Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

50-ე სკოლაში მაღალი სიცხითა და ფილტვების ანთებით ორი მოსწავლე გარდაიცვალა


თბილისის 50-ე საშუალო სკოლაში ჯერ არ განელებულიყო მეშვიდე კლასის მოსწავლის თამთა ქუხილავას მოულოდნელი გარდაცვალებით გამოწვეული ტკივილი,

რომ ამავე სკოლაში ორი დღის შემდეგ მსგავსი სიმპტომებით - მაღალი სიცხითა და ფილტვების ანთებით - პირველი კლასის მოსწავლე, 7 წლის დიანა ბერიძე გარდაიცვალა. ჯანმრთელობის დაცვისა და განათლების სამინისტროების გადაწყვეტილებით, სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყდა, სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებს კი სამედიცინო გამოკვლევა უტარდებათ. მომხდარის გამო შეშფოთებას ვერ მალავენ სკოლის მოსწავლეთა მშობლები, რომლებსაც ფრინველის გრიპის ვირუსზე აქვთ ეჭვი. რა ხდება თბილისის 50-ე საშუალო სკოლაში და რით გარდაიცვალნენ მოსწავლეები?

50-ე საშუალო სკოლა სოლოლაკში, გერონტი ქიძოძის 4 ნომერშია განთავსებული. საუკუნეზე მეტი ხნის სასწავლებელში ამჟამად 53 მასწავლებელი და 800-ზე მეტი მოსწავლე ირიცხება, თუმცა 10 მარტს სკოლაში მისულ სტუმარს სავსე საკლასო ოთახების ნახვა გაუჭირდებოდა. მეშვიდე „გე“ კლასის მოსწავლეებს, ბიჭიკო გიორგაძესა და ნიკა ცისკარიშვილს, მე დაცარიელებულ დერეფანში გამოველაპარაკე. მითხრეს, რომ გარდაცვლილი თამთა ქუხილავა მათ კლასში სწავლობდა.

[ბიჭიკო გიორგაძის ხმა] „შვიდი წელი ერთად ვსწავლობდით, კარგი მოსწავლე იყო... წინა დღით ცუდად გახდა, სიცხე ჰქონდა და მესამე გაკვეთილიდან დაეთხოვა, ძალიან ცუდად იყო. მერე გავიგეთ, რომ გარდაცვლილა.“

[ნიკა ცისკარიშვილის ხმა] „ სიცხე ჰქონდა, ძალიან მაღალი. ექიმთან რომ გაუსინჯეს, 40 გრადუსი ჰქონდა...“

ექიმის კაბინეტი მეორე სართულზე მდებარეობს. ბავშვები მაია ქიტიაშვილს მხოლოდ იმ შემთხვევაში აკითხავენ, როცა შეუძლოდ იგრძნობენ თავს. როგორც სკოლის ექიმი ამბობს, წინასწარი, პროფილაქტიკური გამოკვლევა მოსწავლეებს არ უტარდებათ, თუმცა, ამის მიუხედავად, მათი ჯანმრთელობის შესახებ ზოგად ინფორმაციას ექიმი მაინც ფლობს.

[მაია ქიტიაშვილის ხმა] „პირველი გარდაცვლილი, მეშვიდე კლასელი ბავშვი, სუსტი იყო, რისკის ჯგუფში შედიოდა, ჰქონდა ასთმა და იმ პერიოდში, როცა დილით სკოლაში მოვიდა, ტემპერატურა აღენიშნებოდა და ამის გამო სახლში გავუშვით. მეორე ბავშვი კი სრულიად ჯანმრთელი წაიყვანეს სკოლიდან სამშაბათს, ოთხშაბათს კი გარდაიცვალა. არანაირი პრობლემა პირველკლასელ ბავშვს არ ჰქონდა.“

