Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ახალ წელს ქართული არმია ახალი შევსებით შეხვდა


2700-მდე ქართველი ახალგაზრდა, ვინც არმიაში საშემოდგომო

გაწვევის პერიოდში ჩაირიცხა, ახალ წელს კარანტინში შეხვდა. რაიონულ სამხედრო განყოფილებებს არც ამჯერად გასჭირვებიათ სახელმწიფო გეგმის შესრულება. მეტიც, კომისარიატები გასული წლის ბოლოს გვარიანად გაისარჯნენ - სამხედრო გაწვევა ვადაზე ორი კვირით ადრე დაასრულეს და ბიუჯეტსაც 850 ათასი ლარი შეჰმატეს. თუ როგორ, ამის შესახებ დღევანდელ პროგრამაში “ჯარისკაცი და სახელმწიფო” მინდა გესაუბროთ.

საშემოდგომო სამხედრო გაწვევა საქართველოში თითქმის ერთსა და იმავე დროს, ოქტობრის შუა რიცხვებში, იწყება და 30 დეკემბრამდე, თითქმის ახალი წლის დადგომამდე, გრძელდება. თუმცა ეს ტრადიცია ამჯერად დაირღვა. გამწვევის რაიონულმა განყოფილებებმა 15 დეკემბრისათვის დაასრულეს სამხედრო ძალების დაკომპლექტება ახალწვეულებით და ამისათვის არც კარდაკარ სიარული დასჭირვებიათ და არც პოლიციის ძალის გამოყენება. არმიის პრესტიჟის ამაღლების, სამხედრო ყაზარმებში საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებისა და სამხედრო უწყებებში, პოლიციასა თუ უშიშროების ორგანოებში მაღალანაზღაურებად სამუშაოზე მოხვედრის პერსპექტივის გამო, არმიაში ჩარიცხვას სულ უფრო მეტი ადამიანი ცდილობს.

[მოქალაქეების ხმები] “მე სიამოვნებით ვიმსახურებ ქართულ ჯარში, იქ ახლა კარგი პირობები და არმიის მიმართ მეტი ყურადღებაა”,/“ქართულ ჯარში მეც სიამოვნებით ვიმსახურებდი, ასაკი რომ მიწყობდეს ხელს.”

საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თავდაპირველი რედაქციით, გამწვევ სამოქალაქო სამსახურებს სამხედრო ძალებისთვის უნდა შეერჩიათ 1900 ახალწვეული, თუმცა შემდგომ ბრძანებულებაში კორექტივები იქნა შეტანილი და სამხედრო ძალებში კიდევ 800 ახალგაზრდა გახდა ჩასარიცხი. მთლიანობაში, ეს რიცხვი საერთო გასაწვევი რესურსის 2 პროცენტსაც არ შეადგენს. თუმცა, როგორც სახელმწიფო კანცელარიასთან არსებული გამწვევი კომისიის თავმჯდომარემ ჯაბა ცომაიამ რადიო “თავისუფლებას” უთხრა, პრობლემა არც სამჯერ მეტი წვევამდელის გაწვევა იქნება. მით უფრო, რომ, საშემოდგომო გაწვევის მცირე გეგმის გამო, გამწვევმა ორგანოებმა არმიაში მოხვედრის მსურველი რამდენიმე ასეული ახალგაზრდა უკან გააბრუნეს.

[ჯაბა ცომაიას ხმა] “მომაწყდა ხალხი და მჩივლობდა, ჯარში რატომ არ წამიყვანო...შე დალოცვილო, შტატი, მოთხოვნა არ მაქვს და სად წაგიყვანო-თქო? და მოვაბრუნე ხალხი უკან, ერთი 600 კაცი, შემკრები პუნქტიდან. იყო ერთი წივილ-კივილი.” (სტილი დაცულია)

