Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში ფრინველის გრიპის პრევენციული ღონისძიებები დაიწყო


აჭარაში, სოფელ ადლიას ტერიტორიაზე, ფრინველის გრიპის მეორე ფაქტი აღმოაჩინეს. ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ ამ და კიდევ 11 სოფელში H5N1 ვირუსის გავრცელების თავიდან

ასაცილებლად პრევენციული ღონისძიებების გატარება გადაწყვიტა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ შინაური ფრინველის განადგურებასთან ერთად ჩატარდება სადეზინფექციო სამუშაოებიც. ფრინველის გრიპის საწინააღმდეგო კამპანია დაიწყო საქართველოს სხვა რეგიონებშიც.

თბილისის ცენტრალური ლაბორატორიის წინასწარი მონაცემებით, აჭარაში, სოფელ ადლიას ტბაზე, დაცემული გედებიდან უკვე მეორე ფრინველს H5N1 (ჰაშ ხუთი, ენ ერთი) ვირუსის არსებობა დაუდასტურდა. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ვეტერინარულმა სამსახურებმა შემთხვევის ადგილზე შინაური ფრინველის განადგურებისა და დეზინფექციის სამუშაოები დაიწყეს.

[ლევან ვარშალომიძის ხმა] ”გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ ამ კერიდან 3 კილომეტრის რადიუსში განადგურდეს შინაური ფრინველი. და ეს ერთადერთი გამოსავალია. მსოფლიოს ყველა ქვეყანაში, ფაქტობრივად, პირველი, რაც კეთდება, შინაური ფრინველი ნადგურდება.”

ეს არის აჭარის ავტონომიის მთავრობის მეთაური ლევან ვარშალომიძე. მას, შინაური ფრინველის განადგურების აუცილებლობის გარდა, არაფერი უთქვამს მოსახლეობის ზარალის კომპენსირების შესახებ.

ამ ეტაპზე ასეთ ზარალს გადაურჩა პალიასტომის ტბის მიმდებარე ტერიტორიის მოსახლეობა. როგორც ცნობილია, დაცემული გარეული ფრინველი იქაც აღმოაჩინეს, მაგრამ მათ ფრინველის გრიპი არ აღმოაჩნდათ. მიუხედავად ამისა, ფოთში მყოფმა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა მოსახლეობას მაინც სიფრთხილისა და შინაური ფრინველის იზოლირებისკენ მოუწოდა:

[ნოღაიდელის ხმა] ”ფოთის შტაბი მაინც გაძლიერდება, რადგან დიდია გადამფრენი ფრინველების რაოდენობა პალიასტომის ტბასა და მიმდებარე პატარ-პატარა ტბებზე. ამიტომ აქ გამკაცრდება ყურადღება.”

ამავე ტერიტორიაზე აიკრძალა ფრინველზე ნადირობაც.

ხელისუფლება უსაფრთხოების ზომებს აძლიერებს სხვა რეგიონებშიც. თბილისის ბაზრებში აიკრძალა ცოცხალი ფრინველით ვაჭრობა. ნებადართულია მხოლოდ სერტიფიცირებული დაკლული ქათმების რეალიზება. 25 თებერვალს ამ ახალი წესების შესამოწმებლად დედაქალაქის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა რეიდი მოაწყო. ფრინველის ხორცის ვარგისიანობის დასადასტურებლად ხორცით მოვაჭრეებმა ჟურნალისტებისა და მერიის წარმომადგენლების თვალწინ მიირთვეს შემწვარი ვარია.

[სულხან ახალბედაშვილის ხმა] ”ეს არის საბუთი, გაცემული ადგილობრივი ვეტექიმის მიერ, რომ დაესწრო ვეტექიმი დაკვლას, შეამოწმა ადგილზე და გასცა სათანადო ცნობა. შემოდის ჩვენთან გამყიდველი, გვაძლევს ამას, შემდეგ გადამოწმება მიდის მეორადი და ვაძლევთ ანალიზის ფურცელს.”

ეს არის სულხან ახალბედაშვილი, თბილისის ცენტრალური სუპერმარკეტის ლაბორატორიის უფროსი. მის მიერ გაცემული ცნობების მიუხედავად, თბილისელები სულ უფრო ნაკლებად ყიდულობენ ფრინველის ხორცს.

[ხორცის გამყიდველის ხმა] ”ახლა ცოტა შემცირდა, მაგრამ ვინც ყიდულობს თავიდანვე ჩემს ქათამს, ისინი მაინც მოდიან და ყიდულობენ. მენდობიან ძალიან.”

ირწმუნებოდა დაკლული ქათმების ერთ-ერთი გამყიდველი.

რეიდების, დეზინფექციისა და ფრინველის გრიპის აღმოჩენის ადგილებზე, შინაური ფრინველის განადგურების გარდა, საქართველოს ხელისუფლება H5N1 (ჰაშ ხუთი, ენ ერთი) ვირუსის პრევენციის სხვა გზებსაც მიმართავს.
ქვეყნის პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მოსახლეობას მოუწოდა, რომ მკაცრად დაიცვას ჰიგიენური ნორმები, რაც ფრინველის გრიპის ადამიანზე გადასვლის შესაძლებლობას მინიმუმადე შეამცირებს. ასევე სოფლის მეურნეობისა და ჯანდაცვის სამინისტროებში გახსნილია 24 საათიანი ცხელი ხაზი - ტელეფონის ნომრებია: 98-57-81 ან 94-49-11.
XS
SM
MD
LG