Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

''ფრიდომ ჰაუსის'' წლიური ანგარიში მსოფლიოში თავისუფლების ხარისხის შესახებ


წელს მსოფლიოში თავისუფლების ხარისხი გაიზარდა. ასეთ დასკვნამდე მიდის ამერიკული არასამთავარობო ორგანიზაცია "ფრიდომ ჰაუსი",

რომლის ანგარიში ორშაბათს გამოქვეყნდა. წლევანდელი ანგარიში ერთ-ერთი საუკეთესოა იმ სამ ათეულ წელზე მეტი ხნის მანძილზე, რაც ეს ორგანიზაცია არსებობს.

"ფრიდომ ჰაუსის" ანგარიშები საყოველთაოდ არის აღირებული როგორც მსოფლიოში თავისუფლების ხარისხის ობიექტური შეფასება.

ორგანიზაციის თანამშრომლები და ანალიტიკოსები კომპლექსურ მეთოდოლოგიას იყენებენ. კლასიფიკაცია ხდება "თავისუფალ", "ნაწილობრივ თავისუფალ"და "არათავისუფალ" ქვეყნებად. არსებობს აგრეთვე გრადაციები თავად ამ კატეგორიების შიგნითაც.

"ფრიდომ ჰაუსის" კვლევითი განყოფილების დირექტორმა, არჩ პადინგტონმა ჩვენს რადიოს უთხრა:

[პადინგტონის ხმა] "ჩვენ 25 სხვადასხვა საკითხს შევისწავლით. მაგალითად, არის თუ არა ქვეყანაში თავისუფალი საპრეზიდენტო არჩევნები; თავისუფალი საპარლამენტო არჩევნები; ყველა პოლიტიკური პარტია თავისუფლად მოქმედებს თუ არა; როგორია კორუფციის ხარისხი; გამჭვირვალეობის ხარისხი და ა.შ. ასე რომ, ვიკვლევთ ამ 25 საკითხს, რომლებიც ასახავს პოლიტიკურ უფლებებსა და სამოქალაქო თავისუფლებებს, და ქვეყანას ქულებს ვუწერთ ყოველ მათგანში. ქულებს ვაჯამებთ და შემდეგ კონკრეტულ რანგში ქვეყანას მივიჩნევთ თავისუფლად, ნაწილობრივ თავისუფლად ან არათავისუფლად."

წლევანდელ ანგარიშში აშკარად გაიუმჯობესა მდგომარეობა უკრაინამ, რომელიც "ნაწილობრივ თავისუფალიდან" "თავისუფალ" კატეგორიაში გადაიყვანეს.

ჩვენი რადიოს კორესპონდენტი ნიკოლა კრასტევი ესაუბრა "ფრიდომ ჰაუსის" ერთ-ერთ ხელმძღვანელს, ქრისტოფერ უოკერს.

[უოკერის ხმა] "უკრაინის შემთხვევაში საქმე გვქონდა სისტემატურ გაუმჯობესებასთან გასული წლის მოვლენების შემდეგ. ძირითადად მედიის სფეროში, სადაც სახეზეა ძალიან მნიშვნელოვანი გახსნა ნარინჯისფერი რევოლუციის წინა პერიოდთან შედარებით. ასეთი რამე არ შეინიშნება რომელიმე სხვა მეზობელ ქვეყანაში..."

უკრაინასთან კონტრასტს ქმნის რუსეთი, რომელიც "ფრიდომ ჰაუსმა" ერთი წლის წინ "ნაწილობრივ თავისუფლიდან" "არათავისუფალ" კატეგორიამდე დააქვეითა. წლევანდელი ანგარიშის თანახმად კრემლი კიდევ უფრო მეტად ცდილობს ოპოზიციის მარგინალიზაციას, მედიაზე კონტროლის გაძლიერებას, სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის შეზღუდვას.

ყოფილ საბჭოთა კავშირში მხოლოდ რუსეთში არ არის ასეთი ვითარება. ყირგიზეთის გამოკლებით ცენტრალური აზიისა და ამიერკავკასიის ქვეყნებში ვითარება კვლავაც მძიმეა. ხოლო თურქმენეთი და უზბეკეთი მსოფლიოში რვა ყველაზე "არათავისუფალ" ქვეყანას შორის არის.

რაც შეეხება საქართველოს, მან წელსაც შეინარჩუნა "ნაწილობრივ თავისუფალი" სტატუსი, ოღონდ ოდნავ აიწია ამ კატეგორიის შიგნით.

აი, რა უთხრა ჩვენს რადიოს ქრისტოფერ უოკერმა: [უოკერის ხმა] "რაც შეეხება საქართველოს, ის განაგრძობდა დიდ პრობლემებთან ჭიდილს რეფორმების გზაზე. ვფიქრობს, სამართლიანი იქნებოდა იმის თქმა, რომ ქვეყანაში ძირითადად ერთგული არიან ფუნდამენტური რეფორმებისა. წინსვლა შეინიშნება პიროვნების თავისუფლებებში და სამოქალაქო უფლებების პატივისცემაში. მაგრამ ყოველთვის რჩება რაღაც გასაუმჯობესებელი. მომავალ პერიოდში მოუთმენლად ველით ქვეყანაში ოპოზიციის ინსტიტუციონალიზაციას."

"ფრიდომ ჰაუსის" წლევანდელ ანგარიშში 89 ქვეყანა არის აღიარებული "თავისუფლად". ეს დედამიწის მოსახლეობის დაახლოებით ნახევარია. მოსახლეობის 18 პროცენტი ცხოვრობს 58 "ნაწილობრივ თავისუფალ" ქვეყანაში. მოსახლეობის ერთი მესამედი კი ცხოვრობს ქვეყნებში, რომლებიც "ფრიდომ ჰაუსმა" "არათავისუფალ" კატეგორიას მიაკუთვნა.

ანგარიშის სრულ ტექსტს შეგიძლიათ გაეცნოთ ინტერნეტში, მისამართზე www.freedomhouse.org
XS
SM
MD
LG