Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფრინველის გრიპი თურქეთში


იყო დრო, როცა ცნობები ფრინველის გრიპის შესახებ შორეული ჩინეთიდან, ვიეტნამიდან, სამხრეთი კორეიდან ვრცელდებოდა - იმდენად შორეული ქვეყნებიდან,

რომ საქართველოსა და მისი კავკასიელი მეზობლებისათვის, ვირუსის საფრთხეც, თითქოს, შორს უნდა ყოფილიყო. მაგრამ მოკლე დროში - სულ რაღაც 2,5 წელიწადში - საფრთხე საქართველოს კარსაც მოადგა.

თურქეთში ოთხშაბათს პირველად აღირიცხა ვირუსის ფრინველიდან ადამიანზე გადასვლის შემთხვევა, ტრაგიკული შედეგით: აღმოსავლეთ თურქეთის ვანის რეგიონში სამი ბავშვი გარდაიცვალა. მათგან ორის სიკვდილის მიზეზად, როგორც წინა გადაცემებში ვიუწყებოდით, ასახელებენ ფრინველთან კონტაქტის შედეგად H5 N1 ვირუსით ინფიცირებას. რაც შეეხება მესამე გარდაცვლილს - ჯერ არ არის დადგენილი, მის შემთხვევაშიც მიაკვლიეს თუ არა ფრინველის გრიპის განსაკუთრებით საშიშ ვირუსს: H5 N1-ს. ამასობაში კი ინფიცირებულთა რიცხვი მატულობს - ფრინველის გრიპი თურქეთში უკვე 15-მდე ადამიანს დაუდგინეს.

სამშაბათიდან საქართველოს საზღვრისპირა რაიონებში იწყებენ ფრინველის გრიპის ვირუსის შესახებ შედგენილი ბროშურების დარიგებას. ბროშურის მეშვეობით გაეცნობით ფრინველის გრიპის საწინააღმდეგო პრევენციულ ღონისძიებებს, ფრინველის ხორცის დამუშავების წესებს. გარდა ამისა, თბილისის მაღაზიებში, სუპერმარკეტებში დაწყებულია ფრინველის ხორცის და კვერცხის ვარგისიანობის შემოწმება. ის კი არა, თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახური მოსახლეობას ურჩევს, ფრინველის ხორცი, ან კვერცხი შესყიდვისას, თვითონაც შეამოწმოს: მოითხოვოს ხორცის ვარგისიანობის დამადასტურებელი დოკუმენტი. ამის უფლება მას აქვს, საკითხავი ის არის - მოისურვებს თუ მოქალაქე ამ უფლებით სარგებლობას, ანუ მოითხოვს თუ არა, დავუშვათ, კვერცხის ყიდვისას მაღაზიაში დოკუმენტებს კვერცხის ვარგისიანობის შესახებ.

არადა, რომ იტყვიან, სიფრთხილეს თავი არ სტკივა. [რეჯეპ აკდაგის ხმა] “ფრინველის გრიპის ამ ტიპის ვირუსი ადამიანიდან ადამიანზე არ გადადის: გადადის მხოლოდ ფრინველიდან ადამიანზე. ღვთის წყალობით, ცოტაა ასეთი შემთხვევაა, მაგრამ მაინც ძალიან დიდი სიფრთხილე გვმართებს”, - ეს სიტყვები თურქეთის ჯანდაცვის მინისტრმა რეჯეპ აკდაგმა გუშინ, კვირას წარმოთქვა. კვირასვე, აღმოსავლეთ თურქეთში მდებარე ვანის რეგიონში ჩავიდა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დელეგაცია, გენილ როდერის ხელმძღვანელობით. [გენილ როდერის ხმა] “საშუალოდ, ყოველ 30-40-ც წელიწადში ვხვდებით ვირუსს, რომელიც ფრინველიდან, შესაძლოა, ადამიანებზე გავრცელდეს. მაგრამ პირველად გვაქვს საქმე ვირუსთან, რომელიც ვრცელდება ფრინველებშიც და იმავდროულად ადამიანებშიც. მაგრამ ის ამჟამად კარგად ადაპტირებას ვერ ახერხებს: ადამიანიდან ადამიანზე არ გადადის. ჩვენი ორგანიზაცია ამ პროცესს იმიტომ აკვირდება ასეთი გულისყურით, რომ გვინდა ხელი შევუშალოთ მის ადაპტაციას და თუ ადაპტაცია მაინც მოხდა - ვიყოთ კარგად მომზადებული უკეთესი ვაქცინების შექმნით”, - განაცხადა გაეროს უწყების წარმომადგენელმა, რომელიც თურქეთში მდებარე ვანის რეგიონში ჩავიდა იქ ფრინველის გრიპით ადამიანების ინფიცირებასთან დაკავშირებით.

ამასობაში, ინფიცირების შემთხვევები აღირიცხა ანკარის რაიონშიც, რაც ექსპერტებს განსაკუთრებით სახიფათოდ მიაჩნიათ: საქმე ის არის, რომ ანკარის რაიონში, ვანისგან განსხვავებით, შინაური ფრინველი, ფაქტობრივად არ ჰყავთ. შესაბამისად ჩნდება შეკითხვა, რამ გამოიწვია იქ, როგორც იუწყებიან, სამი ადამიანის ინფიცირება.

[ანკარელი გამვლელის ხმა] “გვეშინია, პანიკაში ვართ. არ ვიცით რა ვჭამოთ, რა ვსვათ. აღარ ვყიდულობ კვერცხს, ქათამს, ვყიდულობ სოსისს, მაგრამ სოსისშიც არის ქათმის ხორცი! უნდა ვჭამოთ თუ არ უნდა ვჭამოთ? მართლა გვეშინია...”

ამ ქალბატონს ანკარაში გამოელაპარაკა ჩვენი რადიოს კორესპონდენტი. და თუ რომელიმე მსმენელს მსგავსი შეკითხვა უჩნდება, შესაძლოა შემდეგი ინფორმაცია გამოადგეს - ის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ჟენევის ოფისის წარმომადგენლის, მარი ჩენგისაგან მივიღეთ. [მარი ჩენგის ხმა] “არ გვქონია შემთხვევა, რომ ფრინველს გრიპით ინფიცირება საკვების მიღებასთან ყოფილიყო დაკავშირებული. კარგად მოხარშული ქათამი და კვერცხი არ არის H5 N1-ით ინფიცირების რისკ-ფაქტორი. მაგრამ საქმე ის არის, რომ აზიის ამ რეგიონში (იგულისხმება აღმოსავლეთ თურქეთში მდებარე ვანი - მ.ჭ.) ხალხი, ვინც ჭამს ქათამს, მას კერძისთვის ამზადებს კიდეც: ქათამი უნდა დაკლას, გაპუტოს და აი, ეს შეიძლება იყოს H5 N1-ით ინფიცირების რისკ-ფაქტორი”.

ევროკავშირმა, რომელსაც, ისევე როგორც საქართველოს, აკრძალული აქვს თურქეთიდან ფრინველის იმპორტი, აკრძალა ბუმბულის იმპორტი თურქეთის 6 მეზობელი სახელმწიფოდან, მათ შორის საქართველოდანაც.
XS
SM
MD
LG