პირველკლასელი გოგონა იაშვილის სახელობის კლინიკაში გარდაიცვალა. ჯანდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსის დავით მესხიშვილის თქმით, დიანა ბერიძის ანალიზის ზუსტი პასუხი ჯერჯერობით უცნობია, ხოლო თამთა ქუხილავა, მაღალი ალბათობით, სტაფილოკოკით გამოწვეული პნევმონიით გარდაიცვალა:

[დავით მესხიშვილის ხმა] „პირველ შემთხვევაში ამოითესა ჰემოლიზური სტაფილოკოკი. არ არის გამორიცხული, რომ წყარო იყოს ერთი ან, უბრალოდ, დაემთხვა სხვადასხვა დიაგნოზით გამოწვეული ორი სიკვდილი ერთმანეთს. წინასწარი ინფორმაციით, შესაძლოა, ეს იყოს ტრაგიკული დამთხვევა. 1000 პროცენტით გამორიცხულია ფრინველის გრიპის ვირუსის არსებობა. ეს ჩვენმა ლაბორატორიულმა კვლევებმაც ცხადყო და ეს კვლევები საკმაოდ მაღალი სტანდარტით ტარდება.“

50-ე სკოლის მოსწავლეთა მშობლებმაც დაიჯერეს, რომ ბავშვების გარდაცვალების მიზეზი ფრინველის გრიპის ვირუსი არ ყოფილა, თუმცა ქალბატონები, რომლებსაც მე სკოლის ეზოში გამოველაპარაკე, არ მალავენ, რომ ვითარებაში გარკვევამდე შვილების სკოლაში გაშვებას არ აპირებენ.

[ქალბატონის ხმა] „მშობლები ვართ შეშინებული. ზუსტად, რა მოხდა, არ ვიცით, არ არის ანალიზის პასუხები. მშობლები პანიკაში ვართ.“

[ქალბატონის ხმა] „ერთ ბავშვს ჩაუტარდა ექსპერტიზა, მეორის მშობლებმა არ დაანებეს ექიმებს. არადა, ამ ბავშვს პნევმონია აღმოაჩნდა, რაც, როგორც ჩვენ ვიცით, გადამდებია.“

50-ე სკოლაში მთელი დღის განმავლობაში სანიტარული ინსპექციის თანამშრომლები სადეზინფექციო სამუშაოებს ატარებდნენ, მოსწავლეთა ჯანმრთელობის მდგომარეობას კი ექიმთა ჯგუფი იკვლევდა. დაავადების კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის პაატა იმნაძის კომენტარი:

[პაატა იმნაძის ხმა] „განსაკუთრებული ამ სკოლაში არაფერი არ არის. რა თქმა უნდა, რამდენიმე ბავშვი არის, ვისაც აქვს მწვავე რესპირატორული დაავადება, მაგრამ ეს დამახასიათებელია წელიწადის ამ დროისათვის. უბრალოდ, ტრაგიკული დამთხვევაა ამ ორი ბავშვის გარდაცვალება... კიდევ ერთხელ ვიმეორებ, სხვა რაიმე განსაკუთრებული ამ სკოლაში არ ჩანს.“

თუმცა, ამგვარი დამაიმედებელი განცხადების მიუხედავად, ჯანმრთელობის დაცვისა და განათლების სამინისტროების გადაწყვეტილებით, 50-ე საშუალო სკოლაში სწავლის პროცესი მაინც შეწყდება. სკოლის დერექტორის ნინო გოგსაძის თქმით, იძულებითი არდადეგების ხანგრძლივობა ლაბორატორიიდან მიღებულ დასკვნაზე იქნება დამოკიდებული:

[ნინო გოგსაძის ხმა] „ვიდრე საბოლოო პასუხი არ იქნება, ვიდრე არ მივიღებთ ლაბორატორიიდან დასკვნას, მოსალოდნელია, რომ ორშაბათიდან რამდენიმე დღით შეწყდეს მეცადინეობა სკოლაში, რათა ყველანაირი რისკ-ფაქტორი გამოვრიცხოთ და დავიცვათ ბავშვების ჯანმრთელობა.“
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG