Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რასულ კუდაევის ვექილი ყაბარდო-ბალყარეთის ხელისუფლებას მისი კლიენტის წამებაში ადანაშაულებს


რასულ კუდაევი ერთ-ერთია იმ რამდენიმე ათეული დაკავებულიდან, რომლებსაც რუსეთის სამართალდამცავი ორგანოები ბრალს სდებენ ოქტომბერში, ნალჩიკში მომხდარი

შეიარაღებული თავდასხმების ორგანიზებაში. კუდაევის სახელი ფართო საზოგადოებამ მას შემდეგ შეიტყო, რაც მისი დასახიჩრებული პირისახის ფოტოები რუსეთისა და უცხოეთის რამდენიმე გაზეთმა და საინტერნეტო გამოცემამ გამოაქვეყნა. თუმცა, ფოტოები ორგვარია: დაკავებამდე და დაკავების შემდეგ.

დაკავებამდე გადაღებულ სურათებზე რასულ კუდაევს მშვიდი, ბედნიერი გამომეტყველება აქვს. დაკავების შემდეგ გადაღებულ ფოტოებზე მას ვეღარ იცნობთ - ნაცემი, სახედასიებული და თვალებჩალურჯებულია. 15 ასეთი სურათი კუდაევის ვექილმა ალექსანდრა ზერნოვამ და მისმა კოლეგებმა დასავლეთის საინფორმაციო საშუალებებსა და ადამიანის უფლებათა დამცველ ორგანიზაციებს გაუგზავნეს. ზერნოვას თქმით, ეს სურათები უტყუარი საბუთია იმისა, რომ ნალჩიკის საქმეზე დაკავებულ ეჭვმიტანილებს უმოწყალოდ აწამებენ. რადიო "თავისუფლებისთვის" ლონდონიდან მოცემულ ინტერვიუში ზერნოვა ყაბარდო-ბალყარეთის ხელისუფლების წარმომადგენლებს სიცრუეში ადანაშაულებს.

[ალექსანდრა ზერნოვას ხმა] "იმ სამედიცინო-სანიტარული ნაწილის უფროსმა, სადაც რასულს აკავებენ, არაერთხელ გაუმეორა დედამისს, რომ იქ არავის აწამებენ და, საერთოდ, ყველაფერი შესანიშნავად არის... ახლა კი ყველაფერი ეს ფოტოებზე შეგვიძლია ვნახოთ, ანუ ხელთ გვაქვს მტკიცებულება: ყველაფერი, რასაც სამართალდამცავი ორგანოები გვეუბნებიან, სრული სიცრუეა."

მეტიც: ალექსანდრა ზერნოვა ამბობს, რომ ოფიციალური პირები სიცრუის გავრცელებას მას შემდეგაც კი განაგრძობენ, რაც სურათები გამოქვეყნდა.

[ალექსანდრა ზერნოვას ხმა] "ისინი დღემდე ამტკიცებენ, რომ არავითარი დარღვევები არ ხდება. აი, მაგალითად, გასულ პარასკევს, რასულის დედა ფატიმა ტეკაევა, ყოველგვარი წერილობითი შეტყობინების გარეშე, პროკურატურაში დაიბარეს. იქ მას ჰკითხეს: რატომ გგონიათ, რომ თქვენს ვაჟს სასტიკად ექცევიან, თქვენ ხომ არავითარი საბუთი არ მოგეპოვებათო. არადა, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში ფოტოები უკვე გამოქვეყნებული იყო."

რასულ კუდაევი პირველად არ დაუკავებიათ. 2001 წელს იგი ავღანეთში დააპატიმრეს თალიბანთან კავშირის ეჭვით. ერთ ხანს კუდაევი აშშ-ის სამხედრო ბაზაზე, გუანტანამოში ჰყავდათ, ვიდრე 2004 წლის მაისში გაათავისუფლებდნენ საკმარისი სამხილის არარსებობის გამო. მაგრამ საქმე ამით არ ამოწურულა: რუსეთში დაბრუნებული კუდაევი პიატიგორსკის საპყრობილეში აღმოჩნდა, საიდანაც - ისევ სამხილის უქონლობის მიზეზით - შინ გაუშვეს. თუმცა, როგორც რასულის ძმა არსენი გვეუბნება,

[არსენ კუდაევის ხმა] "როცა პიატიგორსკიდან ათავისუფლებდნენ, გენერალურ პროკურატურაში მათ პირდაპირ უთხრეს: დიდი ხნით არ გემშვიდობებითო. ასეც მოხდა, რამდენიმეჯერ ის შინიდანაც წაიყვანეს."

არსენ კუდაევის თქმით, ის, რაც მის ძმას გადახდა, ცალკეული შემთხვევა არ არის: უამრავი ადამიანი უგზო-უკვლოდ დაიკარგა და მათი ადგილსამყოფელი დღემდე უცნობიაო.
XS
SM
MD
LG