Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხელისუფლება ციხეებში პირობების გაუმჯობესებაზე საუბრობს, ეჭვები კი რჩება


საქართველოს ხელისუფლება სასჯელაღსრულებით დაწესებულებებში წესრიგისა და პატიმრების მდგომარეობის გასაუმჯობესებლად ახალ-ახალ ზომებს ღებულობს.

17 იანვარს ციხის რესპუბლიკური საავადმყოფო, სადაც ბოლო ხანს რამდენიმე პატიმარი დაიღუპა, სამეურვეოდ ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს გადაეცა. თუმცა უფლებათდამცველები და პარლამენტარები კვლავ საუბრობენ პატიმრების მიმართ სასტიკ დამოკიდებულებაზე სასჯელაღსრულებითი დაწესებულებების ახალი ხელმღვანელობის მხრიდან.

18 იანვარს საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში საქართველოს სახალხო დამცველს, სასჯელაღსრულებითი დეპარტამენტის ახალ ხელმძღვანელობას და იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლებს ელიან. ამ შეხვედრის ინიციატორია აღნიშნული საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ელენე თევდორაძე. რადიო “თავისუფლებისათვის” მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში თევდორაძემ აღნიშნა, რომ მის სახელზე მოდის როგორც ადვოკატების, ისე პატიმართა ახლობლების საჩივრები სასჯელაღსრულებით დაწესებულებებში პატიმართა უფლებების ფეხქვეშ გათელვის გამო:

[ელენე თევდორაძის ხმა] “მე არ ვიყავი 10 დღე და, რომ ჩამოვედი, იმდენი ზარები იყო, რომ მინდა გავერკვიო. რადგან მე მაქვს ხელში კანონი, რასაც სულ სხვანაირად აკეთებენ და მინდა გავერკვე. სად არის აქ მინისტრი, როცა ბაჩო[ახალაია] მარიაჟობს კამერების წინ. მე გუშინ ველაპარაკე იუსტიციის მინისტრს და ასე არ ხდება.”(სტილი დაცულია)


საჩივრების ნაწილი ეხება ძალადობას, რასაც სასჯელაღსრულებით დაწესებულებებში ე.წ. წესრიგის დამყარებისას მიმართავს სპეცდანიშნულების ნაწილი და ციხის ადმინისტრაცია. ასეთი შემთხვევა სამშაბათს მოხდა ქსნის ტუბზონაში, საიდანაც სასტიკად ნაცემი პატიმარი გოჩა ფაცურია 17 იანვარს ნომერ პირველ საპყრობილეში, ე.წ. კრიტში, გადაიყვანეს. ნაცემი პატიმარი საქართველოს სახალხო დამცველმა სოზარ სუბარმა ინახულა. სოზარ სუბარმა რადიო “თავისუფლებისათვის” მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში ნანახს “წამება” უწოდა:

[სოზარ სუბარის ხმა] “გოჩა ფაცურია არის სასტიკად ნაცემი, სხეულის ყველა ნაწილზე აქვს დაზიანებების კვალი, თანაც მძიმე დაზიანებების: სახეზე, ტანზე, ზურგზე, მუცელზე, ხელებზე, ქვედა კიდურებზე. ეტყობა, რომ არის ნაცემი რაღაც მძიმე, ბლაგვი საგნით. როგორც თავად ამბობს, თავიდან ეს იყო ხელკეტები, მერე კი არახამია, ქსნის სასჯელაღსრულებითი დაწესებულების ხელმძღვანელი, სცემდა რკინის ჯოხით. პირველი შეფასებით, წამების გარდა, სხვა შეფასებას ვერ მივცემ.”(სტილი დაცულია)


ასეთი სასტიკი მოპყრობის მიზეზი გახდა პატიმართან მშობლებისა და შვილების პაემანი, რომელსაც წინ უძღოდა შელაპარაკება ზონის უფროსთან. შელაპარაკება ურთიერთლანძღვაში გადაიზარდა. პატიმარმა გოჩა ფაცურიამ სახალხო დამცველს უამბო, რომ მის ცემაში სასჯელაღსრულებითი დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე, ზონის უფროსი და სპეცრაზმი მონაწილეობდა.


[სოზარ სუბარის ხმა] “ონიანი და ტუბზონის უფროსის მოადგილე, რომლის გვარიც არ იცის. და, მეორე შემთხვევაში, არახამია, ქსნის კოლონიის უფროსი, და სპეცნაზი.”

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, საქართველოს სახალხო დამცველმა 17 იანვარს რეკომენდაციით მიმართა იუსტიციის სამინისტროს და გოჩა ფაცურიას დაუყოვნებლივ ციხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაყვანა მოითხოვა. სოზარ სუბარის ერთი რეკომენდაცია კი საქართველოს გენერალური პროკურატურის სახელზე გაიგზავნა. სახალო დამცველი მოითხოვს სასწრაფოდ აღიძრას სისხლის სამართლის საქმე პატიმრის ცემის ფაქტზე, რასაც სოზარ სუბარი წამების კვალიფიკაციას აძლევს.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG