Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა სჭირთ ჩეჩენ მოზარდებს?


ჩეჩნეთში სულ უფრო მატულობს იმ ადამიანების - უმეტესწილად სკოლის მოსწავლეების - რიცხვი, რომლებიც ჯერ-ჯერობით დაუდგენელი დაავადების სიმპტომებს ამჟღავნებენ.

ექიმები როგორც იუწყებიან, პაციენტებს აკანკალებთ, გული ერევათ, სუნთქვა უჭირთ, არის პანიკური შიშის, მანიის გამოვლენის შემთხვევებიც. ზოგი ოფიციალური პირის ვარაუდით, დაავადება ნერვულ სისტემაზე მოქმედმა გაზმა გამოიწვია. მაგრამ ტოქსიკოლოგებმა ჯერ ვერ მიაკვლიეს ვერაფერს, რაც ასეთ ვარაუდს გაამყარებდა.

ამასობაში, აღმოსავლეთ ჩეჩნეთში მდებარე შელკოვსკაიას რაიონში 70-ს გადააჭარბა უჩვეულო სნეულებით დაავადებულების რიცხვმა. მათ შორის არის აჟან ასხაბოვას ქალიშვილი.

ასხაბოვა როგორც ყვება, გოგონა სკოლაში იყო, კლასელების გვერდით იდგა, როცა უცნაური სუნი იგრძნო: ბენზინის სუნის მსგავსი. ბავშვი მაშინვე ცუდად გახდა - გული აერია და გონება დაკარგა. იგივე დაემართათ გოგონებს, მის გვერდით ვინც იდგა.

უცნაური დაავადების პირველი შემთხვევების გამოჩენიდან ერთი კვირა გავიდა. დაავადებულების უმრავლესობას, მართალია, მოზარდი გოგონები შეადგენენ, მაგრამ არიან ბიჭებიც. ერთი მათგანია ჯარადატ დოტუიევას შვილი, რომელიც სამკურნალოდ გროზნოს პედიატრიულ კლინიკაში ჩაიყვანეს. [ჯარადატ დოტუიევას ხმა] "ჩემი ბიჭი სკოლიდან დაბრუნდა და მეუბნება: დედა, დღეს სკოლაში ვერ გავჩერდი, ყველას თავი და მუცელი ტკიოდაო. ისიც მითხრა, ძალიან მცივაო. მეც თბილად შევფუთნე. ხელ-ფეხი ყინულივით ჰქონდა. მერე თანდათან გაუთბა. ერთ ხანს თითქოს ისევ ჩვეულებრივად იყო. მაგრამ მერე ყველაფერი თავიდან დაიწყო. მეც და სხვა დედებმაც შვილები საავადმყოფოში მოვიყვანეთ. ბავშვების დიდი უმრავლესობა გოგონები არიან. ერთადერთი ბიჭი ჩემი ვაჟია. მაგრამ ახლა სახლებში დარჩენილი ბიჭებიც უჩივიან თავის ტკივილს - ჩემი მეორე ვაჟი, მეზობლის ბიჭი..."

პაციენტების უმრავლესობა სოფელ სტაროგლადოვსკაიას მკვიდრია. თუმცა, დაავადება ამ ერთი სოფლით არ შემოიფარგლება. მეზობელი დასასხლებების სკოლების მოსწავლეები და პედაგოგებიც ამჟღავნებენ საიდუმლოებით მოცული დაავადების სიმპტომებს.

ამასობაში, ბევრი სპეციალისტი ჩაერთო საიდუმლოს ამოცნობის მცდელობაში. უკვე ცნობილია, რომ ექიმები და ტოქსიკოლოგები, რომელთაგან ზოგი ჩეჩნეთში მოსკოვიდან ჩაიყვანეს, გამორიცხავენ დაზარალებულების მოწამვლას საკვებით. გაირკვა ისიც, რომ სკოლებში რადიოაქტიურობის მაჩვენებელი ნორმაზე მაღალი არ არის. რაც შეეხება ვარაუდს, რომ დაავადება ნერვულ სისტემაზე მოქმედმა გაზმა გამოიწვია (ეს ვარაუდი შელკოვსკაიას ოლქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ჰუსეინ ნუტაიევმა გამოთქვა) ის ჯერ არ დასაბუთებულა. მაგრამ არც იმის შესახებ იუწყებიან, რომ ექსპერტებმა გამორიცხეს ამის შესაძლებლობა.

გაისმა მოსაზრებაც, რომ უცნაური დაავადება არის ჩეჩნეთში ომით გამოწვეული ტრავმის შედეგი. ამ ვარაუდს ჩეჩნეთის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, სულტან ალიმხაჯიევი გამოთქვამს. მაგრამ მის შეფასებას კატეგორიულად უარყოფს ამერიკელი ექსპერტი, ნიუ-იორკის უნივერსიტეტის პროფესორი მარკ სიგელი... [მარკ სიგელის ხმა] "ეს სიმპტომები ვერცხლის წყლით ძლიერი მოწამვლისთვის არის დამახასიათებელი. არსებობს მინამატას დაავადების სახელით ცნობილი სნეულება, რომლის სიმპტომები ძალიან ჰგავს სიმპომებს, ნევროლოგიურ ნიშნებს, რომლებსაც ამ შემთხვევაში ვხვდებით. მეხსიერების ამოვარდნა, ჩხვლეტის, გულისრევის შეგრძნება - ეს ყველაფერი ვერცხლის წყლით ძლიერ მოწამვლას წააგავს. მისი მიზეზი გარემოს ზეგავლენა შეიძლება იყოს - მაგალითად, სოდის მწარმოებელი ფაბრიკიდან, ან რომელიმე სხვა ქიმიური ქარხნიდან. სავსებით დასაშვებად მიმაჩნია, რომ ჩეჩნეთში მომხდარ ამ მოვლენას არაფერი ჰქონდეს საერთო ტერორისტულ აქტთან."

სიგელი დასძენს, რომ მინამატით დაავადებას, უმეტესწილად5 იწვევს გარემოს დაბინძურება, რასაც შესაძლოა, მართლაც ჰქონდეს ადგილი ჩეჩნეთში, რახან დაავადება სხვადასხვა შენობაში, მეზობელ სოფლებში გამოჩნდა.

ჩეჩენი პაციენტების სისხლი მოსკოვისh და მახაჩყალის ტოქსიკოლოგიურ ცენტრებში გაიგზავნა ანალიზისთვის. პირველი შედეგები ორშაბათს, 26-ს დეკემბერს გახდება ცნობილი.
XS
SM
MD
LG