რა თქმა უნდა, უმრავლესობის სიმპათიები, უპირველესად, საკონტრაქტო სამხედრო სამსახურისკენ იხრება, სადაც ჩარიცხვის მსურველი საკმაოდ მკაცრი კონკურსის შედეგად ხვდება და მომზადების პროგრამაც ძალზე დატვირთულია. მაგრამ შესარჩევი ფაზის გავლის შემდეგ ჯარისკაცი კონტრაქტს აწერს ხელს და იგი თვეში 500 ლარამდე ჯამაგირს იღებს სახელმწიფოსაგან. თუმცა საქართველოში წელიწადნახევრიან სამხედრო სამსახურსაც ფასი დაედო ზემოთ ნახსენები პირობების გამო. მაგრამ, ზოგადად, არმიისადმი ხელისუფლების ყურადღება, წვრთნისა და ყოფაცხოვრების კარგი პირობები სულაც არ აღმოჩნდა იმის გარანტია, რომ სამხედრო სამსახური პრესტიჟული გამხდარიყო საქართველოში მთავრობის წევრთა და პოლიტიკური ელიტის ოჯახის წევრებისთვის. ერთადერთი გამონაკლისია “სახალხო ფორუმის” ერთ-ერთი ლიდერი, უზენაესი საბჭოს ყოფილი თავმჯდომარე, აკაკი ასათიანი, რომლის შვილი ოფიცერია და სულ ახლახან, სამშვიდობო მისიით წასული, ერაყიდან დაბრუნდა. შესაბამისად, მიხეილ სააკაშვილის ორი წლის წინანდელი დაპირება მის პარტიულ თანამებრძოლებს შეასასრულებელი აქვთ.

[მიხეილ სააკაშვილის ხმა] “ერთი რამ მინდა ვთქვა, რომ თუ რომელიმე ადამიანი დაინიშნა თანამდებობაზე, რომლის შვილს აქვს გაწვევის ასაკი და არ გამოცხადდება გამწვევ პუნქტებზე, ეს ადამიანი უნდა გათავისუფლდეს თანამდებობიდან. ასევე საარჩევნო სიაში არ უნდა მოხვდეს ასეთი ადამიანი, ვისი შვილი ან ოჯახის წევრი არ ცხადდება გასაწვევ უბნებზე. ყველას მიმართ უნდა არსებობდეს თანაბარი მიდგომა.” (სტილი დაცულია)

ამბობდა 2003 წლის დეკემბერში ქართველი “კომანდოსებით” გარშემორტყმული მიხეილ სააკაშვილი “ვაზიანის” სამხედრო ბაზაში.

მაგრამ საქართველოს პრეზიდენტის “სიტყვაში გამოჭერა” არც ისე იოლია. ჯერ ერთი, მისი გარემოცვის უმრავლესობა თავად არის წვევამდელის ასაკში და მათ ან საერთოდ არ ჰყავთ შვილი, ანდა, თუ ჰყავთ, ბაღის ან სკოლის ასაკის. გარდა ამისა, წვევამდელ დეპუტატებს სულზე მოუსწრო ამოქმედებამ რეზერვისტთა ბანაკებისა, სადაც 2005 წელს 17-მა ბატალიონმა გაიარა ერთთვიანი მომზადება. პარლამენტის თავდაცვისა და ეროვნული უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის ნიკა რურუას თქმით, რეზერვისტთა გადამზადება წელსაც გაგრძელდება და მასში ამერიკელი ინსტრუქტორებიც ჩაებმებიან:

[ნიკა რურუას ხმა]

გარდა ამისა, კანონი ჯერ კიდევ აძლევს ყველა მოქალაქეს უფლებას, 200 ლარიანი გადასახადის გადახდით სრულიად კანონიერად გადაივადოს სამხედრო სამსახური. საშემოდგომო გაწვევის დროს გამწვევ უბნებში 200 ლარის გადახდის ქვითარი 4250-ზე მეტმა წვევამდელმა წარადგინა. შესაბამისად, სახელმწიფო ხაზინაში დაახლოებით მილიონი ლარი შევიდა, რაც პროპორციულად გადაუნაწილდება ყველა სამხედრო სტრუქტურას. თუმცა, შესაძლოა, ეს იყო უკანასკნელი გაწვევა, რომლის დროსაც მოქალაქეებმა 200 ლარიანი მოსაკრებლით ისარგებლეს. პარლამენტში უკვე შეტანილია თავდაცვის სამინისტროს მიერ მომზადებული კანონპროპექტი, რომელიც გადავადების თანხის 2000 ლარამდე გაზრდას ითვალისწინებს.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG