Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფრინველის გრიპმა აზერბაიჯანში 3 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა


სამხრეთ კავკასიაში პირველი მსხვერპლი მოჰყვა ფრინველის გრიპს: აზერბაიჯანში, ბაქოს სამხრეთით მდებარე რეგიონში სამი ადამიანი გარდაიცვალა.

ეს ის ადგილია - კასპიის ზღვის ნაპირზე მდებარე სალიანის რეგიონი - სადაც გასულ თვეში გარეულ ფრინველებში აღმოაჩინეს ფრინველის გრიპის ვირუსი. და აი, დასტურდება, რომ ვირუსმა უკვე ადამიანების სიცოცხლე იმსხვერპლა.

ცნობა ფრინველის გრიპის ვირუსით აზერბაიჯანში ადამიანების სიკვდილის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს პრეს-მდივანმა სამაია მამედოვამ გაავრცელა: [მამედოვას ხმა] “ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ჩატარებული შემოწმების საფუძველზე, აზერბაიჯანის ჯანდაცვის სამინისტრო ადასტურებს ფრინველის გრიპის დიაგნოზს სამი ადამიანის შემთხვევაში”.

გამოკვლევა ჩაუტარეს კიდევ ექვს ადამიანს იმავე, სალიანის რაიონში და ფრინველის გრიპის ვირუსი ვერ აღმოუჩნიეს. ახლა მთავრობა ცდილობს, მოსახლეობა დაარწმუნოს, რომ პანიკა გაუმართლებელია. სხვა საქმეა, რამდენად ენდობა მოსახლეობა მთავრობის სიტყვას - მიუხედავად იმისა, რომ ცნობა ფრინველის გრიპის ვირუსით სამი ადამიანის გარდაცვალების შესახებ ჯანდაცვის სამინისტრომ ამ ინფორმაციის მოპოვებიდან, როგორც ჩანს, მალევე გაავრცელა. მაგრამ მთავრობის საინფორმაციო ოპერატიულობის მიუხედავად, აზერბაიჯანის მოსახლეობა პანიკაში თუ არა, შეშფოთებული ნამდვილად არის: ბევრს არ ჯერა, რომ სიტუაცია იმაზე უარესი არ არის, ვიდრე ოფიციალური წყაროები ირწმუნებიან.

ჯანდაცვის მინისტრ ოქტაი შირალიევის განცხადებით, ორშაბათს ბაქოს მარტო ერთ საავადმყოფოში მიიყვანეს 100-ზე მეტი ადამიანი ფრინველის გრიპის მსგავსი სიმპტომებით: საბედნიეროდ, ეპიდემიოლოგიურმა შემოწმებამ აჩვენა, რომ საქმე არ ეხებოდა H5 N1 შტამს.

პირველი ცნობა აზერბაიჯანში ფრინველის გრიპის აღმოჩენის შესახებ გასულ თვეში გავრცელდა, რის საპასუხოდაც აზერბაიჯანის მთავრობამ მრავალი ზომა მიიღო - მათ შორის იყო სახიფათო ზონაში შინაური ფრინველის გაწყვეტა. მთავრობა აცხადებს ასევე, რომ 39 მლნ დოლარი გამოჰყო საინფორმაციო კამპანიისა და პრევენციული ზომებისათვის, რომ არ დაუშვას მომაკვდინებელი ვირუსის გავრცელება.
XS
SM
MD
LG