Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის პრესა ბოლო დღეებში ყოველდღე ეხმაურება ქართულ-ოსურ კონფლიქტთან დაკავშირებულ მოვლენებს.


რუსეთის პრესა ბოლო დღეებში ყოველდღე ეხმაურება ქართულ-ოსურ კონფლიქტთან დაკავშირებულ მოვლენებს. გაგაცნობთ დღეს გამოქვეყნებულ ორიოდე პუბლიკაციას.



”საქართველომ მშვიდობისდამცველები მოვაჭრეებზე გაცვალა”, - წერს რუსული საინტერნეტო გამოცემა ”გაზეტა.რუ”. ავტორს, ალან ცხურბაევს, მიაჩნია, რომ გუშინ ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში მხარეები ომის საფრთხის წინაშე აღმოჩნდნენ. ”გაზეტა. რუ” წერს:

”საქართველომ და სამხრეთმა ოსეთმა, რომლებიც გუშინ ლამის ერთმანეთთან ომში ჩაებნენ, ერთმანეთს დაუთმეს. ქართველებმა გაათავისუფლეს მოვაჭრეები, რომლებიც, ფაქტობრივად, მძევლებად ჰყავდათ აყვანილი, ოსებმა კი თავიანთ ტერიტორიაზე შეუშვეს ქართველი მშვიდობისდამცველები, მიუხედავად იმისა, რომ მათში საომარი მოქმედებების მომავალ მონაწილეებს ხედავენ”,

- წერს ალან ცხურბაევი და, დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ინფორმაციისა და ბეჭდვის სახელმწიფო კომიტეტის ხელმძღვანელ ირინა გაგლოევაზე დაყრდნობით, ავრცელებს ცნობას, რომ ბოლო ორი წლის მანძილზე ქართველი მშვიდობის დამცველების როტაცია არაგეგმიურად, ყოველ ორ თვეში, ხდება და რომ, ოფიციალური ცხინვალის აზრით, ხშირი როტაციის მიზანი ქართული არმიის პირადი შემადგენლობის საომარი მოქმედებებისთვის მომზადებაა. ცხურბაევი წერს მოსკოვში გამართულ შეხვედრაზეც, რომელიც რუსეთის მიერ შერეული საკონტროლო კომისიის თანათავმჯდომარეთა შეხვედრად გაფორმდა და რომელსაც არ ესწრებოდნენ საქართველოს ხელისუფლებისა და ეუთოს წარმომადგენლები:

”არ დუმს ჩრდილოეთ ოსეთის მხარეც. ჩრდილოეთ ოსეთის პარლამენტის წევრებმა რუსეთის პრეზიდენტსა და ფედერალური კრების ხელმძღვანელებს მოუწოდეს უფრო მეტი ყურადღებით მოეკიდონ სამხრეთ ოსეთის პრობლემას, ”კერძოდ, არა მხოლოდ მშვიდობისდამცველების გაყვანის საკითხზე, არამედ საქართველოს ხელისუფლების მოქმედებას სამხრეთ ოსეთის ხალხის მიმართ”. ”წმინდა ადამიანური და ეთნიკური თვალსაზრისით, ყველაფრისდა მიუხედავად, ჩვენს სამხრეთელ ძმებს უბედურებაში არ მივატოვებთ”, - განაცხადა ჩრდილოეთ ოსეთის პარლამენტის ვიცე-სპიკერმა სტანისლავ კესაევმა. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ამ დღეებში ჩრდილოეთ ოსეთში 58-ე არმიის სრულმასშტაბიანი გეგმიური სამხედრო სწავლება მიმდინარეობს,”- წერს ”გაზეტა. რუ”.

”საქართველო შერეული საკონტროლო კომისიიდან გაიყვანეს”, - ასე ეხმაურება ”ნეზავისიმაია გაზეტა” მოსკოვის გუშინდელ შეხვედრას:

”ქართული დელეგაციისა და ეუთოს წარმომადგენლების მონაწილეობის გარეშე მოსკოვში, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ე.წ. მცირე რეზიდენციაში, ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში მშვიდობის შენარჩუნების მიზნით შერეული საკონტროლო კომისიის სხდომა გაიმართა. შეხვედრის შესახებ წინასწარი ინფორმაცია არ გავრცელებულა, თუ არ ჩავთვლით გასული კვირის ბოლოს გავრცელებულ ცნობას იმის შესახებ, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მორიგი ქართულ-ოსური შეხვედრის გამართვა მოსკოვში ერჩივნა.”

”ნეზავისიმაია გაზეტას” მიერ ცხინვალიდან მიღებული ინფორმაციით, 20 თებერვალს, დილით, სამხრეთ ოსეთის დელეგაცია, ბორის ჩოჩიევის ხელმძღვანელობით, სასწრაფოდ გაემგზავრა მოსკოვში. რაც შეეხება იმას, რომ ქართული მხარე არ მონაწილეობდა მოსკოვის ამ შეხვედრაში, ცხინვალს მიაჩნია, რომ ეს თბილისისავე გადაწყვეტილება იყო და შერეული საკონტროლო კომისიის თანათავმჯდომარეთა შეხვედრაში მონაწილეობის მიუღებლობით თბილისმა ამ სხდომის მიმართ თავისი დამოკიდებულება გამოხატა. იმავე ”ნეზავისიმაია გაზეტასთვის” საქართველოს სახელმწიფო მინისტრ გიორგი ხაინდრავას განუცხადებია, რომ შერეული საკონტროლო კომისიის სხდომის მოსკოვში ჩატარების შესახებ შემთხვევით, არაოფიციალური წყაროდან გაიგო და რომ სიტყვები არ ჰყოფნის მომხდარის ასახსნელად.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG