ნანახი, მხოლოდ ამას გაიძახოდნენ (მაყურებელთა ხმები).

მაყურებელთა შორის იყვნენ რუსულენოვანებიც, რომლებიც კონცერტის მერე სცენასთან მივიდნენ და რუსულად მიმართეს სუხიშვილებს, “ჩვენ თქვენ გვიყვარხართო” (მაყურებლის ხმა).

კემპტენი არ არის საუნივერსიტეტო ქალაქი, იქ ერთი-ორი სასწავლებელია, მაგრამ საქართველოს სწავლის მოწყურებულ ახალგაზრდებს იქაც ჩაეღწიათ და ცეკვის სანახავად მისულიყვნენ (ქართველი სტუდენტების ხმები).

ამ ქართველსაც, რომელიც გერმანელ ქალბატონზეა დაქორწინებული, თავი შინ ჰგონია “სუხიშვილების” კონცერტზე (მამაკაცის ხმა).

მისმა მეუღლემ, მომწვანო-მოცისფროთვალება გერმანელმა მომხიბლავმა ქალბატონმა, ასევე მოხიბლულმა ქართული ცეკვის მშვენიერებით, მისი ტემპერამენტით, ჩვენი თანამოსაუბრე გასცა - ქართული ცეკვა შინაც მინახავს, ჩემი ქმარი ქართველია, მაგრამ ასე კარგად არ ცეკვავსო(ქალის ხმა).

სუხიშვილების ანსამბლის ხელოვნების მიმართ ბოლო ხანს ინტერესი გაზრდილა ახალგაზრდებს შორის. ამას თენგიზ სუხიშვილმაც გაუსვა ხაზი ჩემთან საუბარში (სუხიშვილის ხმა). ანსამბლის ერთ-ერთი სოლისტი, თეა დარჩია, ასევე ამბობს, რომ ახალმა ცეკვებმა, სახეცვლილმა მუსიკამ, ახალგაზრდები დააინტერესა ქართული ხალხური ცეკვით, რომელიც ქართულ-ტრადიციულ ხასიათს, ცხადია, ინარჩუნებს (სოლისტი ქალის ხმა). კონცერტის შემდეგ, ამ დაუსრულებელი ტაშის და ბისზე გამოსვლის შემდეგ, დაღლილი მოცეკვავეები არ დავინდე და ვკითხე, რა განცდები გამოიწვია მათში მაყურებლის მიერ ასე თბილად მიღებამ. ბევრი არ იყო თანახმა მიკროფონში ელაპარაკა, მაგრამ დამთანხმდა გიორგი მანჯგალაძე, რომელიც თავის ხელოვნებას პატრიოტულ პრიზმაში ხედავს და ამაყობს (მანჯგალაძის ხმა).

მე დასაწყისში გითხარით, რომ გერმანიაში სუხიშვილის ანსამბლი 50-ზე მეტ კონცერტს მართავს. ამ პროექტის ავტორი და ხიდი საქართველოსა და გერმანიაში მოქმედ “მიხეილ ფრიდმანის სააგენტოებს” შორის არის სააგენტოს ქართველი წარმომადგენელი ხათუნა ხუნდაძე, რომლის, ასე ვთქვათ, ზურგზე გადადის ყველა პრობლემა, დაკავშირებული გასტროლებთან, და გასაჭირი, რომელიც მოცეკვავეებს აქვთ

(ხუნდაძის ხმა). მე ხათუნას ვკითხე, ხომ არ აჯობებდა კონცერტების გამართვა დიდ ქალაქებში, სადაც მეტია იმედი იმისა, რომ ხალხი მივა. (ხუნდაძის ხმა) “ფრიდმანის სააგენტომ” გარკვეული რისკი გასწია, როცა ასეთ დროს, წინასაშობაო პერიოდში, დაგეგმა გასტროლები და, აი, რატომ:

(ხუნდაძის ხმა) რისკი იყო სააგენტოსთვის, მაგრამ რისკი არ არის მაყურებლისთვის, ვერავინ შემოგვედავება. ვინც იხილა და აწი იხილავს “ქართულ გენიას, როკვით განფენილს”, გულგრილი ვერ დარჩება ვერც თავის დროზე ილიკო სუხიშვილისა და ნინო რამიშვილის მიერ დადგმული და ვერც უმცროსი ილიკოს მომზადებული ცეკვების მიმართ.
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG